
სამყაროს შექმნა
ბიბლია, დაბადების წიგნი, თავები: 1-ელი, მე-2
თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. მან შექმნა სამყარო თავისი სიტყვის ძალით არაფრისაგან. ამის გაკეთება არცერთ ადამიანს არ შეუძლია _ მხოლოდ ღმერთს! სწორედ ამიტომ ვეძახით მას შემოქმედს. ბიბლიაში, ანუ ღვთის სიტყვაში, რომელიც მან დაგვიტოვა, აღწერილია, თუ როგორ გააკეთა ეს ყოველივე.
პირველ დღეს ღმერთმა თქვა: `იყოს სინათლე~, და გაჩნდა სინათლე. შემდეგ მან გამოყო სინათლე სიბნელისგან და დაარქვა სინათლეს დღე, სიბნელეს კი – ღამე. დღემ და ღამემ დაიწყეს მონაცვლეობა, როგორც ეს დღესაც ხდება.
მეორე დღეს ღმერთმა შექმნა თაღი (რომელსაც ჩვენ ატმოსფეროს ვუწოდებთ) წყლის ზევიდან და დაარქვა მას ცა. ღმერთმა იზრუნა იმაზე, რომ წყლის ნაწილი ყოფილიყო ქვემოთ, ნაწილი კი ზევით _ ცაში, ანუ ღრუბლებში. შემდეგ მან შეავსო მთელი სივრცე ჰაერით, რომელსაც დღესაც ვსუნთქავთ.
მესამე დღეს, ღვთის სიტყვის ძალით, შეგროვდა მთელი ცისქვეშეთის წყალი ერთად და გამოჩნდა ხმელეთი. `და დაარქვა მან ხმელეთს მიწა, შეკრებილ წყალს კი – ზღვები~. მაგრამ ღმერთი ხედავდა, რა უდაბური და ულამაზო იყო მიწა, ამიტომ თქვა: `მიწიდან უნდა ამოდიოდეს ბალახი, ბუჩქები და ხეები~. და მაშინვე გაჩნდა უამრავი მცენარე. სამყარო გახდა ფერადი და მშვენიერი! მცენარეები იძლეოდა მარცვლებს, რომლებიდანაც ამოდიოდა ახალი მცენარეები. ხეების ნაყოფში დაფარული იყო თესლები, რომელთა მეშვეობითაც ახალი ხეები იზრდებოდა.
მეოთხე დღეს ღმერთმა ბრძანა და გაჩნდნენ მზე, მთვარე და ვარსკვლავები. შემოქმედმა ისე მოაწყო, რომ მზე ყოველ დილით ამოდიოდეს და ყოველ საღამოს ჩადიოდეს. ღამით, როცა ჩვენ გვძინავს _ ბნელა; თუმცა, ღმერთის მითითებით, ღამე მთვარე და ვარსკვლავები ანათებენ და ამ დროსაც შეიძლება გარემოს დანახვა. ცაზე იმდენი ვარსკვლავია, რომ მათი დათვლაც კი არ შეგვიძლია. მზისა და მთვარის დახმარებით ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, გამოვთვალოთ დღეები, თვეები და წლები. ღმერთმა ასე მოაწესრიგა დრო და ყველაფერი იმ წესს დაემორჩილა, რომელიც მან ჩაიფიქრა.
მეხუთე დღეს მან დაიწყო ცოცხალი არსებების შექმნა. ღმერთმა თქვა: `დაე, იყოს ყველა წყალში ცოცხალი არსებები!~ და ასეც მოხდა. ღმერთმა შექმნა უზარმაზარი ვეშაპები, რომლებიც თავისუფლად ცურავენ ზღვის სიღრმეში; სწრაფად მოსრიალე დიდი და პატარა თევზები. ზღვის ყველა ბინადარი მის მიერ არის შექმნილი, მათ შორის ყველაზე პატარებიც, რომლებსაც ვერც კი ვამჩნევთ. ღმერთმა იმდენად ბევრი არსება შექმნა, რომ მათი დათვლაც კი შეუძლებელია!
ჰაერიც აივსო სხვადასხვა ხმით და სიცოცხლით. ღმერთმა შექმნა ყველა სახეობის ფრინველი, ათასობით ჩიტი.
დაფრინავდნენ ისინი ლურჯ ცაში, მშვენიერი სიმწვანის ზევით; სხდებოდნენ ხეებსა და მიწაზე დასასვენებლად და საჭმელად. და აკურთხა ღმერთმა ყველა ცოცხალი არსება და თქვა: `გამრავლდით და ინაყოფიერეთ!~ მას უნდოდა, რომ ყველა თევზს, ცხოველს და ფრინველს ჰყოლოდა შთამომავლობა; ამიტომ მიწაზე, წყალსა და ჰაერში აფუთფუთდა სიცოცხლე. ასე დასრულდა მეხუთე დღე.
და დადგა მეექვსე დღე. ღმერთმა იზრუნა იმაზე, რომ სულ უფრო მეტი ცოცხალი არსება გაჩენილიყო ქვეყანაზე: საქონელი, ჭიები, მინდვრის ცხოველები, ძროხები, ცხენები, ღორები, სპილოები, ლომები, ვეფხვები, მაიმუნები და ა. შ. მრავალი სხვა ცხოველისთვისაც გამოჩნდა ადგილი მზის ქვეშ. კიდევ გაჩნდნენ გველები თუ სხვა ქვეწარმავლები და არცერთი ცხოველი არ ჰგავდა სხვას.
