პეტრე ციხეში

პეტრე ციხეში

ბიბლია, მოციქულთა საქმეების წიგნი, თავი 12:1-17

რომის იმპერატორმა იუდეისა და პალესტინის უდიდესი ნაწილის მმართველად დანიშნა ჰეროდე დიდის შვილიშვილი _ ჰეროდე აგრიპა. მისი მმართველობის დროს დაიწყო ქრისტიანთა დიდი დევნა. ჰეროდემ იცოდა, რომ იუდეველთა რელიგიურ წინამძღვრებს სძულდათ მოციქულები და იესოს ყველა მოწაფე. მათი კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით, მან ბრძანა, რომ მოეკლათ ერთ-ერთი მოციქული, იაკობი, იოანეს ძმა. მკვლელობას იუდეველები მოწონებით შეხვდნენ, ამიტომ მან პეტრეს დაპატიმრების განკარგულებაც გასცა.

პეტრეს ციხეში ჩასმის შემდეგ ჰეროდემ უბრძანა თექვსმეტ მეომარს, ედარაჯათ პატიმრისთვის დღისით და ღამით.

ჰეროდემ უკვე დანიშნა პეტრე მოციქულის სიკვდილით დასჯის დღე, ეკლესია კი გულდასმით ლოცულობდა მისთვის! დანარჩენი მოციქულები ამ დროს არ იყვნენ იერუსალიმში. ისინი გაერიდნენ ქალაქს, რათა დევნისთვის დაეღწიათ თავი. თუმცა, მოციქულთა გარდა, ქალაქში მრავლად იყვნენ სხვა მოწაფეებიც. სწორედ ისინი შეიკრიბნენ ლოცვისთვის მარკოზად წოდებული იოანეს დედის, მარიამის, სახლში.

მიუხედავად ყველაფრისა, პეტრეს მშვიდად ეძინა ციხეში. გარდა ამისა, დარაჯები იდგნენ ციხის გარე და შიდა კარებთან, ასევე ქუჩაზე გამავალ კართან. შეეძლო პეტრეს ციხიდან გაქცევა? არა, და ის არც ცდილობდა ამის გაკეთებას.

თუმცა მოხდა მოულოდნელი რამ. ღვთის ანგელოზი წარდგა პეტრეს წინაშე: სინათლეს ასხივებდა იგი. პეტრეს ღრმად ეძინა, ამიტომ მან ხელი ჰკრა მას გასაღვიძებლად და უთხრა:

_ სწრაფად ადექი!

იმავე წამს პეტრეს ხელებიდან დასცვივდა ჯაჭვები. ანგელოზმა უბრძანა პეტრეს, შემოერტყა სარტყელი, ჩაეცვა ფეხსაცმელი და მოეცვა მოსასხამი. ამ დროს ჯარისკაცებს ეძინათ.

შემდეგ ანგელოზმა უთხრა:

_ გამომყევი!

პეტრე ანგელოზთან ერთად გავიდა ციხის ღია კარში. მძინარე დარაჯებს შორის გავლით ანგელოზმა რკინის კართან მიიყვანა. კარი თავისით გაიღო მათ წინ. ისინი ერთად გავიდნენ ქალაქში; ცოტა ხანს ასე იარეს და ბოლოს ანგელოზი გაქრა. როდესაც პეტრე გონს მოვიდა, თქვა:

_ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ღმერთმა გამოგზავნა თავისი ანგელოზი, რათა ვეხსენი ჰეროდესა და იუდეველებისგან, რომლებსაც ჩემი მოკვლა უნდოდათ.

შემდეგ ის მივიდა იმ სახლთან, სადაც მრავალი მორწმუნე იყო შეკრებილი და მისი გადარჩენისთვის ლოცულობდა. პეტრემ დააკაკუნა და ამ ხმაზე მსახური მივიდა კართან. როდესაც მან პეტრეს ხმა იცნო, კარის გაღების ნაცვლად, ისევ შიგნით შევარდა გახარებული და ყველას შეატყობინა, რომ კართან პეტრე დგას. მოწაფეებმა არ დაიჯერეს და ეუბნებოდნენ, კართან ალბათ ანგელოზი დგას, რომელიც ღმერთმა გამოგზავნა პეტრეს დასაცავადო.

პეტრე აგრძელებდა კაკუნს. როდესაც კარი გააღეს და პეტრე დაინახეს, მოწაფეები გაოგნებულნი უყურებდნენ მას. მათს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! პეტრემ ხელით ანიშნა, რომ არ ეხმაურათ, რათა მტრებში ეჭვი არ გამოეწვიათ. როცა ყველა დამშვიდდა, პეტრე მოუყვა მათ, თუ რა სასწაულებრივად გაათავისუფლა უფალმა იგი პატიმრობიდან.

შემდეგ პეტრე წავიდა იერუსალიმიდან, ჰეროდეს რომ ვერ მოეძებნა იგი.

კითხვები განსახილველად

4 კითხვა
  1. რომელმა მეფემ წამოიწყო იერუსალიმში ქრისტიანთა დევნა? რატომ აკეთებდა ის ამას?

  2. რომელი მოციქული მოკლეს პირველად? ვინ უნდა ყოფილიყო შემდეგი?

  3. რას აკეთებდა ამ დროს ეკლესია?

  4. რა დაემართა პეტრეს დასჯის წინა ღამეს?

98. პეტრე ციხეში00:00 / 04:44