რწმენის გამარჯვება

რწმენის გამარჯვება

ბიბლია, მეფეთა 1-ელი წიგნი, თავი მე-17

სამუელის სტუმრობის შემდეგ, დავითი კვლავ აგრძელებდა ცხვრის მწყემსვას. ხშირად, ცხვრების საძოვარზე გარეკვის დროს, მას თან მიჰქონდა ქნარი. როდესაც ცხვარი მშვიდად ძოვდა ბალახს, დავითი ქნარზე უკრავდა და ახალ სიმღერებს ქმნიდა. თუმცა ზოგჯერ მწყემსს დიდი ჯაფა დაადგებოდა ხოლმე. ერთხელ მას დათვისგან მოუწია ცხვრის დაცვა.

_ ღმერთი ისევე მექცევა, როგორც მე ვექცევი ჩემს ცხვრებს, _ ფიქრობდა დავითი, როცა ძლივს გადაარჩინა ბატკანი. _ ის თვალყურს მადევნებს, ზრუნავს ჩემზე და მიცავს, როცა საფრთხე მელის.

დავითმა აიღო თავისი ქნარი, ცოტა დაფიქრდა, ჩამოუსვა თითები სიმებს და ამღერდა:

_ ღმერთი ჩემი მწყემსია; არანაირი საზრუნავი არ მექნება; ის მომასვენებს ნაყოფიერ მინდვრებზე და წამიყვანს წყნარი წყლებისკენ. აძლიერებს ჩემს სულს და მიმიძღვის სიმართლის გზაზე თავისი სახელისათვის. თუკი სიკვდილის აჩრდილთა ველზე გავივლი, არ შემეშინდება ბოროტების, რადგან შენ ხარ ჩემთან; შენი კვერთხი მამშვიდებს მე.

მეფე საული მრისხანების მოულოდნელი შემოტევებისგან იტანჯებოდა, მაგრამ შემდეგ ის ნანობდა თავის საქციელს და ძალიან წუხდა ამის გამო. ერთხელ ის ისევ განრისხდა და შიშის ზარი დასცა ყველას, ვინც იმ დროს სასახლეში იმყოფებოდა. საულის ერთ-ერთმა მსახურმა ურჩია მას, თავისთან მოეხმო დავითი, რომელიც კარგად უკრავდა ქნარზე. მის მიერ დაკრულ მელოდიას უნდა დაემშვიდებინა მეფე. ასე აღმოჩნდა დავითი სამეფო სასახლეში. საულმა არ იცოდა, რომ მის წინ იჯდა ადამიანი, რომელსაც სამუელმა ზეთი სცხო მომავალ მეფედ. მალევე საულმა გულით შეიყვარა დავითი, რომლის მუსიკალური ხელოვნება მართლაც უმშვიდებდა სულს.

მაშინ, როდესაც მეფე საული წავიდა ფილისტიმელებთან საომრად, დავითმა შეძლო სახლში დაბრუნება. რა უნდა გაეკეთებინა ომში ქნარზე დამკვრელ ახალგაზრდა ყმაწვილს? დავითი კვლავ მამის ცხვარს მწყემსავდა, მისი ძმები კი საულს გაჰყვნენ ომში.

ერთხელ მამამ დაუძახა დავითს და უთხრა:

_ გაიქეცი იქით, სადაც ჩვენი ჯარია დაბანაკებული, წაუღე საჭმელი შენს ძმებს.

ძალიან მალე მიაღწია დავითმა ჯარის განლაგების ადგილამდე. მიუტანა საჭმელი ძმებს და ჩამოჯდა მათთან ერთად, რათა მოესმინა, რას ჰყვებოდნენ მეომრები. უცებ ყველა გაჩუმდა და მინდვრისკენ დაიწყო ცქერა. ერთი ფილისტიმელი მეომარი უახლოვდებოდა ისრაელის ჯარს. უნდა გენახათ, როგორი იყო ის მეომარი! დაკუნთული, ძლიერი, დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლის! მას ერქვა გოლიათი. მძიმე ჯავშნით იყო აღჭურვილი, ხოლო ხელში უზარმაზარი შუბი ეჭირა.

