იოსების შეხვედრა ძმებთან

იოსების შეხვედრა ძმებთან

ბიბლია, დაბადების, წიგნი თავები: 42-ე, 43-ე, 44-ე, 45-ე

მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ეგვიპტეში ხორბლის უხვი მოსავალი მოდიოდა. შემდეგ დადგა შვიდი უნაყოფო წელი. ეგვიპტის მთელი მიწა მოიცვა შიმშილმა. ხალხი მიდიოდა ფარაონთან და პურს ითხოვდა:

_ საჭმელი აღარ გვაქვს, შიმშილით ვიხოცებით.

მაშინ ფარაონმა თქვა:

_ მიდით იოსებთან და ის დაგეხმარებათ.

ხალხი წავიდა იოსებთან და მან დაიწყო ხორბლის გაყიდვა ეგვიპტის საცავებიდან. მრავალი ქვეყნიდან მიდიოდა ხალხი ეგვიპტეში პურის საყიდლად. პურის საფასურად ხალხს მიჰქონდა ვერცხლი. იოსები კი, ვერცხლის მიღებისას, ხორბლით ავსებდა ტომრებს. ეგვიპტის საცავებში იმდენი ხორბალი იყო, რომ იოსებს შეეძლო მისი მიყიდვა ყველა გაჭირვებულისთვის.

ქანაანში, სადაც იაკობი ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად, ასევე ჩამოვარდა შიმშილობა. იაკობმა, რომელმაც გაიგო, რომ ეგვიპტეში პური იშოვებოდა, თავისი შვილები გაგზავნა იქ. ხანგრძლივი და მძიმე მგზავრობის შემდეგ ისინი, ბოლოს და ბოლოს, მიადგნენ ფარაონის სასახლეს. იაკობის შვილები ერთ კაცთან მიიყვანეს, რომელიც მთელი თავისი გამომეტყველებით შიშსა და მოწიწებას იწვევდა მათში. რა დიდებული სამოსი ეცვა მას! `ეტყობა, ეს არის ფარაონის ვეზირი, ძალაუფლებით მეორე კაცი ეგვიპტეში~. _ გაიფიქრა რეუბენმა, უფროსმა ძმებს შორის. თუმცა მან ვერ იცნო თავისი ძმა, იოსები. ძმები მიწაზე დაემხნენ პატივისცემის ნიშნად.

_ შეგვიბრალე, ბატონო, და მოგვყიდე ხორბალი! ჩვენ კარგად გადაგიხდით!

იოსებმა იცნო თავისი ძმები. მცირე შეყოვნების შემდეგ მან გაიფიქრა: `ვნახოთ, შეიცვალა თუ არა ჩემი ძმების გულები; ახსოვთ თუ არა თავიანთ მიერ ჩადენილი ბოროტება და ნანობენ თუ არა ამას?~ მან მკაცრი ხმით უთხრა მათ:

_ თქვენ მზვერავები ხართ! აქ იმიტომ მოხვედით, რომ ყველაფერი გაარკვიოთ ჩვენი ქვეყნის შესახებ და ამის შემდეგ თავს დაგვესხათ!

_ არა, რას ბრძანებთ! _ სასოწარკვეთით წამოიძახეს ძმებმა და კიდევ უფრო დაბლა დაიხარნენ მის წინაშე.

ამ დროს იოსებს გაახსენდა თავისი სიზმარი, სადაც ძმების ძნები თაყვანს სცემდნენ მის ძნას.

რეუბენმა მოიკრიბა გამბედაობა და თქვა:

_ ჩვენ ყველანი ერთი მამის შვილები ვართ. ჩვენ თორმეტნი ვიყავით. ერთი აღარ არის, უმცროსი კი სახლში დარჩა.

_ კარგი, _ თქვა იოსებმა, _ მაგრამ მე უნდა დავრწმუნდე, რომ თქვენ სიმართლეს ამბობთ. ამიტომ ერთ-ერთი თქვენგანი აქ დარჩება ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ, თქვენ წაიღებთ თქვენს სახლებში პურს, შემდეგ კი მოიყვანთ აქ თქვენს უმცროს ძმას. თუ ის მოვა, მაშინ თქვენ კიდევ შეძლებთ ხორბლის ყიდვას და სახლში დაბრუნებას. თუ არ დაბრუნდებით, ესე იგი, მზვერავები ხართ და ყველაფერს მატყუებდით.

