
იაკობის სიზმარი
ბიბლია, დაბადების წიგნი, თავი 28-ე
– შენ უნდა გაიქცე! _ დაჟინებით სთხოვდა რებეკა იაკობს. ერთ-ერთმა მონამ უთხრა მას, რომ გაბრაზებული ესავი იაკობის მოკვლას აპირებდა. გაიქეცი ჩემს ძმასთან _ ლაბანთან, შენი პაპის, აბრაამის სამშობლოში. აქ თუ არ იქნები, რამდენიმე წელიწადში შენს ძმას გადაუვლის სიბრაზე. მაშინ კი კაცს გამოგიგზავნი, რომ თავისუფლად შეძლო დაბრუნება.
რებეკას უკვე მოფიქრებული ჰქონდა, რა უნდა ეთქვა თავისი ქმრის, ისაკისთვის, რომ მას გაეშვა თავიანთი შვილი _ იაკობი.
_ არ შეიძლება, რომ იაკობმა ურჯულო ქალი მოიყვანოს ცოლად, მას სჭირდება ქალი, რომელიც იცნობს ღმერთს.
ისაკი დაეთანხმა რებეკას. მისი ცოლიც ხომ აბრაამის სამშობლოდან მოვიდა მრავალი წლის წინ. მაშ, იაკობმაც იქ მოძებნოს თავისთვის საცოლე.
ისაკმა მოიხმო იაკობი.
_ შვილო, იაკობ, არ მოიყვანო ცოლი ამ მიწიდან, _ თქვა ისაკმა. _ წადი ხარანში, დედაშენის სამშობლოში. იქ მოძებნე შენთვის ცოლი. ღმერთმა გაკურთხოს!
`ეს კარგია, _ გაიფიქრა იაკობმა. _ მამაც კი მგზავნის აქედან და ესავისაგნ თავის დაღწევასაც შევძლებ ისე, რომ ეს სულაც არ დაემსგავსება გაქცევას~.
იაკობი დაემშვიდობა ოჯახის წევრებს, შინაურებს და გზას გაუდგა. მას არ უთხოვია მამისთვის რამის გატანება. არ წაუყვანია არც მსახურები, არც ცხვრები, არც თხები; სახედარიც კი. დამძიმებული ჰქონდა იაკობს სული. ის საბრალო მგზავრი იყო, რომელიც მიდიოდა შორეული მიწისკენ, სადაც არასოდეს ყოფილა. არ ჰქონია არც კარავი, არც სახლი, სადაც მას გზად ღამის გათევა შეეძლებოდა; ამიტომ, როცა დაღამდა, თავქვეშ ქვა ამოიდო და შიშველ მიწაზე დაწვა. იმ მხარეში მრავლად იყვნენ მტაცებელი ცხოველები, მაგრამ ღმერთი იცავდა იაკობს გზაში. მან იცოდა, როგორ ჰქონდა დამძიმებული გული იაკობს, ამიტომ საოცარი სიზმარი მოუვლინა მას.
სიზმარში მან ნახა კიბე, რომელიც მიწაზე იდგა, თავი კი ცაზე ჰქონდა მიყრდნობილი. კიბეზე ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ ანგელოზები, კიბის თავში კი ღმერთი იდგა. და უთხრა მან იაკობს:
_ მე ვარ უფალი, რომელიც ესაუბრებოდა აბრაამს და ისაკს. მიწას, რომელზეც წევხარ, მოგცემ შენ და შენს შთამომავლებს. ისინი ძალიან ბევრნი იქნებიან. და მათით იკურთხება მიწის ყველა ხალხი. მე ვიქნები შენთან, სადაც არ უნდა წახვიდე და დაგიფარავ შენ.
Dდა როცა იაკობი გამოფხიზლდა ძილისგან, გაიფიქრა: `ეს არ იყო უბრალო სიზმარი, თავად ღმერთი იმყოფება ამ ადგილას! იგი მელაპარაკა მე~.
იაკობმა აიღო ქვა, რომელიც თავქვეშ ჰქონდა ამოდებული და აღმართა იგი ძეგლად. შემდეგ მან წარმოთქვა ლოცვა:
_ ღმერთო, თუკი შენ დამიცავ ამ ხანგრძლივი მგზავრობისას, არ დამღუპავ და უვნებლად დამაბრუნებ უკან, მხოლოდ შენ გცემ თაყვანს და მოგემსახურები მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში და მოგიძღვნი მეათედს ყველაფრისგან, რასაც მომცემ.
კითხვები განსახილველად
3 კითხვარატომ დატოვა იაკობმა მშობლიური სახლი და გაემართა შორეული ქვეყნისკენ?
რა ესიზმრა მას?
რა უთხრა ღმერთმა იაკობს?