_ ჩემი წინადადება კვლავ ძალაშია! _ დაიძახა მან. _ გამოაგზავნეთ მეომარი და პირისპირ შევებრძოლები მას. თუ მან დამამარცხა, თავს დამარცხებულად მივიჩნევთ ყველანი; თუ მე დავამარცხებ მას, მაშინ თქვენ ყველანი იქნებით დამარცხებულნი. რაო, შეგეშინდათ, ლაჩრებო?!

_ მან რა, უკვე გამოიძახა ვინმე საბრძოლველად? _ იკითხა დავითმა.

_ კი, და, რა თქმა უნდა, სულ ტყუილად. ამ ვეებერთელა ადამიანთან ბრძოლა პირდაპირ სიკვდილზე წასვლას ნიშნავს!

_ კი მაგრამ, ღმერთი ხომ ჩვენს მხარეზეა? _ გაიკვირვა დავითმა.

ყველას გაეცინა.

_ რა საერთო აქვს ამას ღმერთთან? საქმე ეხება ძალას, მოხერხებულობას და კარგ შეიარაღებას. მეფე საულმა პირობაც კი დადო, რომ ცოლად გაატანს თავის ქალიშვილს მას, ვინც გოლიათს დაამარცხებს. ვერავინ გაბედა გამოწვევის მიღება.

საულს მოახსენეს, რომ ბანაკში დავითი იყო მისული. მან თავისთან იხმო იგი.

_ ნება მომეცი, შევებრძოლო ფილისტიმელს, _ ითხოვა დავითმა.

_ აზრადაც არ გაივლო! _ უპასუხა მეფემ. _ შენ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხარ, გოლიათი კი ძლიერი და გამოცდილი მეომარია.

_ კი მაგრამ, მე დათვსაც და ლომსაც შევბრძოლებივარ, როცა მათ ჩემი ფარიდან ცხვრის წართმევა უნდოდათ. თუ მაშინ მეხმარებოდა ღმერთი, ის ფილისტიმელის წინააღმდეგ ბრძოლაშიც დამეხმარება. _ დაბეჯითებით თქვა დავითმა.

_ შენმა რწმენამ აღმაფრთოვანა, _ უთხრა საულმა. _ შენ გარდა არავის უნდა გამოწვევის მიღება. ჩაიცვი ჩემი აღჭურვილობა, აიღე იარაღი და ღმერთის კურთხევით წადი საბრძოლველად.

დავითმა სცადა მეფის აღჭურვილობის მორგება, მაგრამ ის ძალიან მძიმე აღმოჩნდა მისთვის. მაშინ მან გაიძრო ეს აბჯარი, მოიმარჯვა თავისი შურდული, მოძებნა ხუთი ცალი გლუვი ქვა, დაიჭირა თავისი მწყემსის ჯოხი და წავიდა გოლიათის წინააღმდეგ საბრძოლველად.

_ ჰა, ჰა, ჰა! _ გადაიხარხარა ფილისტიმელმა. _ შენ აპირებ ჩემთან შებრძოლებას?! _ თქვა მან, როცა მისკენ მომავალი დავითი დაინახა.

_ შენ ჩემ წინააღმდეგ მახვილითა და შუბით გამოდიხარ, მე კი შენ წინააღმდეგ ისრაელის ჯარის ღმერთის სახელით გამოვდივარ! _ შესძახა დავითმა.

მან ჩადო ქვა შურდულში, დაატრიალა იგი და ესროლა ფილისტიმელს. ქვა თავში მოხვდა მას იმ ადგილას, რომელსაც მუზარადი ვერ იცავდა. გოლიათი მიწაზე დაენარცხა. დავითმა მიირბინა მასთან, აიღო მისი მახვილი და მოკლა ფილისტიმელი. დავითის გამარჯვებით გამხნევებული ისრაელიანი მეომრები ეკვეთნენ ფილისტიმელებს და განდევნეს ისინი თავიანთი ქვეყნიდან.

კითხვები:

1) რა შეიარაღება მისცა საულმა დავითს?

2) როგორ დასცინოდა გოლიათი დავითს?

3) როგორ დაამარცხა დავითმა გოლიათი?

34. რწმენის გამარჯვება00:00 / 06:41