ასე დაბრუნდნენ ისინი ხორბლით სავსე ტომრებით, მაგრამ ერთ-ერთი ძმის, სიმონის, გარეშე.

ძმები თავიანთ მამასთან, იაკობთან რომ მივიდნენ, უთხრეს ყველაფერი, რაც თავს გადახდათ. მაგრამ იაკობს არ უნდოდა თავისი უმცროსი შვილის, ბენიამინის, გაშვება, რადგან ეშინოდა, რომ მასაც დაკარგავდა.

თუმცა, როცა მათ დაუმთავრდათ პურის მარაგი, გულდამძიმებულმა გაუშვა ძმებთან ერთად თავისი უმცროსი შვილი. იუდამ პირობა დადო, რომ ყურადღებას მიაქცევდა ბენიამინს, რათა არაფერი მოსვლოდა მას.

როგორც კი ისინი მივიდნენ დიდ ეგვიპტურ ქალაქში, მაშინვე წაიყვანეს ვეზირთან. ამან შეაშფოთა ძმები; მაგრამ ყველაზე მეტად იმან გააკვირვა, რომ ისინი დიდ ოთახში შეიყვანეს, სადაც სუფრა იყო გაშლილი. რატომ დაპატიჟა ფარაონის ვეზირმა სანადიმოდ სწორედ ისინი? თითოეულ მათგანს მიუჩინეს ადგილი ზუსტად ასაკის შესაბამისად. როგორ გაიგეს ეგვიპტელებმა მათი ასაკი? ნადიმობისას ვეზირი თარჯიმნის მეშვეობით ესაუბრებოდა ძმებს, რადგან უნდოდა, რაც შეიძლება მეტი გაეგო ოჯახის შესახებ.

მომდევნი დილას ქარავანი უკვე მზად იყო უკან წასასვლელად. სიმონი დაუბრუნდა თავის ძმებს, ტომრები სავსე იყო ხორბლით _ როგორ გაუხარდება იაკობს მათი დაბრუნება! მაგრამ ისინი შორს არ იყვნენ წასულები, როცა შეიარაღებული მხედრები დაეწივნენ.

_ რატომ გაქურდეთ ვეზირი?! _ დაიყვირა მეთაურმა. _ მან სანადიმოდ დაგპატიჟათ, თქვენ კი გაბედეთ და მისი ვერცხლის თასი გაიყოლეთ!

_ კი მაგრამ, ბატონო, _ თავს იცავდა რეუბენი, _ ჩვენ არასოდეს ვიქურდებდით. გაჩხრიკეთ ჩვენი ბარგი! თუ რომელიმე ჩვენგანთან იპოვით, შეგიძლიათ, დასაჯოთ იგი, ყველა დანარჩენი კი მზად ვართ, მონებად დავრჩეთ თქვენს ბატონთან.

მაშინ, როდესაც თავიანთი ტომრები გახსნეს, ბენიამინის ტომრიდან თასი გადმოვარდა! საიდან უნდა სცოდნოდათ მათ, რომ იოსებმა თავად დაავალა თავის მსახურებს – ჩაედოთ თასი ბენიამინის ტომარაში? იოსებს უნდოდა, საბოლოოდ გამოეცადა თავისი ძმები.

შეშინებულნი გაემართნენ ისინი ფარაონის სასახლისკენ. იოსებმა ბრძანა ბენიამინის მონად დატოვება ეგვიპტეში. ბოლოს იუდამ მოიკრიბა გამბედაობა და თქვა:

_ ბატონო, ნება მომეცით, თხოვნით მოგმართოთ. მე დავპირდი მამას, რომ ბენიამინს არაფერი დაემართებოდა. თუ ბენიამინი არ დაბრუნდება სახლში, მამა ვერ გადაიტანს ამას და მოკვდება. ამიტომ გთხოვთ, გაუშვით ის სახლში, მის მაგივრად კი მე დავრჩები თქვენს მონად.

