გეთსიმანიის ბაღში

გეთსიმანიის ბაღში

ბიბლია, ლუკას სახარება. თავი 22:39-46

იესო თავის თერთმეტ მოწაფესთან ერთად წავიდა მდინარე კედრონის მეორე მხარეს, რომელიც იერუსალიმის მახლობლად მიედინება. მეთორმეტე, იუდა, არ იყო მათთან ერთად. ღამის სიბნელეში ისინი გაემართნენ ზეთისხილის მთისკენ, სადაც იესო ხშირად ლოცულობდა ხოლმე თავისი ზეციერი მამის წინაშე.

მთის ძირში იყო ბაღი, რომელსაც გეთსიმანიის ბაღს უწოდებდნენ და იქ ზეთისხილის ხეები იზრდებოდა. ბაღის შესასვლელში იესომ უთხრა მოწაფეებს:

_ ჩამოსხედით ამ ადგილას, ხოლო მე წავალ იქ და ვილოცებ.

პეტრეს, იაკობს და იოანეს კი უთხრა, რომ მასთან ერთად წასულიყვნენ. ძალიან მძიმე წუთები იდგა იესოსთვის, ის მოწყენილი და მგლოვიარე სახით მიდიოდა. უფალმა იცოდა, რაც ელოდა მას. ადამიანთა ყველა ცოდვის ტვირთი ედო მხრებზე და მძიმე ტანჯვასა და სიკვდილთან შესახვედრად მიდიოდა. არა მხოლოდ მის სხეულს უნდა აეტანა მტანჯველი ტკივილი, არამედ, უპირველესად, მას უნდა აეტანა სულიერი ტანჯვა. ის, ვისაც არავითარი ცოდვა არ ჩაუდენია, კაცობრიობის ყველა ცოდვისთვის უნდა დასჯილიყო.

დანაღვლიანებულმა და გლოვით აღსავსე უფალმა თავის საყვარელ მოწაფეებს უთხრა:

„ამბობდა: ‘მამაო, თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს.’ ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და აძლიერებდა. ამ აგონიაში მყოფი უმხურვალესად ლოცულობდა. და გახდა მისი ოფლი, როგორც სისხლის მსხვილი წვეთები, რომლებიც მიწაზე ცვიოდა.“

ლუკას სახარება 22:42-44.

_ ჩემი სული სასიკვდილოდ გლოვობს, დარჩით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად!

როგორც ნებისმიერ ადამიანს, მასაც ესაჭიროებოდა თავისი მეგობრების მხარდაჭერა, როცა სთხოვდა, რომ მასთან ერთად ელოცათ. იგი რამდენიმე ნაბიჯით გასცილდა მათ, დაემხო მუხლებზე და დაიწყო ლოცვა:

_ მამაო ჩემო! თუ ეს შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი, მაგრამ არა ისე, როგორც მე, არამედ როგორც შენ გსურს.

ნებისმიერი ადამიანის მსგავსად, მასაც უნდოდა ტანჯვისა და წამების თავიდან არიდება, მაგრამ როგორც მამის მორჩილმა ძემ, თქვა:

_ არა ჩემი, არამედ შენი ნება აღსრულდეს.

იესო ისე გლოვობდა და ისე ლოცულობდა, რომ ოფლი, როგორც სისხლის წვეთები, მიწაზე ეცემოდა. და გამოეცხადა მას ანგელოზი ზეციდან და ამხნევებდა.

როდესაც ქრისტემ დაასრულა ლოცვა, მივიდა იქვე მყოფ სამ მოწაფესთან, რომლებსაც თავისთან ერთად ლოცვა სთხოვა; მაგრამ ისინი არ ლოცულობდნენ, არამედ ეძინათ. მათი გაღვიძების შემდეგ ქრისტემ მიმართა პეტრეს:

_ სიმონ! შენ გძინავს? არ შეგეძლო, ჩემთან ერთად გეფხიზლა ერთ საათს?!

ამით იესოს უნდოდა გაეხსენებინა, რომ ოდესღაც სიმონ-პეტრე ჰპირდებოდა, რომ მასთან ერთად დაიღუპებოდა და არასდროს უარყოფდა მას. კიდევ ორჯერ სთხოვა ქრისტემ მათ, მხარი დაეჭირათ ლოცვით, მაგრამ ორივეჯერ ჩაძინებულნი ნახა ისინი. მესამედ დაბრუნებისას იესომ თქვა:

_ თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? მოვიდა ჩემი დრო: აი, გადაეცემა ძე ღვთისა ცოდვილთა ხელში. ადექით, წამოდით: აგერ, მოახლოვდა ჩემი გამცემი.

კითხვები:

1) სად გაემართა იესო ვახშმის დასრულების შემდეგ?

2) რას აკეთებდა იესო გეთსიმანიის ბაღში? რას სთხოვდა იგი თავის ზეციერ მამას?

3) რა სთხოვა იესომ თავის მოწაფეებს?

83. გეთსიმანიის ბაღში00:00 / 04:22