
პავლე და სილა
ბიბლია, მოციქულთა საქმეების წიგნი, თავი 16:19-40
ადრე სავლეს სძულდა ქრისტიანები და დევნიდა მათ, ახლა კი იგი ბევრს შრომობდა სახარების გასავრცელებლად. სავლეს ახლა პავლეს ეძახდნენ და ამით ამოწმებდნენ, რომ ის სრულიად შეიცვალა. რამდენიმე თანამზრახველთან ერთად ის ევროპაშიც მოგზაურობდა ღვთის სიტყვის გასავრცელებლად. ყველგან, სადაც პავლე მიდიოდა, უპირველესად იუდეველებთან შეხვედრას ეძიებდა, რომლებიც სინაგოგის უქონლობის გამო, ხშირად, შაბათობით, ღია ცის ქვეშ იკრიბებოდნენ ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის შემდეგ, მასთან მდიდრულად შემოსილი ქალი მივიდა. მას ლიდია ერქვა. მან სთხოვა პავლეს, მეტი მოეყოლა იესოს შესახებ.
საუბარი გაგრძელდა. ბოლოს ლიდიამ თქვა:
_ ილოცეთ ჩემთან ერთად, რომ ღმერთმა თავის შვილად მიმიღოს და ძალიან მინდა, მოვინათლო.
ნათლობის შემდეგ ლიდიამ სახლში მიიწვია იგი თავის თანამგზავრებთან ერთად და მასთან დარჩენა სთხოვა. მაგრამ პავლე და სილა, მისი ერთ-ერთი თანამგზავრი, ვერ დარჩნენ მასთან დიდხანს. სულ რამდენიმე დღეში ქალაქის მოსამართლემ ციხეში ჩასვა ისინი. ზოგიერთი მოქალაქე აღშფოთებული იყო იმით, რომ იუდეველები ქადაგებდნენ ბერძნებისა და რომაელების ქალაქში. პავლე და სილა ჩასვეს საკანში და ფეხებზე ხუნდები, ანუ ბორკილები დაადეს. მათ განძრევაც კი არ შეეძლოთ, რომ აღარაფერი ვთქვათ ადგომაზე. თუმცა ორივე მქადაგებელმა იცოდა, რომ ღმერთი მათთან იყო ციხეშიც კი. ის აძლიერებდა და მხნეობას მატებდა მათ.
ღვთის კაცები სიხარულით მღეროდნენ უფლის საადიდებელ საგალობლებს. თავიდან ამას ჩუმად აკეთებდნენ, შემდეგ კი უფრო და უფრო ხმამაღლა მღეროდნენ, ისე, რომ მეზობელ საკნებშიც ისმოდა მათი ხმა. პატიმრები საკუთარ ყურებს ვერ უჯერებდნენ: როგორ შეეძლოთ ადამიანებს, ასე მხიარულად ემღერათ ციხეში?
უცებ მომღერალთა ხმებს შეუერთდა სხვა ხმა: დაბალი, ყრუ ქუხილი. მომდევნი წამში ყველაფერი შეზანზარდა. მიწისძვრა! შენობა ირყეოდა, თუმცა არ დანგრეულა.
პავლემ და სილამ შენიშნეს, რომ მათ ბორკილები დასცვივდათ. გარეთ გამავალი კარიც ღია აღმოჩნდა.
მიწისძვრამ ციხის ზედამხედველი გააღვიძა. იგი წამოხტა და დაინახა, რომ კარი ღიაა.
_ ყველა პატიმარი გაიქცა! _ გაიფიქრა მან. _ ამისთვის მკაცრად დამსჯიან. უმჯობესია, თვითონ მოვიკლა თავი.
პავლემ როდესაც დაინახა, რომ ზედამხედველმა მახვილი ამოიღო და თავის მოკვლა დააპირა, ხმამაღლა დაიძახა: `არ გააკეთო ეს! ჩვენ ყველანი აქ ვართ!~
ზედამხედველი დარწმუნდა, რომ არავინ გაქცეულა და ათრთოლებული დაემხო პავლესა და სილას წინაშე. თუ ამ ხალხის ღმერთს მიწისძვრის გამოწვევა შეუძლია მათს გასათავისუფლებლად, ეტყობა, მართლაც ჭეშმარიტი ღმერთი ყოფილა.
_ ჩემო ბატონებო, რა უნდა გავაკეთო, რომ გადავრჩე?
_ ირწმუნე უფალი იესო ქრისტე და გადარჩები! _ უპასუხა პავლემ.
ამის შემდეგ ციხის ზედამხედველმა სახლში მიიპატიჟა ისინი. პავლე და სილა ხალისით გაჰყვნენ მას, თან უყვებოდნენ იესოს შესახებ. ისინი ამბობდნენ, რომ იესო მხოლოდ სიკეთეს აკეთებდა; ისე ცხოვრობდა და ლაპარაკობდა, რომ ხალხი დარწმუნებულიყო, რომ იესო არის ძე ღვთისა. მათ უამბეს, თუ როგორ აცვეს რომაელებმა ჯვარს უფალი, თუმცა მას არაფერი დაუშავებია. და რომ პავლეს და სილას სულაც არ უკვირთ მათ მიმართ განხორციელებული დევნა. მართლაც, რატომ უნდა მოექცნენ მათ უკეთესად, ვიდრე უფალს?.. პავლემ და სილამ აგრეთვე აუხსნეს ზედამხედველის ოჯახის წევრებს, რომ იესო მოკვდა ადამიანების ცოდვების გამო, მათ შორის, თითოეული მათგანის გამო. იქ, ჯვარზე, მან იტვირთა ცოდვები იმისთვის, რომ ღმერთისა და ადამიანების ურთიერთობაში კვლავ დამყარდეს წესრიგი. პავლეს და სილას არ დავიწყებიათ ეთქვათ ქრისტეს აღდგომისა და სულიწმიდის შესახებ, რომლის წყალობითაც იესო ყოველთვის არის მათთან, ვისაც სწამს იგი.
_ მეც მინდა ვეკუთვნოდე ქრისტეს! _ თქვა ზედამხედველმა. _ მინდა ვთხოვო მას, მიმიღოს, როგორც თავისი შვილი.
_ თუ ღმერთი ქალებსაც იღებს, მეც მინდა ვემსახურო მას, _ წამოიძახა ზედამხედველის ცოლმა.
პავლემ თქვა:
_ რა თქმა უნდა, სახარება ქალებსაც ეხება! ასევე ბავშვებსაც! თქვენს ქალაქში ერთი ქალი უკვე გახდა ქრისტიანი.
საუბრისა და ნათლობის შემდეგ, მასპინძელმა შესთავაზა მათ სადილობა. მაგრამ მზის ამოსვლისთანავე პავლე და სილა ლიდიასკენ გაემართნენ, რომელიც ძალიან ღელავდა მათ გამო. ახლა პავლეს და სილას შეეძლოთ არა მარტო იმის თქმა, თუ როგორ იცავდა მათ ღმერთი, არამედ იმისაც, რომ ზედამხედველის ოჯახიც შეუერთდა ქრისტიანთა რიგებს გასულ ღამეს!
კითხვები:
1) სად წაიყვანეს პავლე და სილა?
2) რა გაკეთდა საიმისოდ, რომ პატიმრებს გაქცევა არ შესძლებოდათ?
3) როგორ ახსნით, რატომ მღეროდნენ პავლე და სილა ღამით?
4) როგორ აღმოჩნდნენ პავლე და სილა თავისუფალნი?
5) რა დაემართათ ციხის ზედამხედველსა და მისი ოჯახის წევრებს?