აბრაამი და ლოტი

აბრაამი და ლოტი

ბიბლია, დაბადების წიგნი, თავები: მე-13, 18:20-33, მე-19

დროთა განმავლობაში აბრაამი და ლოტი ძალიან გამდიდრდნენ. მათ ჰყავდათ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის დიდი ჯოგები, აგრეთვე ვერცხლი და ოქრო. თუმცა მალე პრობლემები გაუჩნდათ. მათი ნახირი და ფარა ისე გაიზარდა, რომ საძოვარი აღარ ჰყოფნიდათ და ხშირად მათს მწყემსებს კამათი მოსდიოდათ ამის გამო.

მაშინ აბრაამმა უთხრა ლოტს:

_ არ იქნება კარგი, ჩვენმა მწყემსებმა ან ჩვენ თვითონ რომ ვიკამათოთ, ჩვენ ხომ ნათესავები ვართ. მოდი, დავშორდეთ ერთმანეთს გარკვეული მანძილით! შენ თუ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ გავემართები, და პირიქით.

აბრაამმა უფლება მისცა ლოტს, აერჩია, სად სურდა მას დასახლება. და დაინახა ლოტმა, რომ ველი, რომელზეც მდინარე იორდანე მიედინებოდა, ძალიან ნაყოფიერი იყო. ის გახლდათ, როგორც ღვთის ბაღი, როგორც სამოთხე _ ასე წერია ბიბლიაში. და ლოტმა ეს მშვენიერი მხარე აირჩია. იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა. მან არ იცოდა, რა ელოდა ამ მიწას. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ ღმერთი გაანადგურებდა ქალაქებს _ სოდომს და გომორას, რადგან იქ ძალიან ბოროტი ადამიანები ცხოვრობდნენ. და თუმცა იგი თაყვანს სცემდა ღმერთს, მაინც ვერ ხედავდა ცუდს იმაში, რომ ასეთ უზნეო ადამიანებს შორის ეცხოვრა.

გავიდა დრო. ერთხელ უფალმა უთხრა აბრაამს თავისი გადაწყვეტილების შესახებ:

_ დიდ ცოდვებს სჩადიან სოდომისა და გომორას მცხოვრებნი. წავალ და ვნახავ, იმსახურებენ თუ არა ეს ქალაქები იმ სასჯელს, რომელიც გადავწყვიტე მათთან დაკავშირებით.

ღმერთმა ორი ანგელოზი გაგზავნა სოდომსა და გომორაში. აბრაამი კი ღმერთს ეკითხებოდა ამ დროს:

_ იქნებ არის ამ ქალაქში 50 მართალი კაცი? განა არ შეუნდობ ამ ქალაქს მათ გამო?

ღმერთი დაჰპირდა მას, რომ ასე მოიქცეოდა. კიდევ და კიდევ უმეორებდა აბრაამი ამ კითხვას, ოღონდ ყოველ ჯერზე, სულ უფრო აკლებდა მართალთა რაოდენობას: 45, 30, 20 და ასე 10-მდე. და ყოველ ჯერზე ღმერთი ჰპირდებოდა, რომ დაინდობდა ქალაქს მათ გამო.

მივიდა ის ორი ანგელოზი ქალაქში საღამოს, როცა ლოტი ქალაქის კარიბჭესთან იჯდა, სადაც ადგილობრივი საზოგადოების პატივსაცემი ადამიანები იკრიბებოდნენ ხოლმე. უცხო კაცების დანახვისას ლოტი წამოდგა, თავი დაუკრა მათ და სახლში მიიპატიჟა ღამის გასათევად, მაგრამ მათ უთხრეს:

_ არა, მოედანზე გავათევთ ღამეს.

ლოტმა იცოდა, რომ სოდომის მოქალაქეები ძალიან ცუდად ექცეოდნენ უცხოებს და დაარწმუნა ისინი, გაჰყოლოდნენ მას სახლში. ვახშამიც არ ჰქონდათ დამთავრებული, რომ ქუჩიდან საშინელი ხმაური გაისმა. ეს ქალაქის მცხოვრებლები იყვნენ, რომლებიც მოითხოვდნენ ლოტისგან, რომ მათთვის გადაეცა თავისი სტუმრები. როდესაც დაინახეს, რომ ლოტი იცავდა სტუმრებს, ისინი დაემუქრნენ მას; მაგრამ ანგელოზებმა სიბრმავე მოუვლინეს სოდომელებს, ლოტს კი უთხრეს:

_ სასწრაფოდ გაიყვანე შენი ოჯახი ქალაქიდან, რადგან უნდა გავანადგუროთ იგი მათი ცოდვების გამო, რამაც განარისხა ღმერთი.

სამწუხაროდ, ლოტის მომავალმა სიძეებმა არ დაუჯერეს მათ, რადგან ეს ყველაფერი ხუმრობა ეგონათ. და რადგან თავად ლოტიც არ ჩქარობდა გაქცევას, ანგელოზებმა ხელი ჩაჰკიდეს მას, მის ცოლსა და ქალიშვილებს, რათა სასწრაფოდ გარიდებოდნენ ქალაქს, რადგან უფალს მათი შეწყალება უნდოდა. ღმერთმა უბრძანა ლოტს და მის ოჯახს, უკანმოუხედავად გაქცეულიყვნენ, მაგრამ ლოტის ცოლმა არ დაუჯერა უფალს. მან უკან გაიხედა, რომ ქალაქი დაენახა და მაშინვე გადაიქცა მარილის სვეტად. ამ დროს კი ლოტი და მისი შვილები განაგრძობდნენ გზას.…

და აწვიმა ღმერთმა სოდომს, გომორას და მათს შემოგარენს გოგირდი და ცეცხლი. ყველა და ყველაფერი განადგურდა. ოდესღაც მშვენიერი ველის ადგილას დღეს არის მკვდარი ზღვა, რომელსაც მარილოვან ზღვასაც უწოდებენ.

კითხვები:

1) მიწის რომელი ნაკვეთი აირჩია ლოტმა დასასახლებლად?

2) რა კითხვებს უსვამდა აბრაამი ღმერთს, რათა გაეგო, დაინდობდა თუ არა უფალი სოდომს და გომორას?

3) როგორ დაამარცხა ღმერთმა ბოროტება, რომელიც ამ ქალაქებში იყო გამეფებული?

7. აბრაამი და ლოტი00:00 / 04:48