
ქრისტესთვის პირველი წამებული
ბიბლია, მოციქულთა საქმეების წიგნი, თავები: მე-6, მე-7
იერუსალიმის ეკლესია იზრდებოდა. მასში უკვე მრავალი ადამიანი იყო გაერთიანებული. მოციქულებს ხშირად უწევდათ გაჭირვებულებზე ზრუნვა, რასაც დიდი დრო მიჰქონდა. ამიტომ ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ უნდა აერჩიათ სპეციალური ადამიანები – დიაკვნები, რომლებიც სამეურნეო საკითხებზე იზრუნებდნენ. დიაკვნები არა მხოლოდ გაჭირვებულებს ეხმარებოდნენ, არამედ ქადაგებდნენ კიდეც.
ერთ-ერთი მათგანი იყო სტეფანე. სულიწმიდის ძალით აღვსილს უამრავი ადამიანი მიჰყავდა მონანიებისკენ და სასწაულებსაც ახდენდა იესო ქრისტეს სახელით, რაც შურსა და სიძულვილს იწვევდა მრავალ იუდეველში.
საქმე იქამდე მივიდა, რომ სტეფანეს პასუხების გაცემა მოუწია სინედრიონისთვის, ანუ იმ დროის იუდეველთა უმაღლესი რელიგიური სასამართლოსთვის.
მისი საუბარი ქადაგებას უფრო ჰგავდა. თავიდან დამსწრეები საგანგაშოს ვერაფერს ხედავდნენ სტეფანეს სიტყვებში, რადგან ის უბრალოდ ღმერთის და მისი ხალხის ურთიერთობაზე ლაპარაკობდა. თუმცა მალე სტეფანემ დაიწყო მათი მხილება:
_ თქვენ გაჯიუტებულნი ხართ და ყურს იყრუებთ ღვთის სიტყვის მიმართ. თქვენ არ მიიღეთ იესო ისევე, როგორც თქვენი წინაპრები არ იღებდნენ იმდროინდელ წინასწარმეტყველებს.
შემდეგ სტეფანემ ზეცას ახედა და თქვა:
_ ღმერთმა ამიხილა თვალები და ახლა შემიძლია დავინახო ზეცაში ღმერთი და მის გვერდით მდგომი იესო.
ასეთი განაცხადის შემდეგ სინედრიონის წევრებმა ვეღარ შეიკავეს რისხვა. ისინი წამოხტნენ, დაეძგერნენ სტეფანეს და მუჯლუგუნების კვრით გაათრიეს ქალაქის გარეთ. ადგილზე მისვლისას ისინი გარს შემოერტყნენ მას და ქვები დაუშინეს, რომ მოეკლათ. უკვე მძიმედ დაჭრილი სტეფანე ლოცულობდა და ამბობდა:
_ უფალო იესო! მიიბარე ჩემი სული.
იმდენად ძლიერად ესროდნენ ქვებს, რომ იგი მუხლებზე დაეცა. მაშინ მან ხმამაღლა წამოიძახა:
_ უფალო! ნუ დასჯი ამ ხალხს მათ მიერ ჩადენილი ცოდვის გამო!
ზუსტად ასე ლოცულობდა იესო ჯვარზე.
სტეფანემ მოასწრო თავისი მტრებისთვის ლოცვა, როგორც ეს ჯვარცმულმა ქრისტემ გააკეთა, და ბოლოს მოკვდა იგი.
სტეფანე გახდა იესოს მიმდევართაგან პირველი, რომელმაც სიცოცხლე დათმო მხსნელის, იესო ქრისტეს, რწმენის გამო.
კითხვები განსახილველად
4 კითხვარომელი მნიშვნელოვანი მსახურებისთვის არ ჰყოფნიდათ დრო მოციქულებს?
როგორ გადაჭრეს ეს პრობლემა მოციქულებმა?
ვინ იყო სტეფანე? რით გამოიწვია მან იუდეველთა ასეთი რისხვა?
რაზე ლოცულობდა სტეფანე, როცა ქვებით ქოლავდნენ მას?