მაშ ასე, ღმერთმა თითქმის დაასრულა თავისი საქმეები. გაჩნდნენ ცა და მიწა, მზე და ვარსკვლავები, მცენარეები, თევზები და ჩიტები; ხმელეთზე, წყალსა და ცაში მცხოვრები ცხოველ-ფრინველები. რა საოცარი გახლდათ დედამიწა! მაგრამ ქმნილების გვირგვინად იქცა ადამიანი, რომელიც ღვთის მსგავსად და ხატად შეიქმნა.
თავიდან ღმერთმა შექმნა მამაკაცი მიწის მტვრისაგან. შემდეგ შემოქმედმა შთაბერა მას თავისი სუნთქვა, რომლითაც მიეცა ადამიანს სიცოცხლე და გონიერება. მას შეეძლო ფიქრი, საქმის კეთება და ღმერთთან ურთიერთობა. ადამიანს შეეძლო ეფიქრა თავის თავსა და სამყაროზე, სადაც იგი ცხოვრობდა. მას შეეძლო სიხარული, სიცილი, დარდი და ტირილი. ის ფიქრობდა შემოქმედზე და ხედავდა, თუ როგორ უყვარდა ღმერთს იგი. პირველ ადამიანს ერქვა ადამი.
და გააშენა ღმერთმა ბაღი ედემში და იქ დაასახლა ადამი. ეს იყო სამოთხე! ედემიდან მოედინებოდა მდინარე სამოთხის მოსარწყავად, რომელიც ოთხ ნაკადად იყოფოდა: ფიშონი, გიხონი, ტიგროსი და ევფრატი. ღმერთმა დაავალა ადამს ბაღის მოვლა. ასეთი შრომა არ იყო რთული ადამისთვის. პირიქით, იგი სიხარულს ანიჭებდა მას. ღმერთმა ხომ მისცა მას ძალა, გონება და ფანტაზია, რომ ეზრუნა მთელ ქმნილებაზე. აგრეთვე, ღმერთმა დაავალა ადამს, ყველა ცხოველისთვის დაერქმია სახელები. ადამმა შეასრულა ეს დავალება. ის ძალიან კმაყოფილი იყო იმით, რომ შეეძლო სახელების დარქმევა ყველა ცოცხალი არსებისთვის.
ამის შემდეგ თქვა უფალმა ღმერთმა: `არაა კარგი ადამის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე~. და მოჰგვარა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს, ამოუღო ერთი ნეკნთაგანი და კვლავ დაფარა ხორცით ის ადგილი. გაღვიძებისას ადამმა გაკვირვებით დაიწყო თვალების სრესა. მის წინ ქალი იდგა. `ახლა მარტო აღარ მომიწევს ყოფნა! რა კარგია, რომ ღმერთმა ცოლი მომცა! – გაიფიქრა მან, – ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით~.
ადამი და ევა ბევრს სეირნობდნენ ბაღში და ყოველთვის პოულობდნენ რაღაც ახალს თავიანთთვის. მხოლოდ ბაღის შუაგულში ფრთხილობდნენ ხოლმე, რადგან იქ ორი განსაკუთრებული ხე ხარობდა. თავად ღმერთმა უწოდა სახელები ამ ხეებს. ერთს ერქვა `სიცოცხლის ხე~, მეორეს კი – `კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე~. მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამა აუკრძალა შემოქმედმა ადამიანს.
ადამიანები ბედნიერნი იყვნენ. ღმერთი ხედავდა, რომ ადამს და ევას უყვარდათ ერთმანეთი და ძალიან კმაყოფილი იყო ამით. ამით დასრულდა მეექვსე დღე.
მაშინ, როდესაც ღმერთმა დაასრულა თავისი საქმეების კეთება, დაინახა, რომ ყველაფერი, რაც მან შექმნა, ძალიან კარგი იყო. უფალი კმაყოფილი გახლდათ იმით, რაც შექმნა. ყველაფერი იყო მშვენიერი: სინათლე მბრწყინავი, ჰაერი სურნელოვანი, უამრავი სახეობის მცენარით დაფარული მიწა. მზის სხივები აკაშკაშებდა ყველაფერს დღისით, ღამეს კი მთვარის დიდებული ნათება ამშვენებდა. ფრინველები, ცხოველები და ყველა ცოცხალი არსება უვნებელი და ბედნიერი იყო, მაგრამ ყველაზე ბედნიერად თავს ადამი და ევა გრძნობდნენ, რადგან შეეძლოთ ურთიერთობა ერთმანეთთან და ღმერთთან, და ასევე ღვთის განდიდება.
მეშვიდე დღეს ღმერთს აღარაფერი შეუქმნია, იგი ისვენებდა თავისი საქმეებისგან. და აკურთხა ღმერთმა ეს დღე. ასე იქცა მეშვიდე დღე განსაკუთრებულ დღედ. მოგვიანებით, უფალმა აღთქმა დაუდო თავის ხალხს: კვირის ბოლო, ანუ მეშვიდე დღეს უნდა დაისვენოთ ყველა თქვენი საქმისაგან. ამიერიდან, ყველა მორწმუნემ უნდა იფიქროს თავის შემოქმედზე, განადიდოს იგი და ემსახუროს მას.
კითხვები:
1) რატომ ეწოდება ღმერთს გამჩენი ან შემოქმედი?
2) შეუძლიათ ანგელოზებს ან ადამიანებს რამის შექმნა არაფრისგან?
3) რა/ვინ არის ღმერთის მთავარი ქმნილება?