ახალგაზრდა ჭაბუკი სამუელი

ახალგაზრდა ჭაბუკი სამუელი

ბიბლია, მეფეთა 1-ელი წიგნი, თავი მე-3

ისრაელიანები უკვე დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ აღთქმულ მიწაზე. მათ აიშენეს სახლები, დახნეს მინდვრები, გააშენეს ვენახები და მუდმივად იცავდნენ თავიანთ მიწას მტრებისგან.

წმინდა კარავი, სადაც ისინი მგზავრობის დროს ინახავდნენ აღთქმის კიდობანს ქვის ფილებით, რომლებზეც ათი მცნება იყო ამოკვეთილი, ახლა შემაღლებულ ადგილზე იდგა. როდესაც ხალხს უნდოდა, ელოცა ღვთის წინაშე ან მსხვერპლი შეეწირა მისთვის, იქ მიდიოდა.

მღვდელი ელი იჯდა კარვის კართან და აკვირდებოდა ადამიანებს, რომლებიც იქ ადიოდნენ. იგი საკმაოდ დაბერებული იყო და ვეღარ ასრულებდა მღვდლის მოვალეობას. ახლა ამას მისი შვილები აკეთებდნენ. სამწუხაროდ, ისინი არ იყვნენ ღვთის მორჩილნი და ბევრ ცუდ საქმეს სჩადიოდნენ. ელიმ იცოდა ამის შესახებ და სიმწრით ეუბნებოდა მათ, რომ ისინი არასწორად იქცეოდნენ, მაგრამ შვილები არ აქცევდნენ ყურადღებას მამის სიტყვებს.

ერთხელ ელისთან მივიდა ქალი, რომელსაც ხელით მოჰყავდა პატარა ბიჭი.

_ გამარჯობა! მე ხანა მქვია. შენ ხომ გახსოვარ? აქ, კარავთან, რამდენიმე წლის წინ ვლოცულობდი და ვთხოვდი ღმერთს ვაჟს. როდესაც თითქმის სულ დავკარგე იმედი, ვტიროდი და საყვედურებს ვამბობდი, გახსოვს? ახლა კი ბედნიერი ვარ. აი, ჩემი შვილი, _ ქალმა სიყვარულით გადახედა ბიჭს. _ შენ თვითონ მითხარი მაშინ, რომ ღმერთი შეისმენდა ჩემს ვედრებას. მას სამუელი დავარქვი და ის შენთან უნდა დარჩეს. იგი დაგეხმარება ღვთისმსახურებაში. აღთქმა დავდე, რომ მას ღმერთს შევწირავდი.

_ ღმერთმა დაგლოცოს, სამუელ, _ თქვა ელიმ. – წავიდეთ, გაჩვენებ ადგილს, სადაც შენ იცხოვრებ.

სამუელს მოსწონდა ელის დახმარება. ერთ საღამოს დაღლილი სამუელი დაწვა აღთქმის კიდობნის გვერდით და ჩაეძინა. უცებ მას გაეღვიძა, რადგან ვიღაც სახელით ეძახდა.

_ რა მოხდა? _ წამოიძახა მან.

არავინ უპასუხა მას, მაშინ ის ელისთან გაიქცა.

_ შენ მეძახდი? – იკითხა მან.

_ არა, _ უპასუხა ელიმ. _ წადი, ისევ დაიძინე.

`უცნაურია~, – გაიფიქრა სამუელმა, უკან გაბრუნდა და დაიძინა.

_ სამუელ! _ კვლავ გაიგონა ბიჭმა და შიშისგან შეხტა.

ის ისევ გაიქცა ელისთან.

_ ახლა ხომ მართლა მეძახდი?

_ არა, ჩემო ბიჭო, მე არ გეძახდი, _ თავი გაიქნია ელიმ. _ წადი, დაიძინე!

სამუელმა ისევ დაიძინა, თუმცა მან კვლავ გაიგონა ხმამაღლა დაძახილი. `შეუძლებელია, რომ კიდევ შევცდე~, _ გაიფიქრა სამუელმა და ელისთან გაიქცა.

_ აქ ვარ, ელი! რამე ხომ არ მოგიტანო?

მღვდელი მიხვდა, რომ სამუელს ღმერთი ეძახდა.

_ უკან დაბრუნდი და დასაძინებლად დაწექი. როცა ღმერთი ისევ დაგიძახებს სახელით, ასე უპასუხე: `ბრძანე, უფალო, გისმენს შენი მსახური!~

სამუელი ჩუმად დაწვა თავის ლოგინში და ლოდინი დაიწყო. უცებ მან კვლავ გაიგონა ხმა:

_ სამუელ, სამუელ!

_ ბრძანე, ღმერთო, რადგან გისმენს შენი მსახური! _ აკანკალებული ხმით ჩუმად უპასუხა სამუელმა.

და ღმერთმა უთხრა:

მე სასჯელს მოვუვლენ ელის სახლს. დავსჯი მას იმის გამო, რომ მან არ შეაჩერა თავისი შვილები, თუმცა იცოდა, რომ თავიანთი საქციელით შეურაცხყოფას მაყენებდნენ მე. ისინი ერთ დღეს დაიხოცებიან.

ღმერთის ასეთი საშინელი გზავნილის გამგონე სამუელმა დილამდე ვეღარ მოხუჭა თვალი. როდესაც გათენდა, სამუელმა შეაღო წმინდა კარვის შესასვლელი.

_ რა გითხრა გასულ ღამეს ღმერთმა? _ იკითხა ელიმ.

სამუელმა დააყოვნა პასუხის გაცემა, რადგან არ უნდოდა ასეთი საშინელი წინასწარმეტყველების წარმოთქმა, მაგრამ შემდეგ გამბედაობა მოიკრიბა და მოუყვა ელის ყველაფერს, რაც უფალმა თქვა. მღვდელმა ცოტა ხანს იფიქრა, შემდეგ თავი დააქნია და სინანულით უთხრა:

_ თუ ეს ღმერთმა გითხრა, ასეც იქნება ყველაფერი. ის უფალია!

რამდენიმე წელიწადში ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც სამუელს ეუწყა.

გადიოდა წლები, სამუელი იზრდებოდა, და უფალი იყო მასთან. მთელმა ისრაელმა გაიგო, რომ ღვთისგან წინასწარმეტყველების ნიჭით იყო დაჯილდოებული სამუელი. ღმერთი უცხადებდა მას მნიშვნელოვან ჭეშმარიტებებს, რომლებსაც შემდეგ ისრაელის ხალხს უყვებოდა.

(სივრცე ილუსტრაციისთვის, გვ. 133)

კითხვები განსახილველად

3 კითხვა
  1. რატომ იყო ღმერთი უკმაყოფილო ელით?

  2. რამდენჯერ მიმართა ღმერთმა სამუელს ტაძარში?

  3. რა უთხრა ღმერთმა სამუელს?

31. ახალგაზრდა ჭაბუკი სამუელი00:00 / 05:31