შეხვედრა ზაქესთან

შეხვედრა ზაქესთან

ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 19:1-10

იერიქონში ცხოვრობდა ზაქე, გადასახადების ამკრეფთა მეთაური. ის მდიდარი და საყოველთაოდ ცნობილი კაცი იყო. მისი სამუშაო ადგილი ქალაქ იერიქონის კარიბჭის მახლობლად მდებარეობდა. ამ გზით სარგებლობდნენ ვაჭრები, რომლებსაც ქალაქში მოხვედრა უნდოდათ.

_ შეჩერდით! ყველას აჩერებდა ზაქე. _ არავის აქვს უფლება, საბაჟო გადასახადის გარეშე შევიდეს ქალაქში. ამოიღეთ ფული _ ორი ვერცხლის მონეტა _ ასეთია რომაული ხელისუფლების მიერ დაწესებული გადასახადი.

როდესაც მოგზაურები კბილების ღრჭიალით ფულს იღებდნენ, ზაქეს უხაროდა, რადგან ამ დროს მისი სიმდიდრე კიდევ უფრო იზრდებოდა. რომაელებს ის მხოლოდ ერთ მონეტას მისცემს, მეორეს კი თავისთვის დაიტოვებს.

მართალია, ის ხშირად იღიმებოდა, მაგრამ ბედნიერი ნამდვილად არ გახლდათ, რადგან ის არავის უყვარდა. ადამიანების უმრავლესობაში ის სიბრაზეს იწვევდა. ცხადია, ზაქესთვის არ წარმოადგენდა საიდუმლოს, რომ მისივე ქმედება იყო მისდამი ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი. ის ხომ არასწორად იქცეოდა.

ერთხელ ზაქემ გაიგო, როგორ ამბობდა რამდენიმე ადამიანი, რომ მალე იესო უნდა მოსულიყო იერიქონში.

_ იესო?!

ზაქე დაიძაბა.

`იესო! მეც მინდა მისი ნახვა, ის ხომ ცნობილი ადამიანია. ყველა ამბობს, რომ იესოს ადამიანები უყვარს, თუმცა იგი, ცხადია, არ ეყვარება, _ ფიქრობდა ზაქე. _ მე არავის ვუყვარვარ; თუმცა მისი ნახვა ძალიან მინდა~.

ზაქემ ქვეშევრდომებს დაავალა თავისი საქმის გაკეთება, თვითონ კი იმ გზაზე გავიდა, რომელზეც იესოს უნდა გაევლო. მაგრამ იქ უკვე ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, რადგან ყველას უნდოდა იესოს ნახვა! ზაქე საკმაოდ დაბალი კაცი გახლდათ, ამიტომ ბრბოში ის ვერ დაინახავდა იესოს.

რა უნდა გაეკეთებინა ზაქეს? ყველაფრის დასანახავად ის სადმე, ამაღლებულ ადგილზე უნდა ასულიყო. შორიახლოს მან ხე შენიშნა. აი, აქ უნდა ავიდეს! ადამიანები დამცინავად იღიმებოდნენ, როცა ხედავდნენ, როგორ ცდილობდა ხეზე ასვლას მებაჟეების მეთაური. თუმცა ზაქე ყურადღებას არ აქცევდა მათ. მას ხომ აუცილებლად უნდა ენახა ქრისტე. მაგრამ არა! იესოს არ ჩაუვლია გვერდით! ის ხის ქვეშ გაჩერდა, ზევით აიხედა და ხმამაღლა თქვა:

_ ზაქე, ჩქარა ჩამოდი ხიდან! დღეს შენთან ვაპირებ სტუმრად მოსვლას!

`საიდან მიცნობს ის? _ გაუკვირდა ზაქეს. _ და რატომ უნდა მაინცდამაინც ჩემი სახლის მონახულება?~

თუმცა ახლა მას ცოტა დრო რჩებოდა საფიქრალად. ზაქე სასწრაფოდ ჩამოვიდა ხიდან და სახლში წაიყვანა იესო და მისი მოწაფეები. იქ მან ბრძანება გასცა, დაუყოვნებლად მოემზადებინათ საჭმელი და სუფრაზე დაეწყოთ ყველაფერი საუკეთესო, რაც კი ჰქონდა მას. ზაქე ძალიან იყო გახარებული იესოს პირადად გაცნობით. ყველაფერი, რასაც ხალხი ამბობდა მის შესახებ, მართალი აღმოჩნდა: იესოს არ ეზიზღებოდა იგი. მას ყველა ადამიანი უყვარდა. ისეთიც კი, როგორიც ზაქეა, რომლის ცხოვრების წესიც ყველამ იცოდა.

ზაქეს გულში დიდი ცვლილებები ხდებოდა. იესოსთან ურთიერთობისას იგი მიხვდა, რომ მისი ცხოვრება ცოდვებით იყო სავსე, და მოინანია ეს. როდესაც სადილი დასასრულს მიუახლოვდა, ზაქე დაჰპირდა იესოს:

_ ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს დავურიგებ. და თუკი ვინმესგან ერთი მონეტით მეტი მაქვს აღებული, ოთხმაგად დავუბრუნებ უკან.

ზაქე უაღრესად ბედნიერი იყო, რომ იესო ესტუმრა მას. ამ შეხვედრის შემდეგ გადასახადების ამკრეფის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა მას უნდოდა ისე ეცხოვრა, როგორც ღმერთი მოითხოვდა ამას. ბევრი ადამიანი, რომლებიც იესოს მიაცილებდნენ ზაქეს სახლამდე, უკმაყოფილონი იყვნენ:

_ რატომ მივიდა იესო ასეთ ადამიანთან? ამ მატყუარას ჩვენ არც კი ველაპარაკებით. მით უმეტეს, არავინ მოინდომებს მასთან ერთ სუფრასთან სადილობას; მაგრამ იესო მასთან მიდის და არა ჩვენთან! _ აღშფოთებით საუბრობდნენ ისინი. ხალხი ყოველთვის როდი ხვდებოდა იესოს საქციელს.

უფალმა კი უთხრა ზაქეს:

_ დღეს ხსნა მოევლინა შენს სახლს! ამიერიდან შენ გადარჩენილი ხარ და ღმერთის ხალხის ნაწილი გახდი. მე იმიტომ მოვევლინე ქვეყნიერებას, რომ შენნაირი ცოდვილები ვიპოვო და გადავარჩინო!

კითხვები განსახილველად

4 კითხვა
  1. რას საქმიანობდა ზაქე?

  2. რას დაჰპირდა იესოს ზაქე? რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება?

  3. რას დაჰპირდა იესოს ზაქე? რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება?

  4. რისთვის მოევლინა იესო ქვეყანას?

78. შეხვედრა ზაქესთან00:00 / 05:53