
ახალგაზრდა მწყემსი
ბიბლია, მეფეთა 1-ელი წიგნი, თავი მე-16
ბეთლემი იმ დროს ერთი პატარა სოფელი იყო, რომელშიც თითქმის არცერთი მოგზაური არ შედიოდა. მაგრამ სწორედ აქ გაგზავნა ღმერთმა სამუელი ერთი ოჯახის სანახავად, რომლის ერთ-ერთი ვაჟი უნდა გამხდარიყო ისრაელის მეფე. იესესთვის, ოჯახის მამისთვის, დიდი პატივი იყო თავად წინასწარმეტყველ სამუელის სტუმრობა. მან შეიპატიჟა იგი სასადილოდ. სუფრა გაშლილი იყო და იესემ დაიწყო თავისი ვაჟების წარდგენა სტუმრისთვის.
_ ეს ჩემი უფროსი ვაჟია, _ ამაყად თქვა იესემ.
`ის ახლავე გამოიყურება მეფესავით, _ ფიქრობდა სამუელი. _ ისეთივე მაღალი და წარმოსადეგია, როგორიც საული იყო, როცა მეფედ ვაკურთხე იგი~. მაგრამ ამ დროს სამუელს შემოესმა ღმერთის ხმა:
_ ნუ უყურებ მის გარეგნობას და სიმაღლეს! ადამიანი უმზერს გარეგნობას, ღმერთი კი გულში იხედება. ის არ უნდა გახდეს მეფე.
ასე წარუდგინა იესემ თავისი შვიდი ვაჟი, მაგრამ ყოველ ჯერზე ღმერთი ამბობდა: `არა, ეს ის არ არის!~
_ ახლა კი წავიდეთ, ვისადილოთ, _ თქვა იესემ და მაგიდისკენ გაუძღვა.
_ მოიცადე, შენ ყველა შვილი გამაცანი? – იკითხა სამუელმა.
_ მე კიდევ მყავს ერთი უმცროსი ვაჟი, ის ცხვარს მწყემსავს მინდორში.
_ ისიც შემოვიდეს სახლში! _ თქვა სამუელმა.
მალე ჭაბუკი დავითიც წარუდგა სამუელ წინასწარმეტყველს. ის იყო წითური თმის, ლამაზი თვალების და სასიამოვნო სახის მქონე ყმაწვილი.
და უთხრა ღმერთმა სამუელს:
_ აკურთხე იგი, ის არის!
სამუელმა აიღო რქა, ხელი დაისველა იქ შენახული ზეთით და სცხო ჭაბუკს შუბლზე შემდეგი სიტყვებით:
_ უფლის სახელით გცხებ ამ ზეთს, რათა გახდე ისრაელის მეფე. ღმერთმა გაკურთხოს!
იმავე წამს ღვთის სული გადმოვიდა დავითზე. იესეს და მის შვილებს გაოცებისგან ხმის ამოღებაც არ შეეძლოთ, დავითი კი ბოლომდე ვერ ხვდებოდა, რა შეემთხვა მას იმ დღეს.
კითხვები:
1) რა დაავალა ღმერთმა სამუელს?
2) რამდენი ვაჟი ჰყავდა იესეს?
3) ვის სცხო სამუელმა ზეთი მეფედ კურთხევის ნიშნად?