პეტრეს მიერ იესოს უარყოფა

პეტრეს მიერ იესოს უარყოფა

ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 22:54-62

პარასკევი გათენდა. იესო წაიყვანეს მღვდელმთავარ კაიაფასთან. მის სახლში შეკრებილი იყო სინედრიონი (უმაღლესი რელიგიური სასამართლო), რათა იესო დაეკითხათ და განაჩენი გამოეტანათ მისთვის.

პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა თავის მოძღვარს. მან მოახერხა და შეაღწია იმ სახლის ეზოში, სადაც იესოს ჰკითხავდნენ. ციოდა, ჯარისკაცებმა და მსახურებმა პატარა კოცონი დაანთეს და ისე თბებოდნენ. პეტრე მათთან ახლოს დაჯდა.

_ შენც ამ იესოს ერთ-ერთი მოწაფეთაგანი არ ხარ? _ მოულოდნელად მიმართა მას ერთმა ქალმა.

_ არა, არა, _ აჩქარებით უპასუხა მას პეტრემ.

ასე უარყო მან იესო პირველად, თუმცა ცოტა ხნის წინ სულ სხვა რამეს ამბობდა: რომ ის არასდროს გააკეთებდა ამას.

თითქმის ერთი საათი გავიდა მას შემდეგ, რაც პეტრე გამოჩნდა ეზოში კოცონთან. ის ყველაფერს ხედავდა და ესმოდა, რაც მისი მოძღვარის თავს ხდებოდა სასამართლოზე. ბრბოში ჩამალულს უნდოდა დალოდებოდა სინედრიონის კრების დასრულებას. ცოტა ხანში ერთ-ერთმა მსახურმა შეხედა პეტრეს და თქვა:

_ შენ ხომ მასთან ერთად იყავი?!

პეტრემ გააპროტესტა:

_ იესოსთან? ასეთს საერთოდ არ ვიცნობ!

უკვე ორჯერ უარყო პეტრემ უფალი. ამ დროს სასამართლოს დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. იესოს ხელს ჰკრავდნენ, დასცინოდნენ, ზოგიერთი სცემდა კიდეც მას. უცებ ისევ ჰკითხა ვიღაცამ პეტრეს:

_ შენ ნამდვილად ერთი მათგანი ხარ, შენი აქცენტი გამხელს!

პეტრე ხედავდა, როგორ ექცეოდნენ მის მოძღვარს და ამის თავიდან ასაცილებლად თქვა:

_ არ ვიცნობ ამ იესოს!

და ამ დროს მამალმა იყივლა, რომელმაც ახალი დღის დადგომა ამცნო ხალხს.

შეშფოთებულმა პეტრემ გაიხსენა საპასექო ვახშმობისას იესოს ნათქვამი სიტყვები: `სანამ მამალი იყივლებს, სამჯერ უარმყოფ მე!~ პეტრემ შეხედა უფალს, რომელიც მან უარყო და დაინახა, რომ მოძღვარიც უყურებდა მას.

სირცხვილი და სინანული დაეუფლა პეტრეს. იგი მწარედ ატირდა და სწრაფად გავიდა ეზოდან. მოძღვარის ამ გამოხედვას ის მთელი ცხოვრების განმავლობაში დაიმახსოვრებს...

კითხვები:

1) ვინ იცნო პეტრე, როგორც იესოს ერთ-ერთი მოწაფე?

2) რა უპასუხა პეტრემ? რამდენჯერ განმეორდა ეს?

3) რატომ ატირდა პეტრე?

85. პეტრეს მიერ იესოს უარყოფა00:00 / 03:34