
ღვთისადმი აბრაამის სიყვარულის გამოცდა
ბიბლია, დაბადების წიგნი, თავი 22-ე
აბრაამის და სარას შვილის, ისაკის, დაბადების შემდეგ მათს ოჯახში კიდევ უფრო მეტი სიხარული და ბედნიერება დამკვიდრდა. სამივე მათგანს უყვარდა ღმერთი და ერთმანეთი. თქვენ უკვე იცით, რომ აბრაამი მდიდარი კაცი გახლდათ, მაგრამ მისი გული მიჯაჭვული იყო ერთ განსაკუთრებულ `საგანძურზე~ _ თავის შვილ ისაკზე. აბრაამს იგი ზეციერი მამის შემდეგ ყველაზე მეტად უყვარდა.
ერთხელ ღმერთმა მოისურვა აბრაამის გამოცდა, რათა გაეგო, თუ რამდენად ძლიერი იყო მისი სიყვარული უფლისადმი. და აი, ერთხელ აბრაამს შემოესმა შემოქმედის ხმა:
_ წაიყვანე თან შენი საყვარელი შვილი, ისაკი, და მსხვერპად შემომწირე ერთ-ერთ მთაზე, რომელზეც მიგითითებ.
მეტისმეტად რთული იყო აბრაამისთვის ამის გაკეთება, მაგრამ მას უნდოდა, ყველაფერი მოემოქმედებინა, რასაც უფალი უბრძანებდა, რადგან მას მთელი გულით უყვარდა ღმერთი. აბრაამმა დაჩეხა შეშა, აჰკიდა ის სახედარს, თან წაიყვანა ისაკი და ორი მსახური. ყველანი გაუდგნენ გზას, სარა კი შინ დარჩა. გზა შორი გამოდგა. ისინი ადრიანი დილიდან საღამომდე მიდიოდნენ, მხოლოდ ცოტა ხნით ჩერდებოდნენ ხოლმე შესასვენებლად. ისაკს ძალიან უნდოდა იმის გაგება, თუ სად მიდიოდა მამამისი. `მამამ, რა თქმა უნდა, იცის, სად მივდივართ, მაგრამ ნეტავ რატომ არაფერი უთქვამს ჯერ ჩემთვის?~, _ ფიქრობდა ისაკი.
აბრაამს ნამდვილად ჰქონდა მიზეზი, არაფერი ეთქვა მგზავრობის მიზნის შესახებ. წინა დღეს ღმერთმა ისეთი რამ უთხრა, რისი გააზრებაც უჭირდა აბრაამს. სინამდვილეში, ღმერთს არ უნდოდა ისაკის მოკვლა; თუმცა მას სურდა დაენახა, მზად იყო თუ არა აბრაამი, დამორჩილებოდა მას, იმის მიუხედავად, ხვდებოდა თუ არა ამ დავალების არსს.
აბრაამმა კი არ იცოდა ამის შესახებ, არამედ ეგონა, რომ ნამდვილად მოუწევდა თავისი საყვარელი შვილის შეწირვა. ეს ძალიან აფიქრებდა მას. მაგრამ რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, აბრაამს უნდოდა ღმერთის ბრძანების შესრულება.
ბოლოს ისინი მიადგნენ მაღალ მთას. ისაკს უკვე აღარ შეეძლო თავისი ცნობისმოყვარეობის შეკავება.
_ მამა, აი, შეშა და ცეცხლი, ესე იგი, მსხვერპლის შეწირვას აპირებ, _ თქვა მან. _ მაგრამ ბატკანი სადღაა, რაც ამისთვის არის საჭირო?
აბრაამს არაფრის თქმა აღარ შეეძლო. მას თითქოს ბოღმა ახრჩობდა.
_ შვილო, _ ძლივს წარმოთქვა აბრაამმა, _ ღმერთი თვითონ იზრუნებს სრულად დასაწვავ ბატკანზე.
მთაზე ასვლისას მათ ქვების შეგროვება დაიწყეს. აბრაამი ფენებად აწყობდა მათ ერთმანეთზე, სანამ დიდი საკურთხეველი არ გამოვიდა. შემდეგ მან გაკოჭა ისაკი, დააწვინა შეშაზე საკურთხევლის ზემოდან და დანა აღმართა!
ამ დროს მან გაიგონა ღმერთის ხმა:
_ აბრაამ, აბრაამ!
მოხუცი უეცრად გაშეშდა აღმართული დანით ხელში:
_ დიახ, უფალო...
_ ნუ ახლებ ხელს ყმაწვილს! _ თქვა უფალმა. _ ახლა უკვე ვხედავ, რომ შენ ჩემი ერთგული ხარ და მზად ხარ, საკუთარი შვილიც კი შემომწირო.
აბრაამს დიდი სიმძიმე მოეხსნა მხრებიდან. იგი მუხლებზე დაეცა საკურთხევლის წინ, აკანკალებული ხელებით მოაშორა თოკი შვილს და ადგომაში დაეხმარა. მამა და შვილი ჩაეხუტნენ ერთმანეთს და ატირდნენ, მაგრამ არა დარდისგან, არამედ დიდი სიხარულისგან.
შემდეგ, სადღაც ახლოს მათ შემოესმათ ცხვრის ბღავილი. როდესაც იქით გაიხედეს, დაინახეს ბუჩქებში რქებით გახლართული ვერძი. სწორედ ის შესწირეს მსხვერპლად მომზადებულ საკურთხეველზე. ასე დადასტურდა აბრაამის მიერ მანამდე ნათქვამი, რომ ღმერთი თავად გამონახავს მსხვერპლშესაწირავს.
მთიდან ჩამოსვლისას ისინი სიხარულს და სიმსუბუქეს გრძნობდნენ. ისაკს მაგრად ეჭირა მამის ხელი. ორივე ფიქრობდა, თუ რას ნიშნავს – გიყვარდეს ადამიანი და გიყვარდეს ღმერთი. აგრეთვე ფიქრობდნენ, თუ რას ნიშნავს ღმერთის სიყვარული ადამიანის მიმართ, თუმცა ზოგჯერ ძნელია ამის დაჯერება.
კითხვები:
1) რატომ უბრძანა ღმერთმა აბრაამს – მსხვერპლად შეეწირა მისთვის საკუთარი შვილი?
2) მზად იყო აბრაამი ღმერთის ბრძანების შესასრულებლად?
3) რამ შეაჩერა აბრაამი, როცა იგი უკვე მზად იყო შვილის შესაწირად?