
უსინათლოს განკურნება
ბიბლია, მარკოზის სახარება, თავი 10:46-52
ყველასთვის ცნობილი მათხოვარი ბარტიმეოსი გზის პირას იჯდა, როცა იესომ, მისმა მოწაფეებმა და უამრავმა ხალხმა დატოვეს იერიქონი და იერუსალიმისკენ გაემართნენ. ბარტიმეოსი უსინათლო იყო და არ შეეძლო პურის ფულის მოპოვება საკუთარი შრომით და ამიტომ უწევდა მათხოვრობა.
ყოველდღიურად იჯდა მოწყენილი სახით გზის პირას. როგორ ნატრობდა იგი, რომ დაენახა ხალხი, ყვავილები, მთები და მინდვრები! ერთხელ მას ნაცნობმა უთხრა, რომ იესო ბრმებსაც კურნავდა.
`რა კარგი იქნებოდა, _ გაიფიქრა მაშინ ბარტიმეოსმა, _ რომ ამ იესომ ჩემი თვალებიც განკურნოს... მაგრამ როგორ ვიპოვო იგი, როცა ბრმა ვარ?~
ერთხელაც ბარტიმეოსი ჩვეულებრივად იჯდა გზის პირას და როცა შემოესმა განსხვავებული ხმები, მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა. მან მოკრძალებით სცადა მომხდარის გარკვევა გამვლელებთან:
_ ჰეი, რა ხდება მანდ?
ვიღაცამ უპასუხა:
_ იესო მოდის!
_ იესო?!
ბარტიმეოსი მღელვარებამ მოიცვა და ხმამაღლა დაიყვირა:
_ იესო, მიშველე! იესო, შემიწყალე!
_ ჩუმად! _ მისი გაჩუმება სცადეს გამვლელებმა. _ ნუ ყვირი ასე ხმამაღლა! იესოს ირგვლივ ისედაც არის უამრავი ხალხი შეკრებილი, შენი ყვირილიღა აკლია მას!
თუმცა გამვლელების შენიშვნას მან არ მიაქცია ყურადღება.
_ იესო, მიშველე! _ კვლავ იძახდა ბარტიმეოსი.
იესომ გაიგონა ბარტიმეოსის ძახილი და გაჩერდა.
_ მომიყვანეთ აქ ადამიანი, რომელიც მეძახდა! _ ითხოვა მან.
მოწაფეებმა წამოაყენეს უსინათლო კაცი:
_ იესომ გაიგონა შენი ხმა და თავისთან გიხმობს, წადი მასთან.
ბარტიმეოსი სწრაფი ნაბიჯით გაემართა იესოსკენ. ვიღაცამ ხელი მოჰკიდა მას და დაეხმარა, ქრისტეს გარშემო შეკრებილი ხალხის გავლით მისულიყო მასთან.
_ რა გავაკეთო შენთვის? _ გაიგონა ბარტიმეოსმა კეთილგანწყობილი ხმა.
_ უფალო, ძალიან მინდა, რომ ვხედავდე! _ ენის ბორძიკით უპასუხა მან.
იესომ თქვა:
_ აგეხილოს თვალი! შენმა რწმენამ გადაგარჩინა!
და უცებ, ბარტიმეოსმა დაინახა! ერთ წამში მოიცვა იგი მკვეთრმა სინათლემ! ცხოვრებაში პირველად დაინახა მან სამყარო მთელი თავისი მრავალფეროვნებით! ეს წარმოუდგენელი იყო! ახლა მას პირისპირ მდგომი იესოს სახის დანახვაც შეეძლო. როგორ სიყვარულსა და კეთილგანწყობას ასხივებდა ეს სახე! ბარტიმეოსმა არ იცოდა, როგორ გამოეთქვა ასეთი წყალობისთვის თავისი მადლიერება უფლისადმი!
იგი პატარა ბავშვივით დახტოდა და ადიდებდა ღმერთს. და როცა იესომ თავის მეგობრებთან ერთად გზა განაგრძო, ისიც გაჰყვა მას.
კითხვები განსახილველად
3 კითხვარა ერქვა უსინათლოს იერიქონიდან?
როგორ მიმართა ბრმა კაცმა იესოს? რას სთხოვდა მას?
რა გააკეთა მან, როცა თვალები აეხილა?