იესოს ამაღლება

იესოს ამაღლება

ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 24:44-53

რა მშვენიერი დღეები იყო, როცა მკვდრეთით აღმდგარი იესო ხვდებოდა თავის მოწაფეებს და ესაუბრებოდა მათ. მაგრამ ეს დღეები არ გაგრძელდებოდა მუდმივად. იესო უნდა დაბრუნებულიყო ზეცაში, თავის მამასთან.

ზეთისხილის მთა კარგი ადგილი იყო განმარტოებისთვის, ამიტომ სწორედ იქ მიიყვანა იესომ თავისი მეგობრები. მოწაფეები დაღონებულნი იყვნენ, რადგან იცოდნენ, რომ უფალი მალე დატოვებდა მათ. პასექიდან უკვე ორმოცი დღე იყო გასული.

_ ნუ მოიწყენთ, _ თქვა იესომ, _ მიუხედავად იმისა, რომ ზეცაში მივდივარ ჩემს მამასთან, მე მაინც თქვენთან ვარ. მაშინაც კი, როცა მიწის დასალიერამდე მიხვალთ სახარების ქადაგებით, იქაც თქვენთან ვიქნები სულიწმიდის მეშვეობით. მე ხომ ბევრჯერ მაქვს ნათქვამი თქვენთვის, რომ ზეცად ამაღლების შემდეგ მოგივლენთ მამაჩემის აღთქმულ მანუგეშებელს?..

მოწაფეებმა გაკვირვებით შეხედეს მოძღვარს. ის კი აგრძელებდა:

_ იოანე ნათლავდა წყლით. ასე ამოწმებდნენ ადამიანები, რომ ახალი ცხოვრებით სურდათ სიცოცხლის გაგრძელება. ამ წესით მოქმედებს წმინდა სული. ის ახალ ადამიანებად გაქცევთ და ძალას მოგცემთ ქადაგებისთვის. სულიწმიდის საშუალებით მე თვითონ ვიქნები თქვენთან ერთად. იგი ისე გააკეთებს, რომ თქვენ შეძლებთ ჩემთან ურთიერთობას და ჩემს სიყვარულს. თქვენ მიიღებთ ძალას ღმერთისგან, და ყველგან და ყველას უამბობთ ჩემ შესახებ. თავიდან აქ, იერუსალიმში, შემდგომ მთელ ისრაელში და ბოლოს მთელ დედამიწაზე.

შემდეგ მან ცისკენ ასწია ხელები, აკურთხა მოწაფეები და მოულოდნელად, მიწიდან დაიწყო ამაღლება! ის სულ უფრო და უფრო მაღლა ადიოდა, სანამ ღრუბელმა არ დაფარა იგი მოწაფეთა თვალთაგან. ამგვარი განშორება გარკვეულ მოულოდნელობად იქცა მათთვის. ვინ იფიქრებდა, რომ იესო ამ გზით დაბრუნდებოდა მამასთან _ ცაში ამაღლდებოდა ყველას თვალწინ! ახლა ის მამასთან არის, სხვა, უხილავ სამყაროში.

ისინი ჯერ კიდევ იდგნენ იქ და გაოგნებულნი იყურებოდნენ ცაში. რაღა უნდა გაეკეთებინათ ახლა?

ამ დროს მოწაფეების წინაშე გაჩნდა ორი მამაკაცი ბრწყინვალე ტანსაცმლით მოსილი. ესენი ანგელოზები იყვნენ. მათ თქვეს, რომ იესო ისევ დაბრუნდება დედამიწაზე, მაგრამ არა ჩვილი ბავშვის სახით, არამედ ძლიერებითა და დიდებით. იესო მეორედ მოვა, როგორც მსაჯული, როგორც ყოვლისშემძლე მეფე. მანამდე კი ის იცოცხლებს მორწმუნეთა გულებში და იმეფებს ზეცაში.

მოწაფეები, რომლებმაც გაიხსენეს იესოს ბოლო სიტყვები, გახარებულნი დაბრუნდნენ იერუსალიმში.

კითხვები განსახილველად

3 კითხვა
  1. როგორ დაემშვიდობა იესო თავის მოწაფეებს? რა უთხრა მან?

  2. როგორ დაშორდა მათ უფალი?

  3. რა უთხრეს მოწაფეებს ანგელოზებმა?

92. იესოს ამაღლება00:00 / 04:08