
იესო შედის იერუსალიმში
ბიბლია, მათეს სახარება, თავი 21:1-11
პასექი ახლოვდებოდა. იესო მოწაფეებთან ერთად ბეთანიიდან იერუსალიმში წავიდა. უამრავი ხალხი მიჰყვებოდა მას. ამ დღემდე ის არაერთხელ ამბობდა, რომ იერუსალიმში მას დიდი ტანჯვა ელოდა. თუმცა თავიდან ყველაფერი ტრიუმფს ჰგავდა. გახარებული ბრბო ეგებებოდა მას პალმის ტოტების ფრიალით, რომლებიც გამარჯვებისა და განთავისუფლების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ესე იგი, იესოს შესახვედრად გამოსული იერუსალიმის მოსახლეობა იმედოვნებდა, რომ იგი განახორციელებდა მათი დიდი ხნის ნატვრას. ღმერთის მიერ ნაწინასწარმეტყველები იუდეის მეფე, მესია, უნდა მოსულიყო რომაელთა ბატონობისგან მათს გასათავისუფლებლად! ნაზარეველი იესო ყველაზე კარგად ერგებოდა ასეთი მეფის როლს!
უფალმა იცოდა არა მარტო ხალხის განწყობა, არამედ წმინდა წერილი, რომელშიც ღმერთი, ზაქარია წინასწარმეტყველის პირით, ამბობს იესოს შესახებ: `აჰა, მოდის შენი თავმდაბალი მეფე, სახედარზე ამხედრებული~.…ზეციერი მამის სურვილის აღსასრულებლად, მან გაგზავნა თავისი მოწაფეები უახლოეს სოფელში, რათა მოეყვანათ მისთვის ჩოჩორი. მოწაფეებმა შეასრულეს იესოს განკარგულება. ახალგაზრდა სახედრის მოყვანის შემდეგ, მათ დაუფინეს მასზე თავიანთი ტანისამოსი, და უფალი ამხედრდა სახედარზე. მასთან ერთად მომავალი ხალხი გახარებული გაიძახდა:
_ ოსანა! კურთხეულია ღმერთის სახელით მომავალი! ოსანა მაღალთა შინა!
ძველი ებრაული სიტყვა `ოსანა~ ნიშნავს – `უფალო, გვაკურთხე და გვიხსენი!~ ზოგიერთი აგრეთვე იძახდა: `ალილუია!~, რაც ითარგმნება, როგორც `ადიდეთ ღმერთი!~
თანდათან აღტყინება დაეუფლა დამხვდურ ხალხსაც. ყველა ადიდებდა ღმერთს და გაიძახდა:
_ იესო, შენ ხარ ღმერთის მიერ მოვლენილი ადამიანი ჩვენს დასახმარებლად!
ხალხი პალმის ტოტებს ჭრიდა, რათა მისალმებოდა იესოს და უფრო ძლიერად გაიძახოდა:
_ გადიდებთ შენ, რადგან ღმერთის წარმოგზავნილი ხარ! შენ ჩვენი მეფე ხარ! და მშვიდობა მოგაქვს ჩვენთვის.
გრძელი ფარდაგების მაგივრად, რომლებსაც მეფის წინ აფენდნენ, ისინი იხდიდნენ თავიანთ მოსასხამებს და მტვრიან გზაზე უფენდნენ მას. ასე უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ იესო დაპირებული მხსნელია, ის მათი მეფე უნდა გახდეს! სულ უფრო მეტი გამვლელი უერთდებოდა მოზეიმე ხალხს. საითკენაც არ უნდა გაგეხედათ, ყველგან დაინახავდით გახარებულ სახეებს, ღიმილს, მოზეიმე ადამიანებს და აღტაცებულ შეძახილებს. თუმცა ყველა როდი იზიარებდა ამ სიხარულს. ზოგიერთი ფარისეველი, რომელიც დაღვრემილი უყურებდა სახალხო ზეიმს, მივიდა იესოსთან და უთხრა:
_ შეაჩერე ეს! თუ რომაელები გაიგებენ, რომ შენ მეფეს გიწოდებენ, უსიამოვნება არ აგცდება. ისინი ხომ ვერც კი ხვდებიან, რას ყვირიან. უთხარი მათ, რომ გაჩუმდნენ.
ფარისევლებს შურდათ იესოსი, რადგან უბრალო ხალხში ის უფრო გავლენიანი და ავტორიტეტული გახლდათ, ვიდრე თავად ისინი. მათ ეშინოდათ იუდეველთა შორის საკუთარი ავტორიტეტისა და გავლენის დაკარგვისა.
_ არა, _ უპასუხა იესომ, _ ეს ხალხი რომ გაჩუმდეს, ქვები იღაღადებენ. აღუვლინონ დიდება ღმერთს!
თუმცა ამავე დროს, უფალმა იცოდა, მრავალი მათგანი, ვინც ასე ხმამაღლა ადიდებდა მას, რამდენიმე დღეში უღალატებდა და მიატოვებდა, მათი სიყვარული კი მალე გადაიზრდებოდა სიძულვილში და ჯვარზე გააკრავდნენ მას.
კითხვები განსახილველად
3 კითხვარას ელოდა ხალხი იესოსგან, როცა იერუსალიმში მიჰყვებოდნენ მას?
როგორ შევიდა იესო იერუსალიმში?
რა იყო იესოსთვის უფრო მნიშვნელოვანი: მეფე გამხდარიყო თუ თავისი მამის ნება აღესრულებინა (ჯვარზე მომკვდარიყო)? რატომ?