
ალმოდებული მაყვლის ბუჩქი
ბიბლია, გამოსვლის წიგნი, თავები: მე-3–მე-12
ერთხელ მოსე ცხვარს მწყემსავდა სინაის მთის სიახლოვეს. უცებ მან უცნაური რამ დაინახა: ცეცხლოვანი მაყვლის ბუჩქი. `ბუჩქს უკიდია ძლიერი ცეცხლი, მაგრამ არ იწვება!~ _ გაუკვირდა მოსეს და ახლოს მივიდა. უცებ მას მოესმა ვიღაცის ხმა:
_ მოსე! მოსე! მე ვარ ღმერთი, რომელიც ელაპარაკებოდა აბრაამს, ისაკსა და იაკობს. დავინახე ისრაელიანთა ტანჯვა ეგვიპტეში და გავიგონე მათი მუდარა. ამიტომ გადავწყვიტე, გავათავისუფლო ისინი ეგვიპტელთა მონობისგან და წავიყვანო ქანაანის მიწისკენ, სადაც მოედინება რძე და თაფლი. მაშ, წადი: მე გგზავნი ფარაონთან, რათა შენ გამოიყვანო ჩემი ხალხი ეგვიპტიდან. ნუ შეშინდები, მე ვიქნები შენთან.
_ მე? მაგრამ თუ მე მივალ ხალხთან და ვეტყვი, რომ თქვენი მამების ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან-მეთქი, მაშინ ისინი მკითხავენ, რა ჰქვია ღმერთს?
_ მე ვარ ის, რომელიც არსებობს, _ გაისმა ხმა ბუჩქიდან, _ მე ვარ აბრაამის, ისაკისა და იაკობის ერთადერთი ღმერთი!
_ მე არ ვარ მჭევრმეტყველი კაცი, მძიმედ ვსაუბრობ და ენასაც ვუკიდებ, _ განაგრძობდა მოსე. _ მე არც ისრაელიანები არ მომისმენენ და მით უმეტეს, არც ფარაონი.
_ განა მე არ შევქმენი ადამიანები და ვასწავლე მათ ლაპარაკი? _ თქვა ღმერთმა. _ ჩემთვის არ წარმოადგენს სირთულეს შენს ბაგეებში საჭირო სიტყვების ჩადება.
მოსე ისევ წინააღმდეგობას უწევდა.
_ სხვა ვინმე გაგზავნე!
და ღმერთი განრისხდა.
_ არა, მოსე, ეს შენ უნდა გააკეთო! შენ თუ ლაპარაკის გეშინია, თან წაიყვანე შენი ძმა აარონი, მას ეს საქმე შენზე უკეთ გამოსდის. მაგრამ შენ იქნები ჩემი წარგზავნილი, რომელიც გამოიყვანს ჩემს ხალხს ეგვიპტის მონობიდან!
ბოლოს მოსე დაბრუნდა ეგვიპტეში ღმერთის დავალების შესასრულებლად. როგორ აღარ ცდილობდნენ მოსე და აარონი ფარაონის დარწმუნებას. ამ დროს კი ისრაელიანთა ყოფა სულ უფრო აუტანელი ხდებოდა. მათ უფრო და უფრო მეტ საქმეს ავალებდნენ, სასჯელი კი უფრო მეტად მძიმდებოდა. ღმერთმა ზედიზედ მოუვლინა ფარაონს და მთელ ეგვიპტეს ცხრა სახის სასჯელი, მაგრამ ფარაონი არ იყო თანახმა, მონობისგან გაეთავისუფლებინა ისრაელიანები, რათა ისინი აღთქმულ მიწაზე წასულიყვნენ.
მაშინ ღმერთმა, მოსეს საშუალებით, დაავალა ისრაელიანებს – აეღოთ თითო უნაკლო ბატკანი თითოეული ოჯახისთვის და დაეკლათ იგი, როგორც საპასექო კრავი. პასექი ნიშნავს `გვერდის აქცევას~. ბატკნის სისხლი უნდა მოეთავსებინათ ჯამში და საღამოს წაესვათ იგი კარის ზღურბლსა და წირთხლზე. იმ ღამით არცერთი მათგანი გარეთ არ უნდა გამოსულიყო, რადგან ამ დროს უფლის ანგელოზი ჩამოივლიდა ეგვიპტის ქუჩებში და დახოცავდა ყველა პირველშობილს. ეს იქნებოდა მეათე სასჯელი ეგვიპტელთათვის. ანგელოზი მხოლოდ იმ სახლებს აუვლიდა გვერდს, რომლებსაც ბატკნის სისხლი ესმეოდა.
