ტაბითას გაცოცხლება

ტაბითას გაცოცხლება

ბიბლია, მოციქულთა საქმეების წიგნი, თავი 9:36-42

ერთხელ მოციქული პეტრე წავიდა სოფელ ლიდაში, რომელიც იერუსალიმიდან ოც კილომეტრში ბორცვებს შორის მდებარეობდა. ლიდას ბევრ მცხოვრებს სწამდა უფალ იესოსი და პეტრეს უყვარდა მათი მონახულება. ერთი კაცი, სახელად ენეასი, ძალიან ავად იყო. რვა წელი იწვა ის ლოგინში პარალიზებული. პეტრემ უთხრა მას:

_ ენეას! იესო ქრისტემ განგკურნა შენ. ადექი საწოლიდან!

და ის მაშინვე ადგა. პეტრეს არ უთქვამს: `მე განგკურნავ შენ~, რადგან იცოდა, რომ მხოლოდ ქრისტეს ძალა კურნავს ავადმყოფს. ისინი, ვინც ენეასის ავადმყოფობის შესახებ იცოდნენ, სასწრაფოდ გაემართნენ მისკენ, რათა საკუთარი თვალით ენახათ იგი. ხოლო როცა გამოჯანმრთელებული ნახეს, ბევრმა ირწმუნა უფალი.

ლიდადან ოცდაათ კილომეტრში იყო ზღვისპირა ქალაქი იაფო. ლიდას რამდენიმე მცხოვრებელი წავიდა იქ და მოჰყვა, როგორ განკურნა პარალიზებული კაცი მათთან მისულმა მოციქულმა პეტრემ და აღადგინა მისი ძალა იესოს სახელით.

ამის გამგონე მოქალაქეებმა თავისთან მიიწვიეს პეტრე, რადგან ამ დროს ავად გახდა და მოკვდა მათი ეკლესიის წევრი ქალი, სახელად ტაბითა. ის ბევრს ეხმარებოდა გაჭირვებულებს და ისინი მწარედ გლოვობდნენ მას. მეგობრები მოემზადნენ მის დასაკრძალავად, მაგრამ გადაწყვიტეს, ეთხოვათ პეტრესთვის – მისულიყო მათთან ქალის დაკრძალვამდე. იაფოში მისული პეტრე შევიდა გარდაცვლილის წინკარში, სადაც შეკრებილნი იყვნენ მეგობრები და ქვრივები, რომელთაც ტაბითა ეხმარებოდა ხოლმე. ღარიბი ქალები აცრემლებულნი აჩვენებდნენ პეტრეს იმ ტანსაცმელს, რომლებიც ტაბითამ შეუკერა მათ. ისინი ძალიან იყვნენ მიჯაჭვულნი გარდაცვლილზე, რადგან მას ძალიან უყვარდა ისინი.

პეტრემ ყველას სთხოვა გარეთ გასვლა. როდესაც ისინი გავიდნენ, პეტრე მუხლებზე დაემხო, ლოცვით ადიდა ღმერთი და უთხრა გარდაცვლილს:

_ ტაბითა! ადექი!

ქალმა თვალები გაახილა და პეტრეს დანახვისას წამოჯდა. შემდეგ პეტრემ ხელი გაუწოდა მას და ადგომაში დაეხმარა. ამის შემდგომ დაუძახა მორწმუნეებსა და ქვრივებს, რომლებიც დაძაბულნი იცდიდნენ, და ცოცხალი ტაბითა წარუდგინა მათ. მეგობრების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!

ეს სასწაული, რომელიც ღმერთმა პეტრეს ლოცვის საპასუხოდ მოახდინა, ყველასთვის გახდა ცნობილი, და მრავალი ადამიანი რწმენით შეუერთდა ეკლესიას.

კითხვები:

1) რა ერქვა ლიდაში მცხოვრებ პარალიზებულ კაცს, რომელიც პეტრემ განკურნა?

2) რომელ ქალაქში მიიწვიეს პეტრე? რატომ უყვარდა ყველას ტაბითა?

3) როგორ გააცოცხლა პეტრემ ტაბითა?

97. ტაბითას გაცოცხლება00:00 / 03:53