ადამის ცოდვით დაცემა

ადამის ცოდვით დაცემა

ბიბლია, დაბადების წიგნი, თავი მე-3

მაშინ, როდესაც ღმერთმა შექმნა ცა, მან ანგელოზებიც შექმნა. ისინი ღმერთთან ერთად ცხოვრობდნენ ცაში და ემსახურებოდნენ მას. ერთხელ ერთ-ერთი მათგანი აუჯანყდა ღმერთს, რადგან უნდოდა ისეთივე ძლევამოსილი ყოფილიყო, როგორიც მისი შემოქმედი. მრავალმა ანგელოზმა მიიღო მონაწილეობა ამ აჯანყებაში. მაშინ ღმერთმა გააძევა ისინი ზეციდან და ჩაყარა ქვესკნელად წოდებულ წყვდიადში. ამ დაცემულ ანგელოზს ეწოდა ეშმაკი, ანუ სატანა, და ის გახდა დანარჩენი აჯანყებული ანგელოზების მეთაური.

სატანამ იცოდა, რომ თუ ადამი და ევა შესცოდავდნენ, ისინი დაიხოცებოდნენ და მოხვდებოდნენ ჯოჯოხეთში. მას ეზიზღებოდა ადამიანები და უნდოდა, წაერთმია მათთვის ღმერთთან ურთიერთობის ნეტარება. მას გაუჩნდა აზრი: `მოდი, დავარწმუნებ ადამიანებს – შეჭამონ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფი, რომლის შეჭმაც ღმერთმა აუკრძალა მათ~. სატანამ მიიღო გველის სხეული და შეაღწია ედემის ბაღში.…

ერთხელაც, როცა ევა მიუახლოვდა სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხეს, მოესმა ხმა:

_ ევა!

შეეშინდა ევას და იკითხა: `ვინ მელაპარაკება?~ და უცებ დაინახა გველი.

_ ღმერთმა მართლა აგიკრძალათ ბაღის ხეებიდან ნაყოფის ჭამა? _ იკითხა მან.

_ არა, მას ასე არ უთქვამს, მან მხოლოდ ამ ხის ნაყოფის ჭამა აგვიკრძალა, რადგან ამ შემთხვევაში, დავიხოცებით. _ უპასუხა ევამ.

_ თქვენ სულაც არ დაიხოცებით, _ თქვა გველმა. _ ასე იმიტომ გითხრათ, რომ ხელი არ მოჰკიდოთ ამ ნაყოფს. მან იცის, რომ ამ ნაყოფის ჭამის შემდეგ ბევრად მეტი გეცოდინებათ, ვიდრე ახლა. თქვენ გახდებით, როგორც ღმერთი, და გაიგებთ, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი.

ამის შემდეგ გველი გაქრა. ევამ განაგრძო ხეების თვალიერება. მას სუნთქვა ეკვროდა იმის გააზრებისგან, რომ ასე მარტივად შეეძლო – გამხდარიყო ღმერთივით. იგი შიშით შეეხო ერთ-ერთ ნაყოფს. არაფერი მომხდარა. მაშინ მან მოწყვიტა ის და ჩაკბიჩა. ევა არ მომკვდარა! ნაყოფი საკმაოდ სასიამოვნო გემოს მქონე აღმოჩნდა. ამ დროს მას ადამი მიუახლოვდა.

_ აიღე, ადამ, გასინჯე ეს ნაყოფი, _ თქვა ევამ. _ მე გავსინჯე იგი და, როგორც ხედავ, ცოცხალი ვარ!

ადამს დიდხანს არ უფიქრია და თვითონაც ჩაკბიჩა ნაყოფი. არცერთი მათგანი არ მომკვდარა, ყოველ შემთხვევაში _ ჯერჯერობით. თუმცა მაშინვე შეიცვალა რაღაც, რადგან სამყაროში შემოვიდა სიკვდილი, ადამიანის გულში კი ბოროტებამ და ცოდვამ დაიბუდა. ცოდვა არის ღმერთის ურჩობა, მისი მცნებების დარღვევა; სიკვდილი კი სასჯელია ამ ცოდვისათვის.

ასე დასრულდა ადამიანების სრული ბედნიერება. სწორედ ეს უნდოდა სატანას. უცებ ადამმა და ევამ შეამჩნიეს, რომ შიშვლები იყვნენ და შერცხვათ ერთმანეთის; მოწყვიტეს დიდი ფოთლები და ტანსაცმელი შეიკერეს. მათ ეგონათ, რომ იცოდნენ, როგორ ეშველათ ერთმანეთისთვის, მაგრამ რაღაც მაინც აშფოთებდათ. პირველი ადამიანები შეშფოთებულნი იდგნენ, რადგან ჯერაც უცნობი გრძნობა დაუფლებოდათ. ეს იყო დანაშაულის გრძნობა.

