ლერწმის კალათა

ლერწმის კალათა

ბიბლია, გამოსვლის წიგნი, თავები: 1-ელი, მე-2

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც იაკობი და მისი შვილები გადასახლდნენ იოსებთან ეგვიპტეში. ისინი უკვე ერთი ოჯახი კი არა, არამედ მთელი ერი იყვნენ, ისრაელის ერი. ეგვიპტელებს უკვე დავიწყებოდათ იოსებიც და მის მიერ გაწეული დახმარებაც. ფარაონები ერთმანეთს ცვლიდნენ და ახლა უკვე ეჩვენებოდათ, რომ ეს ჩამოსახლებული ხალხი საფრთხეს უქმნიდა მათ. ამიტომ ახალმა ფარაონმა მონებად აქცია ისრაელიანები და გაუსაძლისი გახადა მათი ცხოვრება, რადგან დაავალა, ჩალა გაერიათ მოზელილ აგურებში. მან დაუყენა ზედამხედველები, რომლებსაც ქანცი უნდა გაეწყვიტათ მათთვის მძიმე შრომით. თუ ისინი ვერ მოასწრებდნენ დადგენილი რაოდენობის აგურების მომზადებას, ზედამხედველები დაუნდობლად სცემდნენ მათ.

ძალიან ცდილობდნენ ეგვიპტელები ისრაელიანი ხალხის დამცირებას, მაგრამ ისინი სულ უფრო მრავლდებოდნენ და ყოველწლიურად ძლიერდებოდნენ. სწორედ ამიტომ ფარაონმა საშინელი საქმის ჩადენა გადაწყვიტა: ყველა ისრაელიანი ბიჭი დაბადებისთანვე უნდა მოეკლათ.

ერთ ღვთისმოსავ ებრაელ ქალს გაუჩნდა ვაჟი. დედამ იცოდა, რომ მხოლოდ ღმერთს შეეძლო მისი ვაჟის გადარჩენა და განუწყვეტლივ ლოცულობდა. იგი დიდხანს უმალავდა მას ეგვიპტელებს, მაგრამ როცა ბავშვი სამი თვის გახდა, მიხვდა, რომ ვეღარ შეძლებდა მის დამალვას. მირიამი, ბავშვის და, დაეხმარა დედას, ჩვილი ჩაეწვინა მოქსოვილ კალათაში, რომელიც შიგნიდან ფისით იყო დაფარული, რათა წყალი არ შესულიყო შიგნით. შემდეგ მათ წაიღეს კალათა ნილოსის ნაპირზე. იქ ის ლერწმებში დამალეს ნაპირის სიახლოვეს, სადაც კალათას დინება ვერ წაიღებდა და ვერც ნაპირს ვერ გასცდებოდა. მირიამი იქვე დაიმალა და უყურებდა, თუ რა მოხდებოდა. მალე მან მდინარისკენ მიმავალი ქალები დაინახა. სხვებზე წინ მდიდრულად ჩაცმული ახალგაზრდა ქალბატონი მიდიოდა. ეს ფარაონის ქალიშვილი იყო, დანარჩენები კი, ალბათ მისი მსახურები იყვნენ. როგორც ჩანს, მეფის ქალიშვილი აქ აპირებდა ბანაობას. მან გაიხადა და ნელა შევიდა წყალში. გულაჩქარებული უყურებდა მირიამი, როგორ უახლოვდებოდა ფარაონის შვილი იმ ადგილს, სადაც ბავშვიანი კალათა იყო დამალული. ბოლოს მან მიაღწია კალათამდე.

_ ეს რა არის?! _ წამოიძახა ფარაონის შვილმა.

მან უბრძანა თავის მსახურს, ამოეტანა წყლიდან კალათა და თავსახური გადახადა.

_ ეს ისრაელიანი ბავშვი იქნება. ალბათ, ბავშვის დედას მისი დამალვა უნდოდა მამაჩემის მეომრებისგან. _ უთხრა ფარაონის შვილმა თავის მსახურებს.

_ როგორ მოვექცეთ მას? – იკითხეს მსახურებმა.

_ არ მინდა, რომ ეს ბავშვი მოკლან!

უცებ მან დაინახა მირიამი, რომელიც ნელა უახლოვდებოდა მას.

_ აქ საიდან გაჩნდი? _ იკითხა ფარაონის შვილმა.

მირიამმა ენის ბორძიკით თქვა:

_ მე?... აქვე ახლოს ვთამაშობდი... თუ გსურთ, მოგიძებნით ქალს, რომელიც ბავშვის გამოკვებას შეძლებს.

ფარაონის ქალიშვილი დასთანხმდა მას და მირიამი გაიქცა სახლისკენ. როცა ოდნავ სული მოითქვა, ყველაფერი უთხრა დედას.

_ ღმერთმა ისმინა ჩვენი ლოცვა! _ თქვა გახარებულმა დედამ.

შემდეგ ისინი ერთად გაემართნენ მდინარისკენ.

_ წაიყვანე ეს ბავშვი შინ და იზრუნე მასზე, _ ბრძანა ფარაონის ასულმა. _ მე გადაგიხდი ამის სანაცვლოდ. როცა ბავშვი წამოიზრდება, სასახლეში მომიყვანე, მე ვიშვილებ მას.

ბავშვის დედა ისეთი ბედნიერი იყო, რომ ხმის ამოღებაც უჭირდა. ის მხოლოდ თავს უქნევდა. ფარაონის ასულმა აკოცა ბავშვს და თქვა:

_ ნახვამდის, ჩემო შვილო! _ და თავისი ეტლისკენ წავიდა.

