
მეწამული ზღვის წყლებს შორის გავლა
ბიბლია, გამოსვლის წიგნი, თავები: 13:20-22, მე-14, 15:1, 22-ე
წავიდნენ თუ არა ისრაელიანები, ფარაონმა ინანა, რომ გაუშვა ისინი.
_ ჩვენ უნდა დავეწიოთ მათ! _ უბრძანა მან თავის მეომრებს. _ დავაბრუნებთ და მკაცრად დავსჯით.
ორთვლიანი ეტლებით, რომლებშიც სწრაფი ცხენები იყვნენ შებმულნი, და მშვილდოსნების თანხლებით, რომლებიც ეტლებზე იდგნენ, ეგვიპტელები დაედევნნენ ლტოლვილებს.
ისრაელის ძენი ქანაანისკენ გაემართნენ. ღმერთი თავად მიუძღოდა მათ დღისით ღრუბლის სვეტის სახით, ღამით კი ცეცხლოვანი სვეტის სახით. დღისით ღრუბელი მცხუნვარე მზისგან იცავდა მათ, ღამით კი ცეცხლის სვეტი გზას უნათებდა. როცა ღრუბელი ჩერდებოდა, ხალხი, მოსეს ბრძანებით, კარვებს შლიდა და ისვენებდა. ღრუბლის ამოძრავებისთანავე ბანაკის აშლას იწყებდნენ და გზას აგრძელებდნენ.
ასე მიაღწიეს მათ მეწამულ ზღვამდე და ბანაკი გაშალეს. ჯერ კარვები არ ჰქონდათ გაშლილი, რომ ცხენების ფლოქვების ხმა შემოესმათ. ეგვიპტისკენ როცა გაიხედეს, დაინახეს ეტლები და მხედრები ფარაონის მეთაურობით. ფარაონი მისდევდა მათ, რათა ეგვიპტეში დაებრუნებინა ისინი.
უძრავად უყურებდნენ გაქცეული მონები მოახლოებულ მეომრებს. რა უნდა ექნათ?! წინ ზღვა იყო, უკან კი ფარაონის ჯარები. ისრაელიანებს ძალიან შეეშინდათ და საყვედურის თქმა დაუწყეს მოსეს:
_ რატომ მოგვიყვანე სასიკვდილოდ უდაბნოში? ეგვიპტელთა მონობაში გვიჯობდა ყოფნა, ვიდრე აქ დავხოცილიყავით!
ასეთი საუბრით ისინი უმადურობას იჩენდნენ, მაგრამ მოსემ დაამშვიდა ისინი და თქვა:
_ ნუ გეშინიათ! თქვენ დაინახავთ, როგორ დაგეხმარებათ დღეს ღმერთი! უფალი იბრძოლებს თქვენ მაგივრად, თქვენ კი მშვიდად იყავით!
ამასობაში მოხდა მოულოდნელი რამ: ღრუბლის სვეტი, რომელიც წინ მიუძღოდა მათ, დაიძრა და ისრაელიანებსა და ეგვიპტელებს შორის გაჩერდა. ეგვიპტელებმა დაინახეს მათ წინ აღმართული ღრუბლის მჭიდრო კედელი. ამან დააბნია ისინი და ფარაონმა ბრძანა – დალოდებოდნენ, სანამ ღრუბელი არ გაიფანტებოდა.
რამდენად ბნელიც იყო ღრუბელი ეგვიპტელთა მხარეს, იმდენად ნათელი იყო ის ისრაელიანთა მხარეს. გაქცეულები ცოტა დამშვიდდნენ, მაგრამ რა უნდა ექნათ მათ? ყველა მოსეს უყურებდა და მაშინ ღმერთმა უთხრა მას:
_ ასწიე შენი კვერთხი, მიმართე ის ზღვისკენ და ისრაელიანები გაივლიან ხმელეთზე.
მოსე დადგა ზღვის ნაპირზე, მიმართა კვერთხი მისკენ. ამოვარდა ქარი, რომელიც სულ უფრო ძლიერდებოდა. ის იმდენად ძლიერად უბერავდა, რომ წყალი გვერდზე გასწია. გაჩნდა ხმელეთის ფართო ზოლი ზღვის შუაგულში. ბოლოს მათ წინაშე გამოჩნდა გასასვლელი, რომლის გასწვრივ, ორივე მხარეს, ქარის მიერ ადგილზე გაჩერებული ზღვის წყლის მაღალი კედლები წარმოიქმნა. ღმერთმა სასწაული მოახდინა! ისრაელიანებს მხნეობა დაუბრუნდათ. სათითაოდ მიჰყვებოდნენ ოჯახები მოსეს, რომელიც პირველი მიაბიჯებდა ზღვის ნესტიან ფსკერზე.
როგორც კი ღრუბელი მაღლა აიწია, ეგვიპტელებმა სასწრაფოდ დაიწყეს თავიანთი ცხენების დაჩქარება. ზღვაში გამავალი გზის დანახვისას, ფარაონმა ბრძანა მისი გამოყენება. მალე ეგვიპტელთა ეტლებმა დაიწყეს სველ ქვიშაში ჩაფლობა, მაგრამ ფარაონი გაშმაგებით მიერეკებოდა წინ თავის ჯარისკაცებს. ბოლოს ყველა ისრაელიანი აღმოჩნდა ზღვის მეორე მხარეს. მოსე მიბრუნდა ზღვისკენ და დაბლა დაუშვა თავისი კვერთხი. ქარი ჩადგა და ზღვის წყალი თავისი პირვანდელი ადგილისკენ დაიძრა. ისრაელიანები გაშეშებულნი უყურებდნენ ზღვას. ეგვიპტელები აღარ ჩანდნენ. მხოლოდ დამსხვრეული ეტლების ნაფოტები ტივტივებდა ზღვაზე.
ისრაელიანებმა ერთხმად დასცეს სიხარულის ყიჟინა და მოსესთან ერთად საზეიმო სიმღერა წამოიწყეს.
_ ღმერთია ჩემი სიმაგრე და დიდება. ის იყო ჩემი ხსნა. ის არის ჩემი ღმერთი, ამიტომ მუდამ ვიქნები მისი მეხოტბე!
კითხვები განსახილველად
3 კითხვარატომ დაედევნნენ ეგვიპტელები ისრაელიანებს?
როგორ შეაყოვნა ღმერთმა ეგვიპტელების წინ წასვლა?
როგორ აიძულა ღმერთმა ზღვა, გამოეჩინა ხმელეთის ზოლი?