საღამო ხანს ღმერთი ბაღში მიმოდიოდა. ადამმა და ევამ, მისი ფეხის ხმის გაგონებისას, დაიწყეს დამალვა ხეებს შორის. ამ დრომდე ღმერთი მათი მეგობარი იყო, ახლა კი მათ შეეშინდათ მისი. ცოდვამ დაანგრია ადამიანებსა და ღმერთს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობა. ამ დრომდე ისინი მიდიოდნენ ღმერთთან ნდობითა და სიყვარულით, ახლა კი დამალვა უწევდათ.

ღმერთი მიუახლოვდა მათ და დაუძახა: `ადამ, სად ხარ?~ ის იმიტომ კი არ ეძახდა, რომ ვერ იპოვიდა მათ, ღმერთი ხომ ყველას და ყველაფერს ხედავს. ღმერთი იმისთვის ეძახდა, რათა ადამს და ევას სცოდნოდათ, რომ იგი ეძებდა მათ.

_ აქ ვარ! _ დაიძახა ადამმა. ამის თქმისას იგი უკვე ხვდებოდა, რომ ღმერთს ვერსად დაემალებოდა. _ მე გავიგე შენი ხმა და შემეშინდა, რომ შიშველი ვარ.

_ ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? _ იკითხა ღმერთმა. _ აქამდე არ გერიდებოდა ამის. როგორც ჩანს, შენ აკრძალული ხილი იგემე.

ადამი ვერ ბედავდა, შეეხედა ღმერთისთვის.

_ ნაყოფი ცოლმა მომცა, რომელიც შენ მომეცი, _ ჩუმად უპასუხა მან.

_ რატომ გააკეთე ეს? _ ჰკითხა ღმერთმა ევას.

_ გველმა შემაცდინა, რადგან ბევრ რამეს მპირდებოდა, _ თავს იცავდა ევა. _ მე დავყევი მის ცდუნებას.

მაშინ ღმერთმა უთხრა გველს:

_ დაწყევლილი ხარ იმისთვის, რაც გააკეთე! მარადიულად იქნება მტრობა შენსა და ადამიანს შორის! მაგრამ ოდესღაც მოვა ვიღაც, ვინც დაგამარცხებს!

ადამი და ევა ვერ ხვდებოდნენ, რაზე ლაპარაკობდა ღმერთი. მათ ხომ არ იცოდნენ, რომ ერთხელაც ღმერთი გამოგზავნიდა მხსნელს, რომელიც დაამარცხებდა ბოროტებას.

`ახლა ადამიანებმა იციან, რა არის ბოროტება და რა _ სიკეთე, – გაიფიქრა ღმერთმა. – მათ სურთ იყვნენ ისეთები, როგორიც მე ვარ, მაგრამ ისინი ძალიან სუსტნი არიან იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ბოროტებას. ამიტომ მე არ მინდა, რომ სიცოცხლის ხის ნაყოფი შეჭამონ~.

_ თქვენ მოგიწევთ ედემის ბაღიდან წასვლა. _ უთხრა ღმერთმა ადამს და ევას.

_ შენ, ევა, შვილები გაგიჩნდება, მაგრამ მათი დაბადება შენთვის ტკივილის მომტანი იქნება. შენ კი, ადამ, მძიმე შრომა მოგიწევს საკუთარი თავისა და ოჯახის გამოსაკვებად. შენს სახნავში ეკალი და სარეველა ამოვა და მოსვენება არ გექნება სიკვდილამდე. ბოლოს კი შენი სხეული მიწას დაუბრუნდება, რადგან მიწიდან ხარ შექმნილი.

სანამ ადამიანები სამოთხეს დატოვებდნენ, ღმერთმა შეუკერა მათ ტყავის ტანსაცმელი. ასე ზრუნავდა იგი ადამიანებზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ დაარღვიეს მიცემული პირობა, რის გამოც აღარ შეეძლოთ ღმერთის სიახლოვეს ცხოვრება.

Aასე რომ, ადამმა და ევამ დატოვეს ედემის ბაღი. ღმერთმა ქერუბიმები და ცეცხლოვანი მახვილი დააყენა ბაღისა და სიცოცხლის ხის დასაცავად. ამიერიდან ადამიანებმა დიდებული ედემის ბაღის გარეთ დაიწყეს ცხოვრება. თუმცა ღმერთი მხსნელის მოვლინებას დაჰპირდა კაცობრიობას.

კითხვები განსახილველად

3 კითხვა
  1. რომელი ხის ნაყოფის ჭამა ჰქონდათ აკრძალული ადამს და ევას?

  2. ვინ ურჩია ევას ამ ხის ნაყოფის ჭამა?

  3. რას დაჰპირდა ღმერთი ადამს და ევას?

2. ადამის ცოდვით დაცემა00:00 / 07:44