
სულიწმიდის გადმოსვლა
ბიბლია, მოციქულთა საქმეების წიგნი, თავი 2:1-41
ტაძრის წინა მოედანზე უამრავი ხალხი ირეოდა. ამ დღეს იუდეველები მოსავლის აღების დღეს აღნიშნავენ, ამიტომ იერუსალიმში მრავალი მომლოცველი იკრიბება სხვადასხვა ქვეყნიდან. დღესასწაული უწევდა პასექიდან ორმოცდამეათე დღეს.
ერთ-ერთი სახლის ფართო ოთახში შეკრებილი იყო ყველა, ვინც იესოსთან მეგობრობდა. ისინი ლოცულობდნენ და ერთმანეთთან საუბრობდნენ. მოულოდნელად ჰაერში გაისმა უცნაური ხმა, როგორც ძლიერი ქარის დროს არის ხოლმე. ხმა სულ უფრო ძლიერდებოდა და მთელი შენობა მოიცვა.
ბოლოს გამოჩნდა ცეცხლის მრავალი ენა, რომლებიც იქ მყოფთა თავებთან დაეშვა. სინამდვილეში ეს ნამდვილი ცეცხლი კი არ გახლდათ, არამედ წმინდა სულის ნიშანი.
განსაკუთრებული ამ მოვლენაში იყო არა ის, რაც თვალნათლივ ჩანდა, არამედ ის, რაც ხალხის გულებში ხდებოდა. იმავე წამს მათ იგრძნეს სიხარული და ხმამაღლა დაიწყეს ღმერთის განდიდება. მაშინვე გაიაზრეს, თუ რა გულუხვად დაასაჩუქრა ისინი ღმერთმა, რამდენი კარგი რამ თქვა და გააკეთა იესომ, და მათ იგრძნეს მისი ყოფნა მათთან, თუმცა კი ვერ ხედავდნენ მას. დიდი აღტყინებით მადლობდნენ მოციქულები ღმერთს _ ეს იყო შეუწყვეტელი ზეიმი, ლოცვა და გალობა.
მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მიხვდნენ ისინი, რომ ღმერთს ადიდებდნენ როგორც მშობლიურ ენაზე, ისე სრულიად უცხო კილო-კავებზე. თანაც, არა მხოლოდ თვითონ, არამედ სხვა ქალაქებიდან და სხვა ქვეყნებიდან მოსულებიც იგებდნენ მოციქულთა ნათქვამს. რომაელებს ესმოდათ ლათინური, ბერძნებს _ ბერძნული, სპარსელებს _ სპარსული, არაბებს _ არაბული, აფრიკელებს _ თავიანთი მშობლიური კილო-კავები...
ზოგიერთს შეეშინდა, რადგან იფიქრეს, რომ სასწაული ხდებოდა. ზოგიერთი კი იცინოდა და ამბობდა:
_ ყველა მათგანი მთვრალია!
თუმცა აი, ერთ-ერთი მოციქული შემაღლებულზე დადგა და ხელის აწევით ანიშნა, რომ საუბარი სურდა. ეს პეტრე იყო.
_ იუდეველო კაცებო და თქვენც, ვინც შორიდან ხართ მოსულნი, ისმინეთ ჩემი სიტყვები! _ წამოიწყო მან ქადაგება. _ ეს ხალხი არ არის მთვრალი, როგორც თქვენ გგონიათ, რადგან ახლა ადრიანი დილაა. დიდი ხნის წინ იწინასწარმეტყველა იოველმა ის, რაც დღეს მოხდა: ჩვენ მივიღეთ წმინდა სული. ბოლო კვირების განმავლობაში აღსრულდა მრავალი რამ, რაც წმინდა წერილში იყო ნაწინასწარმეტყველები. ის კი, რაც დღეს მოხდა, სხვა არაფერია, თუ არა სულიწმიდის გადმოსვლა. ყველა მოვლენა, რომელიც იესო ნაზარეველს შეემთხვა, ასევე იყო ნაწინასწარმეტყველები ძველ წინასწარმეტყველთა მიერ. მან მრავალი სასწაულის მოხდენით დაამტკიცა, რომ იგი ღმერთის ძეა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თქვენ, რომაელების დახმარებით, ჯვარს აცვით იესო, თუმცა ღმერთმა აღადგინა ის მკვდრეთით.
ჩვენ გვწამს ამის, რადგან თავად გავხდით ყველაფრის მოწმენი. ჩვენ ვნახეთ იგი სიკვდილით დასჯის შემდეგ და ვიცით, რომ ის ცოცხალია. ასევე ვიხილეთ მისი ზეცად ამაღლება. და აი, მან მოგვივლინა წმინდა სული. ყველამ იცოდეთ: ღმერთმა ეს იესო ყველაფრის უფლად აქცია!
დამსწრეთა უმრავლესობამ შეამჩნია, რომ ამ ადამიანის ენით თავად ღმერთი საუბრობდა მათთან. მათ ეჭვი არ შეჰპარვიათ, რომ მოციქულის სიტყვები ჭეშმარიტი იყო, და სულის სიღრმემდე შეიძრნენ ამ ქადაგებით.
_ კი მაგრამ, რა გავაკეთოთ? _ ჰკითხეს მათ პეტრეს.
_ მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იმის ნიშნად, რომ ღვთის დახმარებით გსურთ ახალი ცხოვრების დაწყება, – უპასუხა მან, _ მაშინ თქვენც მიიღებთ სულიწმიდის საჩუქარს, რადგან წინასწარმეტყველთა მიერ ნათქვამი თქვენც გეხებათ.
პეტრეს ქადაგებას ათასობით ადამიანი ისმენდა, და იმავე დღეს თითქმის სამი ათასი ადამიანი მოინათლა. ყველა მათგანმა სიხარულით მიიღო იესო ქრისტეს სახარება.
ასე შეიქმნა პირველი ეკლესია ორმოცდამეათე დღეს, სულიწმიდის გადმოსვლისას.
კითხვები:
1) რა ამტკიცებდა იმას, რომ მოციქულებზე სულიწმიდა გადმოვიდა?
2) რაზე საუბრობდა პეტრე თავის ქადაგებაში?
3) რამდენი ადამიანი მოინათლა იმ დღეს? რატომ გააკეთეს მათ ეს?
4) რომელი დღესასწაული მიიჩნევა ეკლესიის დაბადების დღედ?