იესოს ჯვარცმა

იესოს ჯვარცმა

ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 23:33-49

რომაელთა რაზმი ხმამაღალი შეძახილებითა და მათრახის ცემით მიერეკებოდა ქალაქის ქუჩებში იესოს და ორ დამნაშავეს, რომლებსაც ჯვარცმით სიკვდილი ჰქონდათ მისჯილი. ადამიანთა დიდი რაოდენობა მიაცილებდა მათ იმ ადგილისკენ, სადაც ეს სასჯელი აღესრულებოდა ხოლმე. ამ ადგილს ერქვა გოლგოთა, ანუ თხემის ადგილი. რომაელებს კიდევ ერთი სასჯელი ჰქონდათ დაწესებული: ცემის შემდეგ მსჯავრდებული თავად იყო ვალდებული, თავისი ჯვარი წაეღო დასჯის ადგილამდე. ამიტომაც ხის ჯვარი იესოს მიჰქონდა საკუთარი მხრებით.

შუა გზაზე ის მთლად დასუსტდა. რაზმის მეთაურმა შემთხვევით გამვლელს, სიმონ კვირინელს, დაავალა იესოს მაგივრად ჯვრის წაღება. ბრბოში, რომელიც იესოს მიჰყვებოდა, ბევრი ქალი იყო, რომლებიც ტიროდნენ იესოს ტანჯვის ხილვისას.

დანიშნულების ადგილზე მისვლისას ჯარისკაცებმა შეასრულეს თავიანთი სასტიკი საქმე, მიალურმეს იესო დაბლა დადებულ ჯვარზე. შემდეგ ამოთხარეს ორმო, ჩასვეს შიგ ჯვარი და დაამაგრეს იგი. ასევე მოექცნენ ჯარისკაცები ორ დამნაშავესაც. მათი ჯვრები დაამაგრეს იესოს ჯვრის მარჯვნივ და მარცხნივ.

სასჯელის ადგილამდე იესოს მიაცილებდა მისი რამდენიმე მეგობარი _ ქალები და კაცები. ქალები ტიროდნენ. მოშორებით იდგნენ სხვა ადამიანები, რომლებიც დასცინოდნენ იესოს:

_ თუკი ღვთის ძე ხარ, თვითონ დაეხმარე საკუთარ თავს და ჩამოდი ჯვრიდან! მაშინ კი ვირწმუნებთ შენს სიტყვებს!

ერთ-ერთი ჯვარცმული ბოროტმოქმედი შეურაცხყოფას აყენებდა იესოს, მეორე კი პირიქით, აჩუმებდა მას:

_ გაჩუმდი! ჩვენ სამართლიანად ვისჯებით ჩადენილი დანაშაულის გამო, მას კი არავისთვის მიუყენებია ბოროტება!

შემდეგ ამ ბოროტმოქმედმა უთხრა იესოს:

_ უფალო, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში მიხვალ!

იესომ უპასუხა:

_ გპირდები: დღესვე იქნები ჩემთან ერთად სამოთხეში!

მოულოდნელად გარშემო ყველაფერი დაფარა საშინელმა ბინდმა. მიწა შეზანზარდა.

იესოს ფიზიკური ტანჯვა ენით აღუწერელი იყო, მაგრამ მას სულიერი ტანჯვა უფრო ამძიმებდა. აუტანელი ტანჯვის რამდენიმე საათის შემდეგ იესომ, მარტოობის განცდით აღვსილმა, ხმამაღლა შესძახა:

_ ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე?!..

იესომ შეიგრძნო ზეციერი მამის მთელი რისხვა ყველა ადამიანის ცოდვების გამო, რომელსაც ვერც ერთი ცოდვილი ვერ აიტანდა. მხოლოდ ქრისტეს, ღმერთს და ადამიანს, შეეძლო ამის ატანა.

ბინდი გაიფანტა. იესომ თავისი უკანასკნელი სიტყვები წარმოთქვა:

_ აღსრულდა! მამაო! შენს ხელთ მომიბარებია ჩემი სული!..

ამ სიტყვების შემდეგ მან სული განუტევა. იესო მოკვდა ჯვარზე.

იმავე საღამოს იოსებ არიმათიელი, ცნობილი და მდიდარი ადამიანი, რომელსაც უყვარდა იესო, მაგრამ შიშის გამო მალავდა ამას ადრე, მივიდა პილატესთან და ნებართვა ითხოვა, ჩამოეხსნა იესოს ცხედარი ჯვრიდან და იუდეური წესით დაეკრძალა. პილატემ დართო ამის ნება.

ნიკოდემოსი, რომელიც ოდესღაც ღამით ესტუმრა იესოს და მისი ფარული მიმდევარიც გახდა, ეხმარებოდა იოსებს. მან მოიტანა ყველაფერი, რაც იუდეველებს ესაჭიროებოდათ დაკრძალვისთვის: ქსოვილი, რომელშიც გარდაცვლილის სხეულს ახვევდნენ, და ნელსაცხებლები სმირნისგან და ალოესგან. იესოს სხეული მზრუნველობით გაახვიეს ქსოვილში და წაუსვეს ზეთი. შემდეგ დაასვენეს ახალ აკლდამაში, რომელიც დასჯის ადგილთან ახლოს იყო გამოკვეთილი. აკლდამაში შესასვლელი დაგმანეს დიდი, ბრტყელი ქვით. შემდეგ კი წავიდნენ სახლებში.

მომდევნო დღეს მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს გაახსენდათ, როგორ ამბობდა უფალი, რომ მესამე დღეს ის აღდგებოდა. ისინი მივიდნენ პილატესთან და ჯარისკაცები სთხოვეს იესოს სამარხის დასაცავად. მათ ეშინოდათ, რომ იესოს მოწაფეები მოიპარავდნენ მის სხეულს და იტყოდნენ, რომ იგი მკვდრეთით აღდგა. პილატემ მისცა მათ ჯარისკაცები სამარხის დასაცავად. მეტიც, აკლდამაში შეღწევის თავიდან ასაცილებლად, იუდეველებმა დაბეჭდეს იგი. ასე სდარაჯობდნენ ხელისუფალნი მკვდარ იესოს, რადგან ეშინოდათ, უსიამოვნებებს არ გადაჰყროდნენ მის გამო.

კითხვები:

1) სად წაიყვანეს იესო ჯვარზე გასაკრავად? ვინ დაეხმარა მას ჯვრის ტარებაში?

2) როგორ უნდა გავიგოთ ქრისტეს სიტყვები: `მამაო! აპატიე მათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ~?

3) რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის იესოს სიკვდილი?

4) როგორ დაამტკიცა იოსებ არიმათიელმა, რომ მას უყვარდა იესო? რა გააკეთა მან?

5) რატომ იყვნენ სინედრიონის წევრები ასე შეშფოთებულნი იესოს სიკვდილის შემდეგ?

87. იესოს ჯვარცმა00:00 / 06:23