
იგავი დაკარგულ ძეზე
ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 15:11-32
იესო ფარისევლებს კიდევ ერთ ისტორიას მოუყვა. ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა. ისინი უკვე გაიზარდნენ და შეეძლოთ, დახმარებოდნენ მამას.
უფროსი ძე მართლაც ეხმარებოდა მას, თუმცა ყოველთვის სიხარულით არ აკეთებდა ამას. უმცროსს კი შემდეგი ისტორია შეემთხვა. მას მოჰბეზრდა გამუდმებით იმის მოსმენა მამისგან, თუ რა უნდა გაეკეთებინა. იფიქრა, რომ უკეთესი იქნებოდა, მარტო ეცხოვრა და თავად გადაეწყვიტა, რა ეკეთებინა.
ერთხელაც ის მივიდა მამასთან და უთხრა:
_ მამა, შენი გარდაცვალების შემდეგ, მე, როგორც შენი შვილი, მივიღებ შენი ქონების ნაწილს, რომელიც მეკუთვნის მემკვიდრეობით; მაგრამ არ მინდა ველოდო შენს სიკვდილს; მსურს, ახლავე მივიღო ჩემი წილი, რომ კიდევ მოვასწრო ჩემთვის მოსაწონად ცხოვრება. შენი ქონების ნაწილი ხომ ისედაც გახდება ჩემი ადრე თუ გვიან?..
მამა ძალიან დააღონა ამ სიტყვებმა. მან იცოდა, რომ მისი შვილი, ფულის მიღების შემდეგ, წავიდოდა მშობლიური სახლიდან; მაგრამ არ დაუწყო შვილს გადარწმუნება, რადგან პატივს სცემდა მის არჩევანს. ამიტომ მან მისცა შვილს კუთვნილი წილი.
მალე მისი უმცროსი ვაჟი მართლაც წავიდა შორეულ ქვეყანაში, იყიდა მდიდრული სახლი, ძვირადღირებული ტანსაცმელი და ისე ცხოვრობდა, რომ არ იკლებდა კარგ საჭმელსა და გართობას.
მალევე იქაურებმა შენიშნეს, რომ ის მდიდარი იყო და ამით თავს იწონებდა. გამოჩნდნენ ბიჭები და გოგონები, რომლებიც მუდმივად ტრიალებდნენ მდიდარი უცხოელის გარშემო, რადგან ის მათს დანახარჯსაც ფარავდა. ახალგაზრდა კაცს ეგონა, რომ მეგობრები შეიძინა; თუმცა ისინი არ იყვნენ მისი მეგობრები, მათ მხოლოდ მისი ფული აინტერესებდათ.
ასეთი ცხოვრება დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ახალგაზრდა კაცს. ის მოგზაურობდა, დადიოდა გასართობ დაწესებულებებში, მხიარულობდა და ყველა თავისი სურვილის დაკმაყოფილება შეეძლო. მშობლიური სახლი არც ახსენდებოდა.
უქმად ცხოვრება ისე იზიდავდა, რომ ვერც კი ხვდებოდა, ყოველდღიურად როგორ კლებულობდა მისი ქონება.
ერთხელაც, როცა მას ხალხმრავალი წვეულების საფასურის გადახდა მოუწია, მიხვდა, რომ ფული აღარ ჰყოფნიდა.
_ ფული დამიმთავრდა, _ შეშფოთებით თქვა მან, _ უნდა დამეხმაროთ! თქვენ ხომ ჩემი მეგობრები ხართ!
_ მეგობრები? _ გააპროტესტეს მათ. _ ჩვენ არ ვართ იმ ადამიანების მეგობრები, რომლებიც სტუმრებს პატიჟებენ, შემდეგ კი გადახდა არ შეუძლიათ. მშვიდობით დარჩენას გისურვებთ! და ამ სიტყვებით დატოვეს იგი მარტო.
ახალგაზრდა კაცს კი მოუწია უკანასკნელი ფულის გადახდა დაწესებულების მეპატრონისთვის, რომელმაც ამის შემდეგ გააგდო იგი.
ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდა კაცმა დაიწყო ხეტიალი და მალევე მიხვდა, თუ რა არის გაჭირვება. ამ დროს იმ ქვეყანაში დაიწყო ძლიერი შიმშილობა. სწორედ ამიტომ არავის უნდოდა მისთვის თუნდაც მცირეოდენი საკვების გაზიარება. ის სამუშაოსაც ვერ პოულობდა.
ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, მან იშოვა მეღორის სამსახური, თანაც ძალიან მცირე ანაზღაურებით. ადრე ახალგაზრდა კაცისთვის ასეთ საქმეზე საუბარიც კი წარმოუდგენელი და დამამცირებელი იყო, მაგრამ ახლა მის სიამაყეს წერტილი დაესვა. მუცელი უბუყბუყებდა შიმშილისგან. ის ღორების სალაფავსაც სიხარულით შეჭამდა, მაგრამ მეპატრონე უკრძალავდა ამის გაკეთებას. და აი, ის ზის ახლა ღორებს შორის, ჭუჭყიანი, ჩამოძონძილი, მშიერი და დამცირებული. მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც სახლიდან წამოვიდა, პირველად გაახსენდა თავისი მშობლიური კერა.
`რა სისულელე ჩავიდინე, _ გაიფიქრა მან. _ ნეტავ სახლში დავრჩენილიყავი! ნებისმიერი დაქირავებული, რომელიც მამაჩემთან მუშაობს, ჩემზე უკეთესად ცხოვრობს~.
`ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, _ უცებ გადაწყვიტა მან. _ სახლში დავბრუნდები. რა თქმა უნდა, არ ველი, რომ მამაჩემი ისევე მომექცევა, როგორც შვილს. მისი მამობრივი კეთილგანწყობა, ალბათ, უკვე საბოლოოდ დავკარგე; მაგრამ იქნებ შევებრალო და დაქირავებულ მუშად მიმიღოს თავის მეურნეობაში ჩვეულებრივი ანაზღაურებით?~
შინ მიმავალი გზა უსასრულოდ გრძელი ეჩვენა ახალგაზრდა კაცს, მაგრამ აი, შორიდან გამოჩნდა მამისეული სახლი. კაცი გაჩერდა. გზის უკანასკნელი მონაკვეთის გასავლელად უკვე ძალა ჰქონდა გამოლეული, გარდა ამისა, ის არ იყო დარწმუნებული, რომ მამის წინაშე წარდგომის გამბედაობა ეყოფოდა.
უცებ მან შენიშნა კაცი, რომელიც მისკენ მირბოდა. დაძაბულად იხედებოდა შორეთში. ეს მამამისი იყო!
მოხუცი კაცი ხელებს იქნევდა და სიხარულით გაიძახოდა რაღაცას. ნუთუ მამას უხარია მისი დაბრუნება?! ამის დაჯერება მას არ შეეძლო. ნუთუ მამა არ ბრაზობს, ნუთუ ისევ უყვარს იგი?!
მაშინ, როდესაც მამა მიუახლოვდა, აცრემლებულმა შვილმა ჩუმად ჩაილაპარაკა:
_ მამა, მე ისე დავაშავე შენ წინაშე... ისე შევცოდე, რომ ახლა ღირსიც არ ვარ შენს შვილად ვიწოდებოდე. მაპატიე. ნება მომეცი, დავრჩე შენს სახლში და მსახურად დაგიდგე. მზად ვარ, ყველაზე რთული სამუშაო შევასრულო, რომ როგორმე ჩემი დანაშაული გადავფარო.
მამამ მაგრად მოხვია ხელი შვილს, თავისკენ მიიზიდა და დაკოცნა. შემდეგ სახლისკენ გაემართნენ. იქ მამამ უბრძანა მსახურებს:
_ მოუტანეთ ჩემს შვილს საუკეთესო ტანსაცმელი! და დაკალით ნასუქი ხბო! ჩვენ გვაქვს საბაბი, რომ ვიზეიმოთ! ჩემი შვილი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა!
კითხვები განსახილველად
3 კითხვარომელ ისტორიას მოუყვა იესო ფარისევლებს?
რა გაკვეთილის სწავლა შეიძლება ამ იგავიდან?
ვის გახსენებთ ამ ისტორიაში მამა და უმცროსი შვილი?