მზე და მთვარე გაჩერდნენ

მზე და მთვარე გაჩერდნენ

ბიბლია, იესო ნავეს ძის წიგნი, თავი მე-10

მაშინ, როდესაც ქანაანელმა მეფეებმა გაიგეს, რა მოხდა იერიქონში, გაერთიანდნენ, რათა შეჰბრძოლებოდნენ იესო ნავეს ძეს და ისრაელიანებს. ქალაქ გაბაონის მცხოვრებლებმა კი კავშირი დაამყარეს ისრაელიანებთან. როდესაც ამის შესახებ შეიტყო, ხუთმა ქანაანელმა მეფემ ალყა შემოარტყა ქალაქ გაბაონს.

ქალაქის მცხოვრებლებმა დახმარება სთხოვეს იესო ნავეს ძეს, და ის დიდი ჯარით გაემართა თავისი მოკავშირეების მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად. ძალიან მალე გაერთიანებული ხუთი მეფე გაიქცა.

ღმერთი იბრძოდა ისრაელიანთა მხარდამხარ: მტრის არმიას ციდან ქვების სეტყვა დაატყდა თავს. და როცა სიბნელე მოახლოვდა, მტერი კი ჯერ არ იყო მთლიანად განადგურებული, იესო ნავეს ძემ ხელები აღაპყრო და შესძახა:

_ მზეო, დადექ გაბაონის თავზე, შენ კი, მთვარეო _ აიალონის ველის ზემოთ!

და შეისმინა უფალმა იესოს თხოვნა. დღე მანამდე გაგრძელდა, ვიდრე მტრის არმია მთლიანად არ განადგურდა. ასეთი მოვლენა აღარასოდეს განმეორებულა. ამ ლაშქრობის დროს იესომ და ისრაელიანებმა კიდევ რამდენიმე ქალაქი დაიპყრეს, რადგან ღმერთი ეხმარებოდა თავის ხალხს.

კითხვები განსახილველად

3 კითხვა
  1. რომელი ქალაქის მცხოვრებლებმა დადეს კავშირი ისრაელიანებთან?

  2. ვინ გადაარჩინა გაბაონის მოქალაქეები?

  3. რა გააკეთა იესო ნავეს ძემ, როცა მოსაღამოვდა?

30. მზე და მთვარე გაჩერდნენ00:00 / 02:19