ზეციური მანანა და კლდე

ზეციური მანანა და კლდე

ბიბლია, გამოსვლის წიგნი, თავები: მე-16, 17:1-7

ისრაელიანები უდაბნოში მიდიოდნენ და გაჩერდნენ წყაროებთან, საიდანაც მათ შეეძლოთ ხალხისა და ცხოველების დარწყულება. იქვე იზრდებოდა ფინიკის პალმები, რომლებიც ჩრდილში დასვენების საშუალებას აძლევდა მგზავრებს. შემდეგ მათ გააგრძელეს გზა სინაის უდაბნოსკენ.

ეგვიპტიდან მხოლოდ ცოტაოდენი პური წამოიღეს, რომელიც მალე გაუთავდათ. ახლა რაღა უნდა ეჭამათ? ისრაელიანებს ღმერთისთვის უნდა ეთხოვათ საკვები. უფალს უყვარდა ისინი და არ დაუშვებდა, რომ შიმშილით დახოცილიყვნენ. მაგრამ მათ ვერ ისწავლეს ღვთისადმი ნდობა და ისევ დაიწყეს ბუზღუნი. წავიდნენ მოსესთან და აარონთან და უთხრეს:

_ ნეტავ ეგვიპტეში დავხოცილიყავით. ჩვენ იქ ბევრი ხორცი გვქონდა და პურს ძღომამდე ვჭამდით. თქვენ კი გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვხადოთ სული.

რა უმადურები იყვნენ ისინი ღმერთისა და მოსეს მიმართ! მაგრამ გულმოწყალე და მომთმენმა უფალმა უთხრა მოსეს:

_ მე გავიგონე ჩემი ხალხის სიტყვები და მივცემ მათ საკვებს.

მეორე დილით, როცა ისრაელიანები გამოვიდნენ კარვებიდან, დაინახეს, რომ მიწა გადათეთრებული იყო.

მოსემ კი უთხრა მათ:

_ აი, პური, რომელიც ღმერთმა მოგცათ თქვენ. შეაგროვეთ ის და შეიტანეთ კარვებში.

ისრაელიანებმა დაიწყეს ამ ზეციური მანანის შეგროვება და იგი ყველას ეყო. ღმერთი ყოველ დილით უგზავნიდა მათ მანანას და ხალხს დილიდანვე უნდა მოეგროვებინა იმ დღის მარაგი, რადგან შუადღის სიცხეში იგი დნობას იწყებდა.

მოსემ უთხრა მათ:

_ არ დაიმარაგოთ ეს საკვები მომავალი დღეებისთვისაც, რადგან ღმერთი ყოველდღიურად მოგცემთ მას.

თუმცა ზოგიერთმა ადამიანმა არ მოუსმინა მოსეს და მომდევნო დღის მარაგიც შეაგროვა. როცა გათენდა და ჭამა მოუნდათ, აღმოაჩინეს, რომ მანანას ჭიები გასჩენოდა და მათ მისი გადაყრა მოუწიათ!

ამის შემდეგ ისრაელიანები წყლის უკმარისობამ შეაწუხა. უდაბნოში არ იყო არც მდინარეები, არც ტბები და არც ჭები. მაგრამ განა ღმერთი დაუშვებდა, რომ ხალხი წყურვილით დახოცილიყო? რა თქმა უნდა, არა. თუმცა ისრაელიანებმა ღმერთს კი არ მიმართეს, არამედ ისევ მოსეს მიადგნენ საყვედურებით.

_ რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან? წყურვილით უნდა ამოგვიწყვიტო შვილები და საქონელი?

ისინი იმდენად იყვნენ აღშფოთებულნი, რომ მზად იყვნენ – ქვებით ჩაექოლათ მოსე. მაგრამ მან ისევ ღმერთს მიმართა.

_ რა ვუყო ამ ხალხს? _ ამბობდა მოსე.

მაშინ ღმერთმა უთხრა მას:

_ აიღე შენი კვერთხი, ადი ამ მთაზე და თან გაიყოლე ხალხიდან ვინმე. შემდეგ, როცა კლდეს მიადგები, დაჰკარი მას შენი კვერთხი და კლდიდან წყალი გადმოვა.

მოსემ დაჰკრა კლდეს კვერთხი და იქედან სუფთა და მაცოცხლებელი წყალი გადმოვიდა. რა სასიამოვნო იყო ეს მწყურვალი ადამიანებისთვის! მათ ტუჩები დახეთქილი ჰქონდათ, ენა და ყელი ეწვოდათ წყურვილისგან, ახლა კი შეეძლოთ – თავიანთ ნებაზე ესვათ წყალი და ცხოველებიც დაერწყულებინათ.

მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ისრაელიანები უდაბნოში დახეტიალებდნენ, ღმერთი არ ტოვებდა მათ, თუმცა ისინი ხშირად საყვედურობდნენ და არ ენდობოდნენ უფალს.

კითხვები განსახილველად

5 კითხვა
  1. რას წარმოადგენდა უდაბნო?

  2. როგორ მოიქცნენ ისრაელიანები, როცა შიმშილმა შეაწუხა ისინი?

  3. როგორ დააპურა ისინი ღმერთმა?

  4. როგორ მოიქცნენ ისრაელიანები, როდესაც წყალი გამოელიათ?

  5. საიდან მისცა მათ ღმერთმა წყალი?

21. ზეციური მანანა და კლდე00:00 / 04:20