
შეხვედრა ემაუსის გზაზე
ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 24:13-35
დანაღვლიანებული ორი მოწაფე იერუსალიმიდან ქალაქ ემაუსში მიდიოდა. გზად ისინი საუბრობდნენ იმაზე, თუ რა მოხდა უკანასკნელ დღეებში. ისინი გაჰყვნენ იესოს იმის იმედით, რომ იგი გახდებოდა დიდი წინამძღოლი, რომელიც გაათავისუფლებდა თავის ხალხს. ახლა კი ის მკვდარია, ხოლო ქალაქში დადის ხმები, რომ იესო ისევ გაცოცხლდა. ამ ამბავმა ისინი ძალიან დააბნია.
სანამ მოწაფეები საუბრობდნენ, მათ შემოუერთდა მგზავრი. ეს იესო იყო, მაგრამ მან ისე გააკეთა, რომ მათ არ ეცნოთ იგი; თითქოს დაბინდული ჰქონდათ თვალები. რაღაც დროის განმავლობაში ის ჩუმად მიჰყვებოდა მათ, შემდეგ კი ჰკითხა:
_ რაზე საუბრობთ მთელი გზა? რამ დაგაღონათ ასე?
_ ნუთუ არ იცი, რაც ამ დღეებში იერუსალიმში მოხდა?! _ მიუგო ერთმა მათგანმა.
შემდეგ მოწაფეები მოუყვნენ მას ყველაფერს, რაც ბოლო დღეებში მოხდა იერუსალიმში. როდესაც ისინი მორჩნენ მოყოლას, მდუმარედ განაგრძეს გზა. იესომ ჩუმად მოუსმინა მათ, ბოლოს კი თქვა:
_ ნუთუ თქვენ მართლა ვერ აცნობიერებთ იმას, რაც წმინდა წერილში წერია? რომ აცნობიერებდეთ, გეცოდინებოდათ, რომ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო. ქრისტე, ძე ღვთისა, უნდა დატანჯულიყო და მომკვდარიყო კაცობრიობის ცოდვების გამო, შემდეგ კი აღმდგარიყო და ღვთის დიდებაში შესულიყო. ამის შესახებ ბევრგან არის საუბარი მოსესთან, ფსალმუნებში და წინასწარმეტყველებთან.
ბოლოს მან წაუკითხა მათ მრავალი ნაწყვეტი ბიბლიიდან. ამ ნაწყვეტების უმეტესობა მათ იცოდნენ, მაგრამ ან სხვანაირად იგებდნენ, ან არ სჯეროდათ წინასწარმეტყველებების, ან სულაც დაავიწყდათ. მაგრამ ახლა მათ გონების თვალები აეხილათ. მართლაც მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო წმინდა წერილის თანახმად! მათი უფალი და მოძღვარი იმისთვის მოვიდა, რომ მომკვდარიყო ხალხისთვის და ეხსნა ცოდვისაგან, და არა იმისთვის, რომ რომის იმპერატორის ბატონობისგან გაეთავისუფლებინა ისინი. და ის შემთხვევით არ მომკვდარა, არამედ კვლავ დაბრუნებოდა ცოცხალი. და რატომ ვერ მიხვდნენ ამას ადრე?!
რაც უფრო მეტს უსმენდნენ მოწაფეები უცნობს, მათი დარდი ნელდებოდა; მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ, ვინ მიდიოდა მათთან ერთად.
აი, ისინი მიუახლოვდნენ ემაუსს და მათ მიიპატიჟეს იესო სახლში, რათა ერთად ეჭამათ და მათს სახლში დაეძინა მას. უცნობი დაეთანხმა. როცა ყველაფერი მზად იყო, იესომ აიღო პური, მადლობა გადაუხადა ღმერთს, დაამტვრია იგი და ჩამოურიგა მოწაფეებს.
_ ასე აკეთებდა ყოველთვის იესო... უცნაურია, _ ფიქრობდა ორივე.
და მოულოდნელად გონება გაეხსნათ: მათ წინაშე იესო იჯდა! თავიდან ვერ იცნეს იგი, მაგრამ ახლა ეჭვიც აღარ შეჰპარვიათ _ ეს ის იყო! ამ დროს იესო უჩინარი გახდა.
როგორ ვერ იცნეს თავიდან! იმ დროს, როცა იგი წმინდა წერილს უხსნიდა მათ, გულებში თითქოს ცეცხლი უგიზგიზებდათ! მიუხედავად იმისა, რომ იესო მათ გვერდით აღარ იჯდა, ორივე მეგობარი უკვე აღარ დარდობდა. იესო ცოცხალია! მათი სიხარული იმდენად დიდი იყო, რომ გადაწყვიტეს, სხვებისთვისაც გაეზიარებინათ იგი იმავე დღეს. ამიტომ სასწრაფოდ მოემზადნენ და დაბრუნდნენ იერუსალიმში, სახლში, სადაც იესოს თითქმის ყველა მოწაფე იყო შეკრებილი.
კითხვები განსახილველად
3 კითხვარამდენი მოწაფე მიდიოდა ემაუსის გზაზე? რაზე დარდობდნენ და საუბრობდნენ ისინი?
ვინ შეხვდა მათ გზაში?
როგორ იცნეს მათ იესო?