უკანასკნელი პასექი

უკანასკნელი პასექი

ბიბლია, იოანეს სახარება, თავი 13:1-32

პასექი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო ებრაელი ხალხისთვის. ამჯერად, იესოს მოწაფეებთან ერთად უნდოდა მისი გატარება.

_ როდესაც იერუსალიმში წახვალთ, _ უთხრა მან პეტრეს და იოანეს, _ დაინახავთ კაცს, რომელსაც წყლით სავსე დოქი მიაქვს. გაჰყევით მას სახლამდე და ჰკითხეთ, სად შეძლებთ პასექის აღნიშვნას. ის გიჩვენებთ დიდ ოთახს, სადაც შეძლებთ ყველაფრის მომზადებას.

მოწაფეებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იესომ უთხრა. საღამოს ისინი შეიკრიბნენ იერუსალიმის ერთ-ერთი სახლის ფართო ოთახში, სადაც ქრისტემ მოიმოქმედა რაღაც ისეთი, რაც არ შედიოდა საზეიმო რიტუალის წესში. მან აიღო ფეხის დასაბანი ჭურჭელი, ჩაასხა შიგ წყალი, მუხლებზე დაეშვა ერთ-ერთი მოწაფის წინ და დაიწყო მისი ფეხების ბანა. ერთისთვის ფეხის დაბანის შემდგომ იგი გადავიდა მეორესთან, მერე მესამესთან და ასე შემდეგ.…

თვალები სულ უფრო უფართოვდებოდათ გაკვირვებულ მოწაფეებს. რას უნდა ნიშნავდეს ეს? მდიდარ ადამიანებს მსახურები ჰყავდათ სახლებში, რომლებიც ფეხებს ჰბანდნენ სტუმრებს. მაგრამ იესო ხომ არ იყო მათი მსახური! ის მათი მოძღვარი გახლდათ, ღვთის ძე! და მიუხედავად ამისა, ის მსახურის საქმეს აკეთებდა! როდესაც პეტრეს ჯერი დადგა, მან წინააღმდეგობა გაუწია:

_ უფალო, შენ არასოდეს დამბან ფეხებს!

იესომ კი უპასუხა:

_ თუკი არ მომცემ შენი ფეხების დაბანის ნებას, ჩემთან ვერ გექნება წილი.

პეტრე წამიერად დაფიქრდა. აქ საუბარი უბრალოდ ფეხის ბანაზე არ იყო. იესო ამ საქმეში დიდ აზრს დებდა.

ყველა მოწაფეს რომ დაჰბანა ფეხები, იგი კვლავ მათთან ერთად დაჯდა.

_ თუ ხვდებით, რა გაგიკეთეთ ახლა? _ იკითხა მან.

მოწაფეები დუმდნენ, რადგან ამ ქმედების აზრი გაუგებარი იყო მათთვის.

_ მე მაგალითი მოგეცით, _ განმარტა იესომ, _ რათა თქვენც ასე მოიქცეთ.

`ასე ვაკეთოთ? მსახურებად ვიქცეთ? მაგრამ იესო მართლა ხომ არ ითხოვს ამას ჩვენგან?!~ _ ფიქრობდნენ მოწაფეები.

იესო აგრძელებდა:

_ თქვენ მოძღვარს და უფალს მიწოდებთ. სწორადაც ამბობთ, რადგან ნამდვილად ვარ მოძღვარი და უფალი. და მიუხედავად ამისა, ფეხები დაგბანეთ. თუკი მე გავაკეთე ეს თქვენთვის, თქვენ მით უმეტეს უნდა აკეთებდეთ ამას.

ახლა უკვე ვახშმის დაწყებაც შეიძლებოდა. მოწაფეები იცდიდნენ, სანამ იესო ლოცვას წარმოთქვამდა. თუმცა სანამ იესო ილოცებდა, მან კიდევ ერთხელ გააკვირვა მოწაფეები, როცა შეახსენა თავისი მოახლოებული სიკვდილის შესახებ. `მე დამცინებენ, მაწამებენ და სიკვდილით დამსჯიან; მაგრამ მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები, _ ამ სიტყვებმა ძლიერ დააღონა მოწაფეები, იესო კი აგრძელებდა, _ ძალიან მინდოდა სწორედ ამ პასექის აღნიშვნა თქვენთან ერთად, სანამ ტანჯვის გადატანა მომიწევს. რადგან შემდეგ პასექს მე უკვე სხვა სამყაროში აღვნიშნავ, ღმერთის სამეფოში~.

შემდგომ იესომ აიღო პური, მადლი შესწირა ღმერთს მის გამო, დაამტვრია იგი და ჩამოურიგა მოწაფეებს.

_ ეს არის ჩემი სხეული. _ თქვა მან. _ როგორც ეს პური დაიმტვრა, ისე დაიმტვრევა ჩემი სხეულიც თქვენთვის. გააკეთეთ ასე ჩემს მოსაგონებლად.

ჭამის შემდეგ იესომ აიღო თასი, ღვინო ჩაასხა შიგ და თქვა:

_ ეს ჩემი სისხლია, თქვენთვის დაღვრილი. ის არის ახალი აღთქმა, რომელიც ღმერთმა დაუდო ადამიანებს.

მან მიაწოდა თასი გვერდით მჯდომს და ყველამ შესვა მისგან ღვინო.

ვახშამი დასასრულს უახლოვდებოდა. დღევანდელი ზეიმი საერთოდ არ ჰგავდა პასექის უწინდელ აღნიშვნას. მოწაფეები ცოტა რამეს თუ ხვდებოდნენ ამ ყველაფრიდან. თუმცა სულ მცირე ხანში ისინი გაიაზრებენ იმ სიტყვებს, რომლებიც უფალმა თქვა უკანასკნელ საპასექო ვახშამზე.

კითხვები:

1) ვის უნდა მოემზადებინა პასექი იერუსალიმში?

2) რატომ დაჰბანა იესომ ფეხები თავის მოწაფეებს?

3) რა უნდა ესწავლებინა იესოს მოწაფეებისთვის და ყველა თავისი მიმდევრისთვის ამ მაგალითით?

4) რა აღთქმა დაუდო იესომ თავის მოწაფეებს?

82. უკანასკნელი პასექი00:00 / 05:19