
იაკობი და ესავი
ბიბლია, დაბადების წიგნი, თავები: 24-ე, 25-ე, 27-ე
გავიდა დრო, ისაკი ზრდასრული მამაკაცი გახდა. იგი დაქორწინდა რებეკაზე და მათ ორი ვაჟი შეეძინათ – ესავი და იაკობი. ძმები ტყუპები იყვნენ, მაგრამ სრულებით არ ჰგავდნენ ერთმანეთს.
Uუფროსი ვაჟი, ესავი, იყო დამოუკიდებელი, ძლიერი და თავისუფლების მოყვარე. მას, მშვილდ-ისრით შეიარაღებულს, უყვარდა სანადიროდ წასვლა მთებსა და ველებზე. ხშირად ის მრავალი დღით, ზოგჯერ რამდენიმე კვირითაც არ ბრუნდებოდა სახლში. ხოლო როცა ბრუნდებოდა, თითქმის ყოველთვის მოჰქონდა ნანადირევი. ესავი ისაკის საყვარელი შვილი გახლდათ.
იაკობი კი რებეკას საყვარელი ძე იყო. ის არ ყოფილა თავგადასავლების ისეთი დაუდეგარი მაძიებელი, როგორიც მისი ძმა. იაკობი უფრო ხშირად სახლში რჩებოდა, თავიანთი კარვების სიახლოვეს. თვალყურს ადევნებდა მამის საქონელს და ეხმარებოდა უფროსებს სხვადასხვა ყოველდღიურ საქმეში.
Mმიუხედავად იმისა, რომ ესავი სულ რამდენიმე წუთით ადრე დაიბადა, ვიდრე იაკობი, მაინც ის მიიჩნეოდა მამის მემკვიდრედ.
ცნობილი იყო ისიც, რომ მათგან მხოლოდ ერთი მიიღებდა მამის განსაკუთრებულ კურთხევას. ასეთი კურთხევა ნიშნავდა კეთილდღეობას, ძალმოსილებას, ოჯახის გამრავლებას, მონებს, მსახურებს, საქონელს და სხვა დანარჩენს, რასაც ამიერიდან განკარგავდა მემკვიდრე. ამასთანავე, ეს ღვთის კურთხევასაც ნიშნავდა. მაშინდელი წესებით, ასეთი კურთხევა ეკუთვნოდა უფროს ძმას, ანუ ესავს.
თუმცა უმცროს ძმას, იაკობს, ძალიან უნდოდა – თვითონ გამხდარიყო მთავარი მემკვიდრე, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ მამის კურთხევის მიღება, არამედ ღმერთის კეთილგანწყობის მოპოვება. ესავისთვის კი პირიქით, სულ არ გახლდათ მნიშვნელოვანი პირმშოობის (ანუ პირველშობილების) უპირატესობა. მას მხოლოდ ნადირობა იტაცებდა.
ერთხელ ესავი კვლავ წავიდა სანადიროდ, იაკობი კი დედას ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში. გარეთ კოცონი ენთო, რომელზეც იაკობი ოსპის გემრიელ წვნიანს ამზადებდა. საჭმლის გემრიელი სურნელება შორიდანვე იგრძნობოდა. დაღლილი ესავი ნადირობიდან ბრუნდებოდა. ის უკვე დიდხანს ხეტიალობდა ნანადირევის ძებნაში, ამიტომ ძალიან მშიერი იყო. თავისი სანადირო აღჭურვილობა მან მიწაზე დაყარა და ჩაიბუტბუტა:
_ მაჭამე რამე.
იაკობს დიდხანს არ უფიქრია და უთხრა:
_ ამის სანაცვლოდ დამითმე შენი უფლება, როგორც პირველშობილი ვაჟისა!
_ რა აზრი აქვს ასეთ პირმშოობას, როცა შიმშილით ვკვდები? _ ჩაილაპარაკა ესავმა.
Aასე გაცვალა ესავმა თავისი პირველშობილება შეჭამანდის ერთ ულუფაში. იაკობი კი გულში ხარობდა. პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. ახლა მას ისე უნდა შეეტრიალებინა საქმე, რომ მამას ის ეკურთხებინა და არა ესავი.
გავიდა წლები. ისაკი უკვე ძალიან ცუდად ხედავდა და დასუსტებულიც იყო. ერთხელ მან თავისთან იხმო ესავი.
_ მე არ ვიცი ჩემი აღსასრულის დღე, ჩემო შვილო, _ უთხრა მან. _ ამიტომ მინდა, ჩემი მამობრივი კურთხევა მოგცე შენ, ჩემს უფროს შვილს. აიღე შენი მშვილდ-ისარი და მოინადირე რომელიმე ველური ცხოველი. ისე მოამზადე, როგორც მე მიყვარს, მომიტანე, და გაკურთხებ.
ესავმა აიღო თავისი მშვილდ-ისარი და ისე წავიდა, რომ არავის გაუგია ამის შესახებ; მაგრამ რებეკას, დედამისს, ყველაფერი ესმოდა კარვის თხელი კედლის მიღმა.
იგი შეშინდა: `ესე იგი, ჩემს ქმარს ესავის დალოცვა უნდა!~ რებეკას კი უნდოდა, რომ თავისი ნებიერა შვილი, იაკობი, დაელოცა მამამისს. როგორ უნდა მოიქცეს ახლა?
