პავლეს გზა რომისკენ

პავლეს გზა რომისკენ

ბიბლია, მოციქულთა საქმეების წიგნი, თავები: 21-28

ძალიან გახარებულნი იყვნენ იერუსალიმის ეკლესიის წევრები, როცა პავლე და მისი თანამგზავრები მივიდნენ მათთან! პავლე მოუყვა მათ ყველაფერს, რაც ღმერთმა მოიმოქმედა წარმართებთან მისი მსახურების მეშვეობით, და ყველა ადიდებდა უფალს მისი სიტყვის ძლიერებისთვის; მაგრამ სიხარული არ გამოდგა ხანგრძლივი.

იერუსალიმში მისვლიდან შვიდი დღის შემდეგ, პავლე მივიდა ტაძარში, რათა მსხვერპლი შეეწირა თავისი აღთქმის ნიშნად. იქ კი იუდეველებმა დაინახეს იგი და შეიცნეს მასში იესო ქრისტეს სწავლების მქადაგებლი, რომლის შესახებაც მათ არაფრის ცოდნა არ უნდოდათ. შეიპყრეს პავლე და დაიწყეს ყვირილი, რომ ის ყველგან ასწავლის მათი რჯულის საწინააღმდეგოდ, თან ტაძარიც შებილწა, როცა წარმართები შეიყვანა იქ. გაბრაზებულებმა გაათრიეს ის ტაძრიდან, რათა მოეკლათ, რადგან ტაძარში არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. რომაელი ჯარისკაცების მეთაურმა, კლავდიუს ლისიამ, დაინახა, თუ როგორი მღელვარება ატყდა ქალაქში და ბრძანა, ბორკილები დაედოთ პავლესთვის და ციხეში ჩაესვათ იგი.

გზად პავლემ ითხოვა, რომ ხალხისთვის სიტყვის თქმის უფლება მიეცათ მისთვის. ის მოუყვა იუდეველებს, როგორ მოექცა უფლისკენ და მიიღო ცოდვების მიტევება. თავიდან იუდეველები ყურადღებით უსმენდნენ, მაგრამ როცა მან თქვა, რომ ღმერთმა სხვა ხალხთან (წარმართებთან) გაგზავნა საქადაგებლად, საშინელი ყვირილი მორთეს. ისინი გაიძახდნენ, რომ ამ ადამიანმა არ უნდა იცოცხლოს. როცა კლავდიუს ლისიამ დაინახა, რომ პავლეს სიტყვებმა მღელვარება გამოიწვია ხალხში, მისი წაყვანა ბრძანა ციხესიმაგრეში, სადაც ის უნდა გაემათრახებინათ და დაეკითხათ, რაზეც მან თქვა:

_ განა თქვენთვის ნებადართულია რომის მოქალაქის დასჯა, თანაც სასამართლოს გარეშე?

რომაელები დაიბნნენ და აღარ დაჰკითხეს იგი, თუმცა ბორკილები მაინც არ მოხსნეს.

მეორე დღეს პავლე სინედრიონის წინაშე წარდგა. საქმის გარჩევის დროს ორ მოწინააღმდეგე ბანაკს შორის განხეთქილება ჩამოვარდა. ერთნი ბრალს სდებდნენ მას, მეორენი კი ამბობდნენ, რომ ცუდს ვერაფერს ხედავენ მასში. მღელვარება ძლიერდებოდა. იუდეველები ყველა მხრიდან ავიწროებდნენ პავლეს. კლავდიუსს შეეშინდა, რომ გაგლეჯდნენ პატიმარს და თავის მეომრებს მისი ციხესიმაგრეში წაყვანა უბრძანა.

ღამით კი პავლეს უფალი იესო გამოეცხადა და უთხრა:

_ გაბედულად იმოქმედე, პავლე, როგორც იერუსალიმში ამოწმებდი ჩემ შესახებ, ისევე უნდა დაამოწმო რომშიც!

