თომას ურწმუნოება

თომას ურწმუნოება

ბიბლია, იოანეს სახარება, თავი 20:24-29

იესოს ერთ-ერთი მოწაფე, თომა, არ იყო სხვებთან ერთად, როცა უფალი გამოეცხადა მათ და თავისი ჭრილობები აჩვენა. მეორე დღეს მეგობრები აღფრთოვანებით უყვებოდნენ თომას ყველაფერს, მაგრამ იგი მხოლოდ თავს აქნევდა.

_ მე არ მჯერა თქვენი, _ თქვა მან. – სანამ დაგიჯერებთ, მე თვითონ უნდა შევამოწმო და ხელი მოვკიდო მის ჭრილობებს.

თომას ურწმუნოს უწოდებენ, რადგან მან თქვა, რომ არ დაიჯერებს, სანამ იესოს არ ნახავს. თომას უნდოდა დარწმუნებულიყო ქრისტეს ხელებისა და ფერდის ნაჭრილობევში თავისი თითების ჩაყოფით. თომას სარწმუნო მტკიცებულებები სჭირდებოდა, რომ დაეჯერებინა მათთვის.

ერთი კვირის შემდეგ მოწაფეები კვლავ ერთად იყვნენ შეკრებილნი. იესო, როგორც წინა შემთხვევაში, მოულოდნელად გაჩნდა მათ შორის.

_ მშვიდობა თქვენდა! _ მიესალმა იესო.

შემდეგ იგი მიუბრუნდა თომას და გაუწოდა თავისი ხელები:

_ აი, ჩემი ხელები. შეეხე ჩემს ჭრილობებს! ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს, მიენდე ღმერთს.

თავისი სიტყვების გამო დარცხვენილი და უფლის მიმართ დიდი სიყვარულით აღვსილი თომა მუხლებზე დაემხო და თაყვანი სცა მას. შემდეგ აკანკალებული ხმით უთხრა:

_ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!

„რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ შინ იყვნენ და თომაც მათთან იყო. შევიდა იესო ჩაკეტილ კარში, დადგა შუაში და თქვა: ‘მშვიდობა თქვენდა.’ მერე თომას ეუბნება: ‘მომეცი აქ შენი თითი და გასინჯე ჩემი ხელები. მომეცი შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ.’ მიუგო თომამ და უთხრა მას: ‘უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!’“

იოანეს სახარება 20:26-28.

კითხვები განსახილველად

3 კითხვა
  1. როგორ გამოვლინდა თომას ურწმუნოება?

  2. რატომ უწოდებენ მას `ურწმუნო თომას~?

  3. ხომ არ საყვედურობდა იესო თომას?

91. თომას ურწმუნოება00:00 / 02:25