რებეკა გაიქცა იაკობთან და ყველაფერს მოუყვა, რაც გაიგონა. შემდეგ მან ჩუმად უთხრა:
_ დაკალი ორი თიკანი და მომიტანე. ისე მოვბრაწავ მათ, როგორც ესავი აკეთებს ამას. შენ კი მიუტან საჭმელს მამაშენს და თავს ისე დაიჭერ, თითქოს ესავი ხარ, ამიტომ მამაშენი შენ გაკურთხებს.
თითქმის ნახევარი დღე გავიდა, სანამ ყველაფერი მზად იქნებოდა. რებეკამ ესავის ტანსაცმელი აიღო და იაკობს მისცა. მან ჩაიცვა ის სამოსი. შემდეგ რებეკამ იაკობს ხელებსა და კისერზე შემოახვია თიკნის ტყავი, რათა ისაკს ხელის შეხებით არ ეცნო იაკობი გლუვი კანით (ესავის ხელები ხშირი ბალნით იყო დაფარული). იაკობმა აიღო საჭმელი და შევიდა მამის კარავში.
_ აგერ, მეც მოვედი. _ თქვა იაკობმა.
ისაკმა თავი წამოსწია და იკითხა:
_ ვინ ხარ?
იაკობმა ნერწყვი გადაყლაპა და იცრუა:
_ ეს მე ვარ, ესავი, შენი უფროსი ვაჟი. შევასრულე შენი დავალება. აიღე, შეჭამე შემწვარი ნანადირევი და მაკურთხე.
ნათქვამმა დააფიქრა ისაკი. ესავის ხმა განსხვავებულად მოესმა.
_ მომიახლოვდი, მინდა ხელით შეგეხო. _ უთხრა მან.
შეშინებულ იაკობს შუბლი ოფლით დაეცვარა; რომ გაიგოს მამამ მისი ეშმაკობა, მერე რა მოხდება?..
ისაკმა ხელი მოუსვა იაკობს, მაგრამ მას ისე ეჭირა ხელები, რომ მხოლოდ ტყავით დაფარულ ადგილამდე სწვდებოდა მამამისი.
_ უცნაურია, თქვა ისაკმა, _ ხმა იაკობს მიუგავს, ხელები კი ესავისას ჰგავს. გულწრფელად მითხარი: _ შენ ესავი ხარ?
_ დიახ! _ უპასუხა იაკობმა. _ მე ესავი ვარ!
საჭმლის მიღების შემდეგ ისაკმა თქვა:
_ მომიახლოვდი, შვილო, და მაკოცე!
იაკობი ასეც მოიქცა. ისაკმა იგრძნო ესავის ტანსაცმლის სუნი, რამაც გაუფანტა მას ეჭვები.
_ შენ, შვილო ჩემო, გაშლილი ველების სუნი აგდის, რომლებსაც ღმერთი დაგვპირდა. მომიახლოვდი და მუხლებზე დადექი!
მაშინ, როდესაც იაკობი მუხლებზე დაეშვა მამის საწოლთან, ისაკმა თავზე დაადო ხელები და თქვა:
_ უხვად მოგანიჭოს ღმერთმა მიწის ნაყოფი და საქონელი. შენ გემსახურონ სხვა ერები და შენი ძმაც მოგემსახუროს. შენი მაწყევარი თავად იყოს დაწყევლილი, მაკურთხებელი კი _ კურთხეული.
იაკობი კარვიდან რომ გამოდიოდა, ესავიც დაბრუნდა ნადირობიდან.
_ აი, დავბრუნდი, მამა, _ თქვა ესავმა. _ მოგიმზადე საჭმელი. შეგიძლია მაკურთხო.
_ როგორ? აბა, ვინ იყო აქ შენამდე? _ იკითხა შეშინებულმა ისაკმა. _ ვის მივეცი ჩემი კურთხევა?
Aახლა უკვე ყველაფერს ნათელი მოეფინა.
_ იაკობმა უკვე მეორედ მომატყუა! _ სიმწრით წამოიძახა ესავმა. _ ჯერ პირმშოობა გამომტყუა, ახლა კი მამის კურთხევა! განა შენ არ შეგიძლია, მეც მაკურთხო?
_ არა, შვილო, _ უპასუხა შეწუხებულმა ისაკმა. _ კურთხევა, რომელიც ღმერთის ნებით უფროს შვილს ეკუთვნის, მხოლოდ ერთხელ გაიცემა. თქვენ ორს შორის შენ ვეღარ იქნები პირველი. შენს ბატონად დავაყენე იაკობი და შენ მისი მსახური იქნები.
კითხვები:
1) რა ერქვათ ისაკის შვილებს? რას საქმიანობდნენ ისინი?
2) რის გაკეთებას აპირებდა ისაკი, როცა ესავი ნანადირევის მოსატანად გაგზავნა?
3) როგორ მიიღო მონაწილეობა რებეკამ ისაკის მოტყუებაში?
4) შესაძლებელია ისე მოქცევა ახლობლებთან, როგორც იაკობი მოექცა თავის ძმას და მამას? რატომ?