ხანგრძლივი გარჩევებისა და იუდეველთა მიერ მისი მოკვლის არაერთი მცდელობის შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გაეგზავნათ პავლე კეისართან სამართლის აღსასრულებლად.

ამისათვის პავლე რომში უნდა წაეყვანათ, რათა იქ იესო ქრისტეს სახარება ექადაგა მას თვით კეისრისთვის. ასე აღასრულა უფალმა თავისი გეგმა.

პავლეს მოგზაურობა რომისკენ დაიწყო კესარიის ნავმისადგომიდან. მათ ხანგრძლივი და სახიფათო გზა ელოდათ.

ხმელთაშუა ზღვაზე წელიწადის ამ დროს ხშირი იყო დიდი ქარიშხლები და ხის პატარა იალქნიანი გემით გასვლა ზღვაში სახიფათო გახლდათ. პავლე აფრთხილებდა ამის შესახებ მეზღვაურებს, მაგრამ მათ არ მოუსმინეს მას.

ერთ დღეს მართლაც ამოვარდა ძლიერი ქარიშხალი. უზარმაზარი ტალღები ხან ერთ მხარეს გააქანებდა გემს, ხან მეორე მხარეს. გემის გადასარჩენად მეზღვაურებმა ბარგის დიდი ნაწილი გადაყარეს ზღვაში, მაგრამ მდგომარეობა მაინც უარესდებოდა. რამდენიმე დღის განმავლობაში მიაქანებდა ქარიშხალი გემს სხვადასხვა მიმართულებით. ხალხს გადარჩენის ყველანაირი იმედი გადაეწურა. მაშინ პავლემ ხმამაღლა მიმართა გემის ეკიპაჟს:

_ მეგობრებო! არ შეშინდეთ, არცერთი თქვენგანი არ დაიღუპება, მხოლოდ გემი დაიმსხვრევა. მე ეს ვიცი, რადგან ჩემი ღმერთის ანგელოზმა მითხრა გასულ ღამეს: `ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარდგე!~ მეგობრებო, გამხნევდით! მე მჯერა ჩემი უფლის: ყველაფერი ისე იქნება, როგორც მან თქვა!

ქარიშხლის დაწყებიდან თოთხმეტი დღის შემდეგ მეზღვაურებმა ხმელეთი დაინახეს, მაგრამ ვერ შეძლეს მასთან ახლოს მისვლა. გემი მეჩეჩზე შეჯდა, სადაც მისი ცხვირი ჩაერჭო, გემბანის უკანა ნაწილი კი დიდი ტალღების მიხეთქების შედეგად დაიმსხვრა; მაგრამ ხალხი გადარჩა: მათ მოახერხეს ნაპირამდე მიღწევა.

ღმერთმა შეასრულა თავისი ნათქვამი! არავინ დაღუპულა და არც კი დაშავებულა. ახლა შესაძლებელი გახდა ღვთის გეგმის შესრულება, რომ იესოს სახელი რომშიც განედიდებინათ.

ღმერთმა სასწაულებრივად მიიყვანა პავლე რომში, სადაც ის მადლს სწირავდა უფალს, რომ შეეძლო დაემოწმებინა იესო ქრისტესადმი თავისი რწმენა კეისრის წინაშე.

პავლე ქალაქ რომში შედიოდა არა როგორც პატიმარი, არამედ როგორც უფალ იესოს მოწამე, როგორც თავისი ზეციერი მეფის წარგზავნილი!

კითხვები განსახილველად

4 კითხვა
  1. რატომ მიიყვანა კლავდიუს ლისიამ პავლე სინედრიონში? რა მოხდა იქ?

  2. როგორ გაამხნევა ღმერთმა დაპატიმრებული მოციქული? რატომ იყო ეს ასე მნიშვნელოვანი პავლესთვის?

  3. რა მოხდა ზღვაში?

  4. როგორი იყო ღვთის გეგმა პავლეს რომში მივლინებით?

100. პავლეს გზა რომისკენ00:00 / 06:20