
იესო ბეთანიაში
ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 10:38-42
იერუსალიმში ყოფნის დროს იესო ხშირად მიდიოდა დაბა ბეთანიაში, რომელიც ქალაქიდან სულ რამდენიმე კილომეტრში იმყოფებოდა. იქ იგი სტუმრობდა ხოლმე თავის მიმდევრებსა და მეგობრებს: მარიამს, მართას და მათს ძმა ლაზარს.
ერთ-ერთი მორიგი სტუმრობისას მარიამი იჯდა და იესოს უსმენდა, მართა კი სადილს ამზადებდა. მალე მართა მივიდა იესოსთან და უკმაყოფილოდ თქვა:
_ უფალო! არ ფიქრობ, რომ ცუდია, როცა ჩემმა დამ მე მომანდო მთელი საოჯახო საქმეები? უთხარი, რომ დამეხმაროს!
მაგრამ იესომ რბილად უსაყვედურა მას:
_ მართა! მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და საქმიანობ, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო! მარიამმა კი უკეთესი აირჩია და ეს მას არ წაერთმევა.
რას გულისხმობდა დიდი მასწავლებელი? მას უნდოდა ეთქვა მართასა და ყველა იქ მყოფისთვის, რომ არ ღირს ამდენი დროის ხარჯვა მეორეხარისხოვან საქმეებზე. მართას, მარიამის მსგავსად, უნდა გაეგო, რომ სულიერი საკვები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური. საუკეთესოს _ იესო ქრისტეს მიმართ რწმენას _ ვერავინ წაგართმევს, მაშინ, როცა მიწიერი ცხოვრება, ადრე თუ გვიან, დასრულდება.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიწიერ სიცოცხლეზე საერთოდ არ უნდა ვიზრუნოთ. ყველა ადამიანს აქვს თავისი პასუხისმგებლობა და ცხოვრებისეული მიზანი! მაგრამ ეს საზრუნავი არ უნდა აღემატებოდეს სულიერ საზრუნავს, როგორც ეს მართას შემთხვევაში მოხდა. მისთვის სადილისთვის სამზადისი, იმ მომენტში, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მხსნელის სიტყვები.
კითხვები:
1) სად ჩერდებოდა ხოლმე იესო, როცა იერუსალიმში იყო?
2) რა დაივიწყა მართამ, როცა გულმოდგინედ ამზადებდა საკვებს?
3) რატომ არ გაუშვა იესომ მარიამი მართას დასახმარებლად?