აღთქმული ვაჟი

აღთქმული ვაჟი

ბიბლია, დაბადების, წიგნი თავები: მე-15; 18:1-22; 21:1-6

აბრაამი და სარა ცხოვრობდნენ კარავში, ქანაანის მიწაზე. მათ არ ჰყავდათ შვილები. ისინი უკვე დაბერდნენ: აბრაამი თითქმის ასი წლისა იყო, სარა _ თითქმის ოთხმოცდაათის.

ერთხელ, ღამით, ღმერთმა უთხრა აბრაამს:

_ შეხედე ცას, რას ხედავ?

ცა დაფარული იყო უამრავი ვარსკვლავით. მაშინ ღმერთმა უთხრა:

_ შენ იმდენივე შთამომავალი გეყოლება, რამდენი ვარსკვლავიცაა ამ ცაზე; და ისინი ქანაანის მიწაზე იცხოვრებენ. უკეთური ხალხი კი განიდევნება აქედან.

აბრაამს ამ დროისთვის არ ჰყავდა შვილები, მაგრამ მან ირწმუნა, რომ ღმერთი შეასრულებდა თავის დანაპირებს. აბრაამი სწორად იქცეოდა, როცა ღმერთის ნებისმიერი სიტყვის სჯეროდა, რადგან უფალი ყოველთვის სიმართლეს ამბობს და ასრულებს თავის პირობას.

ერთხელ, შუადღით, აბრაამმა შორიახლოს მგზავრები შენიშნა; გაიქცა მათკენ, თავი დაუკრა და ერთ-ერთ მათგანს უთხრა:

_ ბატონო, გთხოვთ, შემობრძანდით ჩემს კარავში. დავავალებ ჩემს ხალხს, მოიტანონ წყალი და დაგბანონ ფეხები. ვიზრუნებ, რომ დანაყრდეთ, აღიდგინოთ ძალა და დაისვენოთ, რათა გზის გაგრძელება შეძლოთ. სამივე მგზავრი დასთანხმდა აბრაამს.

როგორ ფიქრობთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები? ისინი ანგელოზები იყვნენ, რომლებიც ზეციდან ჩამოვიდნენ, რათა აბრაამისთვის სასიხარულო ამბავი გადაეცათ. იცით, რომ ღმერთი ხანდახან ანგელოზებს უგზავნის ხალხს თავისი ნების საუწყებლად?

ანგელოზები დასხდნენ კარვის სიახლოვეს, დიდი ხის ჩრდილში, სარა კი კარავში დარჩა. აბრაამმა უთხრა სარას:

_ სასწრაფოდ აიღე საუკეთესო ფქვილი და გამოაცხვე მისგან პური.

შემდეგ აბრაამმა შეარჩია კარგი ხბო და დაავალა თავის მსახურს მისგან საჭმლის მომზადება.

ყველაფერი რომ გამზადდა, აბრაამმა თავად მიაწოდა საჭმელი მგზავრებს. სანამ ისინი ჭამდნენ, თვითონ ხის ქვეშ იდგა მათ გვერდით.

სადილობისას ერთ-ერთმა სტუმარმა იკითხა:

_ სად არის შენი ცოლი სარა?

აბრაამმა უპასუხა:

_ კარავშია.

მაშინ მან თქვა:

_ ერთი წლის შემდეგ კვლავ დავბრუნდები აქ და სარას ვაჟი ეყოლება.

სარამ გაიგონა ანგელოზის სიტყვები, მაგრამ ვერ იჯერებდა, რომ მას შეეძლო შვილის გაჩენა ასეთ ღრმა სიბერეში, ამიტომ მას გულში გაეცინა.

ანგელოზმა თქვა:

_ რატომ გაიცინა სარამ? მას ნამდვილად ეყოლება ვაჟი! განა არის რაიმე შეუძლებელი ღმერთისთვის?!

სტუმრები ადგნენ, რათა გზა გაეგრძელებინათ. მათი გაცილების შემდეგ აბრაამი კარავში დაბრუნდა.

გაიხსენა ღმერთმა თავისი პირობა? რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში სარას ვაჟი შეეძინა! მას ისაკი დაარქვეს. აბრაამი და სარა ძალიან ბედნიერნი იყვნენ. ისაკი დამჯერ შვილად იზრდებოდა და ღმერთს უყვარდა იგი.

ღმერთმა აღასრულა თავისი პირობა. მან თქვა, რომ აბრაამს და სარას ეყოლებოდათ შვილი და მართლაც ასე მოხდა. აბრაამი კარგად მოიქცა, რომ ერწმუნა ღმერთს. ღმერთისთვის სასიამოვნო იყო ასეთი ნდობა და ეს `სიმართლეში ჩაეთვალა აბრაამს~.

ღმერთის დანაპირები იმსახურებს იმას, რომ სრულად ენდოთ მას, რადგან ღმერთი ყოვლისშემძლეა და მისთვის არაფერია შეუძლებელი!

კითხვები განსახილველად

5 კითხვა
  1. რამდენი შთამომავლის მიცემას დაჰპირდა აბრაამს ღმერთი?

  2. როგორ უმასპინძლა აბრაამმა ანგელოზებს, რომლებიც მას მგზავრების სახით გამოეცხადნენ?

  3. რა აუწყეს მათ აბრაამს და სარას?

  4. შეასრულა ღმერთმა თავისი პირობა?

  5. რატომ იყო ღმერთი კეთილგანწყობილი აბრაამის მიმართ?

8. აღთქმული ვაჟი00:00 / 04:16