
რწმენით ნათლობა
ბიბლია, მოციქულთა საქმეების წიგნი, თავი 8:26-39
მდიდრული ეტლი ნელა მიიკვლევდა გზას უდაბნოში. საჩრდილობლის ქვეშ მდიდრულად ჩაცმული, აფრიკული გარეგნობის კაცი იჯდა, რომელიც გრაგნილს კითხულობდა და თითქოს არაფერს აქცევდა ყურადღებას გარშემო.
თავის სამშობლოში, ეთიოპიაში, მას იცნობდნენ, როგორც მდიდარ და გავლენიან დიდებულს, რომელიც ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მიუხედავად ამისა, ის სულაც არ მიიჩნევდა თავს ბედნიერ კაცად. იგი ვერაფრით პოულობდა პასუხებს ისეთ კითხვებზე, როგორებიცაა: რისთვის ვცოცხლობ? რა დამემართება სიკვდილის შემდეგ? ვინ მომიტევებს ცოდვებს? ვინ შემიყვარებს ისეთს, როგორიც ვარ?
ფინანსთა მინისტრს სმენია, რომ უძველეს დროს ღმერთმა აირჩია ისრაელიანი ხალხი, რათა მასთან იყოს და სწორად ცხოვრება ასწავლოს. ამიტომ მას უნდოდა მოენახულებინა იერუსალიმი, ელოცა ტაძარში და მიეღო პასუხები ყველა თავის კითხვაზე. მაგრამ იმის გამო, რომ არ იყო ებრაელი, იგი არ შეუშვეს ტაძრის შიგნით. კითხვების ნაწილი მისთვის ისევ პასუხგაუცემელი დარჩა.
და მაინც, იმისთვის, რომ მისი მოგზაურობა არ დარჩენილიყო უშედეგო, მან შეიძინა ძვირფასი გრაგნილი. მასში ჩაწერილი იყო წინასწარმეტყველ ესაიას ყველა გამონათქვამი, რომელიც მან მრავალი წლის წინ წარმოთქვა.
დიდებული უკვე შინ ბრუნდებოდა და ეტლში მჯდომი კითხულობდა ვიღაც კაცზე, რომელიც, წინასწარმეტყველის თანახმად, თავისი ნებით მიიღებს მტანჯველ სიკვდილს და რომელსაც მრავალი ადამიანი დაემორჩილება. `რას უნდა ნიშნავდეს ეს?~ _ თავის თავს ეკითხებოდა მინისტრი. ამ დროს მას ვიღაცამ ჰკითხა:
_ ხვდები, რასაც კითხულობ?
ეს ფილიპე იყო. ღმერთმა უთხრა მოციქულს, რომ გასულიყო უდაბნოში გამავალ გზაზე. და აი, ფილიპემ გაიგონა, როგორ კითხულობდა შავკანიანი წარჩინებული კაცი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს.
_ საერთოდ ვერაფერი გავიგე, _ უპასუხა ეთიოპელმა. _ მაგრამ თუ შენ იცი, ერთად ვიმგზავროთ და ამიხსენი ყველაფერი.
ფილიპე ავიდა ეტლში და დიდებული კაცის გვერდით დაჯდა.
_ ვისზე ლაპარაკობს აქ წინასწარმეტყველი? _ იკითხა ეთიოპიელმა.
_ იესოზე, – უპასუხა ფილიპემ.
_ იესო? ეს ვინ არის?
მაშინ ფილიპემ დაიწყო თხრობა იესოს შესახებ: როგორ კურნავდა იგი ავადმყოფებს, როგორ ახდენდა სასწაულებს, რამდენ ადამიანს დაეხმარა, და ასევე, როგორ სძულდათ იგი ფარისევლებს და მწიგნობრებს, და საბოლოოდ როგორ მოკლეს ის რომაელთა დახმარებით.
_ საწყენია, _ ხმამაღლა გაიფიქრა დიდებულმა, _ სიამოვნებით გავიცნობდი მას.
_ ამის გაკეთება ახლავე შეგიძლია! _ თქვა ფილიპემ. _ იმიტომ, რომ ის მკვდრეთით აღდგა!
და მოციქული მოუყვა ეთიოპიელს ყველაფერს, რისი მოწმეებიც იყვნენ მოწაფეები: იესოს აღდგომაზე, მის ცად ამაღლებაზე და წმინდა სულზე. ამავე დროს მან უთხრა, რომ იესოს მოწაფეები მოინათლნენ იმის დასტურად, რომ იესოს ეკუთვნიან.
_ მეც მინდა მონათვლა! _ გულმხურვალედ წამოიძახა ფინანსთა მინისტრმა.
ფილიპემ უთხრა:
_ თუ მართლა გწამს იესოსი, მაშინ მე სიამოვნებით მოგნათლავ.
ეთიოპიელმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად:
_ მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა!
მაშინ, როდესაც ეტლმა ოაზისს ჩაუარა, სადაც წყალი იყო, ისინი გადავიდნენ და ფილიპემ მონათლა იგი.
დიდებულის გული სიხარულით იყო აღვსილი. და როდესაც მას მადლობის გადახდა მოუნდა ფილიპესთვის, ის უკვე გამქრალიყო. მაგრამ მაინც, ეთიოპიელმა უკვე იცოდა, რომ იესო ყოველთვის მასთან იქნებოდა და გახარებულმა გააგრძელა გზა.
კითხვები განსახილველად
5 კითხვარატომ აღმოჩნდა ფილიპე უდაბნოს გზაზე?
რა მიზნით იყო ჩასული ცნობილი დიდგვაროვანი იერუსალიმში?
ბიბლიის რომელ წიგნს კითხულობდა იგი? რა ჰკითხა მან ფილიპეს?
რა დაამოწმა ეთიოპიელმა ნათლობის წინ?
რატომ გააგრძელა მან გზა გახარებულმა?