წარღვნა

წარღვნა

ბიბლია, დაბადების წიგნი , თავები: მე-6–მე-9

ადამს და ევას მრავალრიცხოვანი შთამომავლობა ჰყავდათ. როდესაც ადამი, ევა, კაენი და შეთი დაიხოცნენ, დედამიწაზე უკვე ბევრი ხალხი ცხოვრობდა. მაშინდელ დროს ადამიანები ძალიან დიდხანს ცოცხლობდნენ და სიბერემდე ინარჩუნებდნენ ჯანმრთელობას და ძალას. ადამმა იცოცხლა 930 წელი, შეთმა _ 912, მეთუშალახმა – ენოქის ძემ – ყველაზე დიდხანს, 969 წელს იცოცხლა. ამ ხალხის შესახებ, ენოქის გარდა, თითქმის არაფერია ცნობილი. ენოქის შესახებ კი ბიბლიაში წერია, რომ სიმართლით ცხოვრობდა და სიხარულით ემსახურებოდა ღმერთს. როდესაც 365 წლის გახდა, ღმერთმა წაიყვანა იგი თავისთან, ანუ, კი არ მოკვდა და დაიკრძალა, არამედ ცოცხლად იქნა ატაცებული ცაში. მეთუშალახის ძეს, ლამექს, ეყოლა ვაჟი, რომელსაც დაარქვეს ნოე (ეს სახელი ნიშნავს `დამამშვიდებელს~), რადგან მასში ნახეს მშობლებმა სიმშვიდე მძიმე შრომის დროს.

ნოეს დღეებში შეთის შთამომავლებმა ისე დაიწყეს ცხოვრება, როგორც კაენმა: მათ დაივიწყეს ღმერთი და მრავალი ბოროტება ჩაიდინეს. ეს ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, რომ ღმერთი ყველა მათს ცოდვას ხედავდა. ისინი მთლიანად დაემორჩილნენ შურს, ზიზღს, მეტოქეობას და ერთმანეთს ებრძოდნენ. უმრავლესობას მათგან აღარაფრის ცოდნა აღარ უნდოდა ღმერთის შესახებ და მხოლოდ საკუთარი ძალისა და ძლევამოსილების იმედად იყო. ისინი არ ფიქრობდნენ იმაზე, რომ ადამიანის ძლევამოსილებაც ღმერთისგან მომდინარეობს. მათ დაავიწყდათ, რომ სწორედ ღმერთმა შექმნა წელიწადის დროები; რომ ის აძლევს უფლებას მარცვალს – გამოიღოს ნაყოფი და ის გზავნის ქარს, წვიმას და მზის სინათლეს.

ღმერთი დამწუხრებული იყო იმით, რომ ადამიანებს აღარ უყვარდათ თავიანთი შემოქმედი და ერთმანეთი. და ინანა ღმერთმა, რომ შექმნა ადამიანი. მან გადაწყვიტა – გაენადგურებინა სიცოცხლე დედამიწაზე, რათა დაესრულებინა ბოროტება. მხოლოდ ნოემ მოიპოვა კეთილგანწყობა ღვთისა, რადგან ის იყო უცოდველი და მართალი. 500 წლის ასაკში მას ჰყავდა სამი შვილი _ სემი, ქამი და იაფეტი.

ნოე მოუწოდებდა ადამიანებს – უარი ეთქვათ ბოროტ საქმეთა კეთებაზე და ღმერთისკენ ებრუნათ პირი. იგი აფრთხილებდა მათ, რომ ღმერთი წარღვნით გაანადგურებდა მსოფლიოს, თუკი არ შეიცვლიდნენ ცხოვრების წესს და ისევ ღმერთისკენ არ იბრუნებდნენ პირს. თუმცა მას არავინ უსმენდა.

მაშინ, როდესაც ღმერთმა დაინახა, რომ ისინი არ იცვლებოდნენ, არამედ პირიქით, გაამრავლეს თავიანთი ცოდვები, მიმართა ნოეს:

_ დადგა დრო. მე მოვავლენ დიდ წარღვნას. ადამიანები ბოროტები არიან, მაგრამ შენთან დავდებ აღთქმას: წარღვნას გადაურჩება მხოლოდ შენი ოჯახი _ შენ, შენი ცოლი, შენი შვილები და მათი ცოლები. ამისათვის უნდა ააგო დიდი კიდობანი, ანუ გემი. მისმინე და ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც მე გეტყვი. აიღე ულპობელი ხის ძელები, გაზეთე ისინი შიგნიდან და გარედან, რათა წყალმა არ შეაღწიოს გემში. ეს გემი უზარმაზარი უნდა იყოს: ას ოცდაათი მეტრი სიგრძეში, ოცდაორი – სიგანეში და ცამეტი მეტრი სიმაღლეში. გვერდიდან გაუკეთე კარი, რომელიც მჭიდროდ დაიკეტება, ზევიდან კი პატარა ფანჯარა დაუყოლე. კიდობანს ექნება სამი სართული. ამხელა გემი იმისთვისაა საჭირო, რომ შენ შეძლო, თან წაიყვანო ყველა ჯიშის ფრინველი, ყველა ოთხფეხა ცხოველი, ყველა ჭია და ხოჭო, ყველა დიდი თუ პატარა ცხოველი თავის მეწყვილესთან ერთად.

