
ლაზარეს გაცოცხლება
ბიბლია, იოანეს სახარება, თავი 11:1-45
მართას და მარიამის ძმა, ლაზარე, მძიმედ დაავადდა. დებს ეშინოდათ, რომ ის მოკვდებოდა, ამიტომ გაგზავნეს კაცი იესოსთან ამბის შესატყობინებლად:
_ უფალო! შენი მეგობარი მძიმედ არის ავად.
უფალმა იცოდა, ვისზეც იყო საუბარი, მაგრამ არ აღელვებულა. მან თქვა:
_ ეს დაავადება სიკვდილისთვის კი არა, არამედ უფლის დიდებისთვის არის!
იესო კიდევ ორ დღეს დარჩა იმ ადგილას, სადაც ლაზარეს შესახებ უამბეს, შემდეგ კი თქვა:
_ წავიდეთ! ლაზარემ დაიძინა და უნდა გავაღვიძო.
მოწაფეები ყოყმანობდნენ, მაგრამ იესომ თქვა:
_ ლაზარე მოკვდა! მაგრამ მე მიხარია თქვენ გამო, იქ რომ არ ვიყავი, ასე უფრო ირწმუნებთ. მაშ, წავიდეთ მასთან!
იესო ბეთანიაში რომ მივიდა, ლაზარე უკვე ოთხი დღის გარდაცვლილი იყო და აკლდამაში ესვენა. დასახლებაში ხალხმრავლობა იყო, რადგან მრავალი იუდეველი მისულიყო იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან, რათა მარიამისა და მართასთვის თანაეგრძნოთ.
მართა, რომელმაც გაიგო, რომ იესო უკვე ბეთანიასთან ახლოს იყო, მის შესახვედრად წავიდა, მარიამი კი სახლში დარჩა.
შეხვედრისას მართამ უთხრა იესოს:
_ უფალო! შენ რომ აქ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა. მაგრამ ვიცი, რომ რასაც სთხოვ ღმერთს, იმას შეგისრულებს იგი!
იესომ უპასუხა:
_ შენი ძმა აღდგება!
_ ვიცი, რომ აღდგება დროის დასასრულს, საშინელი სამსჯავროს დადგომისას, _ თქვა მართამ.
იესომ კი უთხრა:
_ მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ჩემი მორწმუნე არ მოკვდება საუკუნოდ! გჯერა თუ არა ამის?
_ დიახ, უფალო! მწამს, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა, რომელიც მოვიდა დედამიწაზე, _ უპასუხა ქალმა და გაიქცა მარიამთან, რათა ეთქვა მისთვის იესოს მოსვლის შესახებ.
თავისი დის სიტყვები რომ გაიგო, მარიამი სწრაფად ადგა და იესოსთან გაიქცა. იგი მის ფეხებთან დაემხო და მწარედ ატირდა. როდესაც იესომ დაინახა, თუ როგორი დამწუხრებულნი იყვნენ ყველანი, აღელვებულმა იკითხა, თუ სად დაკრძალეს ლაზარე. მას მიუთითეს იმ ადგილისკენ. მიახლოებისას იესო ატირდა და ბრძანა, ქვა მოეშორებინათ აკლდამის შესასვლელისთვის. რამდენიმე მამაკაცმა გადააგორა გვერდზე ქვა. უფალმა კი ცისკენ აღაპყრო თვალები და თქვა:
_ მამაო! მადლობელი ვარ, რომ შეისმინე ჩემი თხოვნა.
შემდეგ კი დიდი ხმით შესძახა:
_ ლაზარე! გამოდი!
და აქ მოხდა დაუჯერებელი რამ! მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე გამოვიდა. მას ხელ-ფეხი ჰქონდა შეხვეული დასაკრძალავი სუდარით, სახე კი თავსაფრით ახვეული. იესომ ბრძანა:
_ გახსენით იგი, თავისუფლად იაროს!
მრავალმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს ეს სასწაული, ირწმუნეს უფალ იესოსი.
კითხვები:
1) ლაზარეს რომელი და გამოვიდა დასახლებიდან იესოს შესახვედრად? რა თქვა მან?
2) რა იგულისხმა იესომ, როცა თქვა: `მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე~?
3) როგორ მოხდა სასწაული?