დედამ და მირიამმა ასევე აკოცეს ბავშვს და უთხრეს:

_ კეთილი იყოს შენი დაბრუნება სახლში!

რამდენიმე წელი იყო ბავშვი დედის სახლში, სადაც ისწავლა ღმერთის სიყვარული და ლოცვა. როცა იგი წამოიზარდა, მიიყვანეს ფარაონის სასახლეში. ფარაონის ასულმა ბავშვს დაარქვა მოსე და იზრუნა იმაზე, რომ ბევრი რამ ესწავლებინათ მისთვის და გაეზარდათ, როგორც ფარაონის შვილი.

ყოველ შესაძლებლობას იყენებდა მოსე, რომ მოენახულებინა თავისი დედა, მამა, და მირიამი და ძმა აარონი. იგი ძალიან წუხდა იმის გამო, რასაც ისრაელიანთა დასახლებაში გავლისას ხედავდა:

_ ეს უსამართლობაა! ეგვიპტელები ასე კარგად ცხოვრობენ, ჩემი ხალხი კი გაუბედურებულია. ისრაელის ძენი დილიდან საღამომდე მუშაობენ, ხშირად შიმშილობენ და საკუთარი თავის განკარგვაც კი არ შეუძლიათ.

ერთხელ მან დაინახა, როგორ აძალებდნენ ისრაელიანს მძიმე ტვირთის წაღებას, ეგვიპტელი ზედამხედველი კი მათრახით აჩქარებდა მას. ბოლოს ისრაელიანი წაიქცა, ეგვიპტელი კი მათრახით სცემდა მას და ადგომას აძალებდა. ასეთი უსამართლობისა და სისასტიკის უდარდელად ყურება მოსეს აღარ შეეძლო. მან სწრაფად მიმოიხედა, ვინმე ხომ არ უყურებდა, მიეჭრა მჩაგვრელს და მოკლა იგი. მხოლოდ მაშინ გაიაზრა, თუ რა გააკეთა, როცა ძირს უსულოდ დაცემული ზედამხედველი იხილა.

მეორე დღეს მოსემ დაინახა ორი მოკამათე ისრაელიანი. იგი მივიდა და უთხრა მას, ვინც არ იყო მართალი:

_ დაანებე თავი! რატომ სცემ შენს ძმას?

მან უპასუხა:

_ შენ რა გესაქმება? იქნებ გინდა, მეც მომკლა, როგორც ეგვიპტელი მოკალი გუშინ?

მოსე შიშისგან გაფითრდა. `როგორ გახდა ეს ამბავი ცნობილი ასე მალე? _ გაიფიქრა მან. _ თუ ფარაონი გაიგებს, რომ ეგვიპტელი მოვკალი, გამასამართლებს და სიკვდილით დამსჯის. უნდა გავიქცე!~

სასახლეში იგი აღარ დაბრუნებულა. როდესაც ფარაონმა გაიგო მკვლელობის ამბავი, გადაწყვიტა, მართალაც დაესაჯა მოსე და მისი მოძებნა ბრძანა.

შიშითა და მწუხარებით აღვსილი, თავისი თავით უკმაყოფილო მოსე, სულ უფრო შორს მიდიოდა და საბოლოდ, ეგვიპტიდან გასულმა, მიდიამის მიწას მიაღწია.

აქ მხოლოდ ქვიშა და ქვები იყო, ბოლოს, როგორც იქნა, ჭას მიადგა. წყალი დალია თუ არა, ჭას რამდენიმე ახალგაზრდა ქალი მიუახლოვდა, რათა ცხვრები დაერწყულებინათ. მოსე დაეხმარა მათ და ქალიშვილებმა, მადლიერების გამოსახატავად, სადილად მიიწვიეს იგი.

ეს ქალიშვილები ერთი კაცის შვილები იყვნენ, რომელსაც ერქვა ითრო. რადგანაც მას ვაჟები არ ჰყავდა, ნამდვილად გამოადგებოდა ახალგაზრდა ჯანმრთელი მამაკაცი, და რადგან მოსეც უმიზნოდ დაეხეტებოდა, ითრომ თავისთან დარჩენა შესთავაზა მას. ასე აღმოჩნდა მოსე მდიდრული სასახლიდან კარავში, მიდიამის მხარეში.

მალე მოსე დაქორწინდა ითროს უფროს ქალიშვილზე, სახელად ციფორა, და მათ ვაჟი ეყოლათ. მოსე თავისი სიმამრის ცხვარს მწყემსავდა და ნელ-ნელა ეგვიპტეც მიავიწყდა. თავის საკუთარ ერზეც თითქმის აღარ ფიქრობდა. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ისრაელის მოდგმა. იგი ხედავდა მათს მძიმე ყოფას, ესმოდა მათი განწირული ლოცვა და გადაწყვიტა, დახმარებოდა ისრაელიანებს. სწორედ ამისთვის მოუწოდა მან მოსეს.

კითხვები განსახილველად

4 კითხვა
  1. რატომ ტანჯავდა ფარაონი ისრაელიანებს მძიმე შრომით?

  2. რა მოიფიქრა ფარაონმა ისრაელის მოდგმის გასანადგურებლად?

  3. როგორ მოექცა დედა თავის ჩვილ ვაჟს?

  4. რისი სწავლება მოასწრო მოსეს დედამ მისთვის, სანამ იგი მათს სახლში იზრდებოდა?

18. ლერწმის კალათა00:00 / 08:04