ნოემ და მისმა შვილებმა მაშინვე დაიწყეს კიდობნის აგება. ეს საქმე რამდენიმე წელს გრძელდებოდა. ყველა, ვინც გვერდით ჩაუვლიდა, კითხულობდა: `რას აშენებ, ნოე?~ და როცა ის პასუხს სცემდა, რომ ეს გემი იქნებოდა, დასცინოდნენ მას.

_ როგორ წაათრევ ასეთ მძიმე საგანს ზღვამდე?

_ წყალი თვითონ მოვა აქამდე და მაშინ ის გაცურავს. _ ეუბნებოდა ნოე.

_ აქამდე? შენ გაგიჟებულხარ, ნოე!

ნოეს და მის ოჯახს უჭირდა იმის მოსმენა, თუ როგორ დასცინოდნენ მათ, მაგრამ ისინი ღმერთს ენდობოდნენ და პასუხად მიუგებდნენ ხოლმე ადამიანებს: `ღმერთი მოავლენს დიდ წარღვნას და გაანადგურებს ყველას, ვინც გეგმავს და სჩადის ბოროტებას~. როდესაც ამ უზარმაზარი გემის აგება დასრულდა, ღმერთმა უთხრა ნოეს:

_ შედი კიდობანში შენს ოჯახთან ერთად და თან წაიყვანე ყველა ცოცხალი არსება, როგორც მე დაგარიგე. ერთ კვირაში მოვავლენ წარღვნას. ორმოცი დღე და ღამე იწვიმებს, სანამ მთელი მიწა არ დაიფარება წყლით.

ნოემ გახსნა უზარმაზარი კარი და ცხოველებმა წყვილ-წყვილად დაიწყეს კიდობანში შესვლა. მან ასევე შეიტანა პროდუქტები, მარცვლეული, ყველანაირი ხის ნაყოფი და თივა, რომ ყველა ცოცხალ არსებას ჰქონოდა საკვები. შემდეგ კიდობანში შევიდნენ ნოე, მისი ცოლი და შვილები თავიანთ ცოლებთან ერთად. ამრიგად, კიდობანში იყო რვა ადამიანი. ნოეს არ დაუკეტავს კიდობნის კარი, ის ღმერთმა დაგმანა, და ნოემ იცოდა, რომ მას არ უნდა გაეღო კარი, სანამ ღმერთი არ დაავალებდა ამის გაკეთებას.

ბოლოს მათ შემოესმათ წვიმის ხმა. თავიდან ეს იყო ცალკეული წვეთები, მაგრამ შემდეგ თავსხმა წვიმა წამოვიდა. ცოტა ხნის შემდგომ ისინი მიხვდნენ, რომ წყალმა კიდობნამდე მიაღწია. ბოლოს კი იგრძნეს, რომ წყლის ტალღებმა ასწია მათი გემი და ის გაცურდა.

მთელი ორმოცი დღე წვიმდა. კიდობნის ბინადართათვის ეს დრო უსასრულოდ გაგრძელდა. მოულოდნელად ყველა ადამიანისა და ცხოველის ყურადღება მიიქცია უცნაურმა სიჩუმემ. ნეტავ რა იყო ეს? ის, რომ წვიმა შეწყდა! მაგრამ მათი გემი კვლავ ტალღებზე ტივტივებდა. მთელი მიწა და მაღალი მთის მწვერვალებიც კი წყლით იყო დაფარული.

მხოლოდ ას ორმოცდაათი დღის შემდეგ უბრძანა ღმერთმა წყალს, რომ დაწეულიყო, მაგრამ ეს კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდა.

უცებ რაღაც მოხდა. მთელი გემი რაღაცამ შეაზანზარა. ეს იყო მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს; მიწა კი, რომელსაც კიდობანი გამოედო, გახლდათ მთა არარატი. ნოემ კიდევ ორმოცი დღე დაიცადა და შემდეგ გახსნა ფანჯარა და გაუშვა ყორანი.

_ ამას რატომ აკეთებ? _ იკითხა ნოეს ცოლმა.

_ თუ ყორანი დაბრუნდება, მეცოდინება, რომ მან ვერ ნახა თავისთვის საცხოვრებელი ადგილი კიდობნის გარეთ, _ უპასუხა ნოემ.

ყორანი არ დაბრუნდა და ყველას გაუხარდა. ნოემ კი თქვა:

_ ყორანი ისეთი ფრინველია, რომელსაც დიდხანს შეუძლია ფრენა, დასასვენებლად კი კლდის პატარა თხემიც ჰყოფნის. ახლა კი მტრედს გავუშვებ.