ახლა კი მიხვდა იოსები, რომ წლების წინ ჩადენილი დანაშაული გაკვეთილად ექცათ მათ. იმის მაგივრად, რომ მაშინდელივით გაეყიდათ ძმა მონობაში, ისინი მზად იყვნენ, თავად დარჩენილიყვნენ მონებად ბენიამინის ნაცვლად. ისინი უკვე აღარ იყვნენ ისეთები, როგორებიც ადრე. ღმერთმა შეცვალა მათი გულები. ძმების გასაკვირად იოსები ატირდა. როცა დამშვიდდა, თქვა:

_ მე თქვენი ძმა ვარ, იოსები!

თერთმეტი ძმა ისე უყურებდა მას, თითქოს პირველად ნახეს და ვერაფერს ამბობდნენ. ეს კაცი, რომელსაც ხელთ ეპყრა თითქმის მთელი ეგვიპტე, იოსები იყო, რომლისაც ოდესღაც შურდათ, რადგან მამას ყველაზე მეტად ის უყვარდა და რომელიც, საბოლოოდ, მონად გაყიდეს.

_ ნუ გეშინიათ, _ თქვა იოსებმა, _ მე არ ვბრაზობ თქვენზე, რადგან ახლა ნათელი გახდა, რომ აქ ღმერთმა გამომგზავნა ეგვიპტეში, რათა გადამერჩინეთ თქვენც და უამრავი სხვა ადამიანიც შიმშილობისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ჩვენგანი დაიღუპებოდა ამ ძნელბედობის ჟამს. გვალვა ორი წლის წინ დაიწყო, მაგრამ კიდევ ხუთ წელიწადს გაგრძელდება. მას შემდეგ, რაც თქვენ მოხვედით აქ, მივხვდი, რომ ყველაფერი ღმერთის ჩანაფიქრის მიხედვით ხდებოდა.

ძმები გაუნძრევლად იდგნენ. მათ ვერც კი წარმოედგინათ, რომ მათი ძმა, რომელსაც ამდენი ვნება მიაყენეს და რომელიც ახლა ასეთი ძლევამოსილი იყო, სულაც არ აპირებდა შურისძიებას.

იოსებმა გაშალა ხელები და დაიძახა:

_ ბენიამინ! ნუთუ ვერ ცნობ საკუთარ ძმას, იოსებს?

მაშინ ბენიამინი გაიქცა მისკენ, ისინი ჩაეხუტნენ ერთმანეთს და ატირდნენ. წინაღობა გადალახული იყო. ერთმანეთის მიყოლებით ეხუტებოდნენ ძმები იოსებს. მათ არც კი სჯეროდათ, რომ ყველაფერი, რაც მათს თავს ხდებოდა, _ სინამდვილე იყო. დიდხანს საუბრობდნენ ძმები, მათ ხომ იმდენი რამ ჰქონდათ ერთმანეთისთვის სათქმელი!

მაშინ, როდესაც ფარაონმა გაიგო, რომ იოსებთან მისი ძმები იყვნენ ჩამოსულნი, თავისთან უხმო მას.

_ უთხარი შენს ძმებს, წამოიყვანონ აქ თავიანთი მამა, საკუთარი ოჯახები და დასახლდნენ აქ, სანამ არ დამთავრდება გვალვა. მე მივცემ მათ ეტლებს, რომ თავიანთი ოჯახების ჩამოყვანა შეძლონ ქანაანიდან. და ნუ დაენანებათ რამის დატოვება, რასაც ვერ წამოიღებენ, რადგან აქ მე ყველაფერს მივცემ მათ!

იოსებმა თავი დაუკრა ფარაონს:

_ თქვენ ძალიან გულმოწყალე ხართ ჩემ მიმართ, ბატონო. სასწრაფოდ შევასრულებ თქვენს ბრძანებას.

მომდევნო დღეს ძმები წავიდნენ ქანაანისკენ იაკობის, თავიანთი ოჯახებისა და საქონლის წამოსაყვანად. იოსები კიდევ დიდხანს უყურებდა მათ, სანამ ჩანდა, თუ როგორ უქნევდა ხელს დამშვიდობების ნიშნად.

კითხვები განსახილველად

3 კითხვა
  1. როგორ ასრულდა იოსების სიზმარი მინდორში დადგმული ძნების შესახებ?

  2. რატომ არ უშვებდა იაკობი ბენიამინს ძმებთან ერთად ეგვიპტეში?

  3. რატომ შეშინდნენ ძმები, როცა მათს ტომრებში იპოვეს ვერცხლის თასი?

17. იოსების შეხვედრა ძმებთან00:00 / 09:22