_ ჭამის წინ კიდევ ერთი რამ უნდა გააკეთოთ, _ ამბობდა ოჯახის უფროსი. _ თითოეულმა ისე უნდა ჩაიცვას, როგორც შორ გზაზე მიმავალმა, და ხელში დაიჭიროს კვერთხი. ბატკნის ხორცი სწრაფად უნდა შევჭამოთ. ეს უფლის პასექია. ღმერთმა ბრძანა, რომ გვახსოვდეს ეს დღე და ყოველთვის აღვნიშნოთ იგი თაობიდან თაობამდე.
მაშინ, როდესაც ოჯახი სუფრას მიუჯდა, მწარე ბალახებით შეზავებული ხორცის გემო არ მოეწონათ ბავშვებს, მაგრამ მამამ განმარტა:
_ ამ ბალახებივით მწარე იყო ჩვენი ყოველდღიური მონური ყოფა ეგვიპტეში.
ხორცთან ერთად მოიტანეს პური, მაგრამ არც ის არ იყო ისეთი, როგორსაც მიჩვეულნი იყვნენ.
_ ის საფუარის გარეშეა მომზადებული! _ თქვა დედამ. _ მოსემ დაგვავალა ასეთი პურების გამოცხობა. ამით ვაჩვენებთ, რომ შორ გზაზე ვაპირებთ წასვლას, გაფუებული ცომით მგზავრობა არ შეიძლება.
საბოლოოდ, ყველა ოჯახი დასაძინებლად წავიდა. დილისთვის, მზის ამოსვლამდე, ისრაელიანები თავიანთი სახლების წინ იდგნენ. იქნება ეს დღე ის დიადი დღე, რომელსაც ამდენ ხანს ელოდნენ ისინი?
და აი, მოვიდა მაცნე. ეს ისრაელიანი იყო.
_ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ღმერთმა თქვა! _ შორიდანვე დაიძახა მან. _ თითოეულ ეგვიპტურ ოჯახში მოკვდა უფროსი ძე, მათ შორის, ფარაონის ძეც. დღეს ყველას აჩვენა ღმერთმა, რომ არავის მისცემს უფლებას, ხელი შეუშალოს მისი ნების აღსრულებას!
_ ჩვენ რაღა გავაკეთოთ ახლა? _ კითხულობდა ხალხი.
_ თქვენ ხომ უკვე გაემზადეთ სამგზავროდ? აიღეთ ყველაფერი, რაც გაქვთ და რის წაღებასაც შეძლებთ, შემდეგ კი წადით შეკრების ადგილზე. – უპასუხა მაცნემ.
ისრაელიანები თავიანთ სახლებში შებრუნდნენ, რომ წაეღოთ ყველაფერი, რის წაღებასაც შეძლებდნენ. მამებმა ხელი მოჰკიდეს თავიანთ უფროს შვილებს, მიიყვანეს კართან და აჩვენეს ზღურბლსა და წირთხლზე წასმული სისხლი:
_ ეს არის იმის ნიშანი, რომ აქ ისრაელიანები ცხოვრობდნენ. ამ სისხლმა გიხსნა შენ ღვთის სამსჯავროსგან!
ასე დაწესდა პასექის დღესასწაული, სწორედ ამ დღეს გამოიყვანა ღმერთმა თავისი ხალხი ეგვიპტიდან.
უთხრა ფარაონმა მოსეს დაAაარონს:
_ ადექით და გადით ჩემი ხალხის წიაღიდან, ისრაელის ძეებო!
და აჩქარებდნენ მათ ეგვიპტელები, რომ სწრაფად გასცლოდნენ მათს ქვეყანას.…ოთხას ოცდაათი წელი ცხოვრობდნენ ისრაელიანები ეგვიპტეში, სანამ ღმერთი გაიყვანდა მათ. და იყვნენ ისინი თითქმის ექვსასი ათასი მამაკაცი, ქალებისა და ბავშვების ჩაუთვლელად.
კითხვები:
1) რა საოცრება იხილა მოსემ უდაბნოში?
2) რა დაავალა ღმერთმა მოსეს?
3) რამდენი სასჯელი მოუვლინა ღმერთმა ეგვიპტელებს?
4) რას ნიშნავს პასექის დღესასწაული?