მტრედი გაფრინდა, მაგრამ მალე დაბრუნდა.

_ ეტყობა, ჯერ კიდევ ბევრი წყალია გარშემო, _ გაიფიქრა ნოემ. _ კიდევ ერთი კვირა დაველოდოთ.

შვიდი დღის შემდეგ, ნოემ ისევ გაუშვა მტრედი. დაძაბულნი ელოდნენ მას ნოე და თავისი ოჯახის წევრები. ბოლოს მტრედი შეფრინდა კიდობანში. მას ზეთისხილის ახალი ფოთოლი ეკავა ნისკარტით! როდესაც მომდევნო შვიდი დღის შემდეგ ნოემ ისევ გაუშვა მტრედი, ის აღარ დაბრუნებულა.

ნოე მიხვდა, რომ წყალმა იკლო და მიწაც გაშრა. ახლა ის იცდიდა, როდის დაავალებდა ღმერთი მას კიდობნიდან გასვლას. ბოლოს ღმერთმა თქვა:

_ გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი და შენი შვილები თავიანთი ცოლებით. გამოიყვანე ყველა ცხოველი, ყველა ფრინველი და ქვეწარმავალი.

როგორც იქნა, დიდი კარის გახსნის დრო დადგა. გახარებული ცხოველები გარეთ გაცვივდნენ. ფრინველებმა გაშალეს ფრთები და გაფრინდნენ სხვადასხვა მხარეს.

ნოეს ოჯახმა შვებით ამოისუნთქა. ისინი ეხვეოდნენ ერთმანეთს და სიხარულს ვეღარ ფარავდნენ.

ნოემ კვლავ დაინახა მწვანე ბორცვები და ველები. მაგრამ სად იყვნენ დედამიწის საშინელი მცხოვრებნი? ისინი აღარ იყვნენ. წარღვნა საშინელ სასჯელად ექცათ ადამიანებს, რომლებიც არ ემსახურებოდნენ ღმერთს და ბოროტებას სჩადიოდნენ.

ნოემ ბოლომდე გაიაზრა ღვთის გულმოწყალება, რომელმაც იხსნა იგი წარღვნისაგან.

იქვე არსებული ქვებისგან გააკეთა ნოემ საკურთხეველი, შეარჩია რამდენიმე ცხოველი და ფრინველი და მსხვერპლად შესწირა ღმერთს. ღმერთს ესიამოვნა ეს მსხვერპლი და თავისთვის გაიფიქრა: `აღარ დავწყევლი დედამიწას ადამიანების ცოდვების გამო~. მან იცოდა, რომ ადამიანები არ შეწყვეტდნენ ცოდვის კეთებას. აგრეთვე, ღმერთმა თქვა, რომ არ შეწყდებოდა მიწაზე ხვნა და თესვა, სიცივე და გვალვა, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე. და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები, რომ გამრავლებულიყვნენ და აევსოთ თავიანთი შვილებით მიწა. და დაუდო აღთქმა ღმერთმა ნოეს და მის შვილებს, და ყველა ადამიანს, რომლებიც იცხოვრებდნენ მათ შემდეგ, და ყველა ცხოველს ამ დედამიწაზე. იგი დაჰპირდა მათ, რომ აღარასოდეს წალეკავდა წარღვნით და აღარ გავერანდებოდა მიწა წყლით. და დაადგინა ღმერთმა განსაკუთრებული ნიშანი, რომელიც ყველას გაახსენებდა ამ აღთქმას _ ცისარტყელა ღრუბლებში. იგი ყოველთვის გამოჩნდებოდა ცაზე, როცა წვიმა კლებას დაიწყებდა და მზე გამოანათებდა. და უთხრა ღმერთმა ნოეს:

_ აი, შეთანხმების ნიშანი, რომელიც დავდე შენთან და ყველა სულიერთან მიწაზე.

მაშინ, როდესაც ცისარტყელას შეხედავთ, გაიხსენეთ მისი მნიშვნელობა. ის არ არის ცის უბრალო მშვენება წვიმის შემდეგ. ის გახლავთ ნიშანი ღმერთის განსაკუთრებული სიკეთის, ერთგულების და ადამიანებზე ზრუნვის.

კითხვები:

1) რატომ მოავლინა ღმერთმა წარღვნა?

2) როგორ გადარჩა ნოე?

3) რამდენი დრო ჰქონდათ ადამიანებს დედამიწაზე, რომ დაფიქრებულიყვნენ და აღარ შეეცოდათ?

4) რომელი ფრინველები გამოუშვა კიდობნიდან ნოემ, რათა გაეგო, გაშრა თუ არა მიწა?

5) რას დაჰპირდა ღმერთი ნოეს?

6) რა უნდა გაგვახსენოს ცისარტყელამ?

4. წარღვნა00:00 / 11:30