იესოს მკვდრეთით აღდგომა

იესოს მკვდრეთით აღდგომა

ბიბლია, მათეს სახარება, თავი 28:1-8

დილის ბინდში ჩაძირული იერუსალიმის ვიწრო ქუჩებში ნაღვლიანი ქალები მიდიოდნენ _ ორი მარიამი და სალომე. რატომ არიან ისინი ასე დაღონებულნი? საშინელება მოხდა: იესო, რომლის წინაშეც ყველა მათგანი დიდად იყო დავალებული, ახლა მკვდარია! ამიერიდან ისინი ვეღარ მოუსმენენ მას, ვეღარ დაეხმარებიან, როგორც ადრე. ახლა მათ უნდათ, უკანასკნელად მიაგონ პატივი თავიანთ მოძღვარს _ ნელსაცხებლები სცხონ მის უსიცოცხლო სხეულს.

გზადაგზა ქალები ძალიან ღელავდნენ: როგორ გადააგორებენ სამარხიდან უზარმაზარ ქვას? ბოლოს მათ მიაღწიეს ბაღს, სადაც იესოს აკლდამა იყო. მაგრამ ეს რა ხდება? ქვა გადაგორებულია და სამარხის შესასვლელი ღიაა! ქალები უფრო ახლოს მივიდნენ. გარშემო არავინ იყო. ისინი ფრთხილად შევიდნენ აკლდამაში. იქ მათ დაინახეს, რომ ქვის სარეცელი, რომელზეც იესო იყო დასვენებული, ახლა ცარიელია! რა მოხდა? ნუთუ ვინმემ მოიპარა იესოს სხეული?

მათ არ იცოდნენ, რომ იესო უკვე ცოცხალი იყო. ამიტომაც არ ესვენა აკლდამაში მისი სხეული.

დილით ადრე მოხდა უდიდესი სასწაული: ქრისტე მკვდრეთით აღდგა! ციდან ნათელი ანგელოზი დაეშვა და გადააგორა ლოდი, რათა ყველას ეხილა და დარწმუნებულიყო, რომ იესო არ არის იქ. აკლდამის მოდარაჯე ჯარისკაცები შიშით გაეცალნენ იქაურობას.

ქალებმა კი არ იცოდნენ ეს ყველაფერი. ისინი ხედავდნენ ცარიელ სამარხს, რის გამოც მარიამ მაგდალინელი ძალიან შეწუხებული იყო. იგი მაშინვე გაიქცა ქალაქში, რათა პეტრესა და იოანესთვის ეთქვა ყველაფერი, სანამ სხვა ქალები ფიქრობდნენ, რა ექნათ. უცებ მათ დაინახეს ანგელოზი ბრწყინვალე სამოსით. მან ახარა ქალებს საოცარი სიახლე:

_ იესო ცოცხალია! ნუ გეშინიათ! სწრაფად დაბრუნდით ქალაქში და მოუყევით მოწაფეებს, რომ იესო აღდგა!

კითხვები განსახილველად

4 კითხვა
  1. რა დიდი სასწაული მოხდა კვირის პირველ დღეს?

  2. სად და რა მიზნით წავიდნენ ქალები იმ დილას?

  3. ანგელოზის დანახვისას რა დაემართათ ჯარისკაცებს, რომლებიც აკლდამის დასაცავად იდგნენ იქ?

  4. რა უთხრა ანგელოზმა ქალებს?

88. იესოს მკვდრეთით აღდგომა00:00 / 03:28