იგავი კეთილ სამარიტელზე

იგავი კეთილ სამარიტელზე

ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 10:25-37

ერთხელ იესოსთან მივიდა კაცი, რომელმაც კარგად იცოდა წმინდა წერილი. ასეთ ადამიანებს მაშინ მერჯულეებს, ანუ ღვთის რჯულის მცოდნეებს ეძახდნენ. მან კითხვა დაუსვა იესოს, ოღონდ არა იმიტომ, რომ თავის სულზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ გამოეცადა იგი.

`თუ იესო უპასუხებს ამ კითხვას, _ ფიქრობდა მერჯულე, _ მაშინ ნამდვილად შევძლებ, შეცდომაზე მივუთითო მას~.

_ მოძღვარო, _ თქვა მან ყალბი მოკრძალებით, _ რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე მივიღო ღმერთისგან?

იესომ საპასუხოდ იკითხა:

_ რა წერია წმინდა წერილში?

ახლა კი ცბიერ მერჯულეს თავად მოუწია პასუხის გაცემა:

_ იქ წერია, რომ მთელი გულით უნდა შეიყვარო ღმერთი, და ასევე მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი.

_ სწორია, _ თქვა იესომ. _ ასე მოიქეცი და გექნება საუკუნო სიცოცხლე.

რჯულის მცოდნემ დამცირებულად იგრძნო თავი და სასწრაფოდ თქვა:

_ კი, ეს ცნობილია ჩემთვის, მაგრამ ვინ უნდა მივიჩნიო ამ ყველაზე ახლობელ ადამიანად?

_ მე ერთ ამბავს მოგიყვები. _ თქვა იესომ:

ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიქონისკენ. გზად მას უნდა გაევლო უკაცრიელ ადგილას, სადაც მგზავრებს ხშირად უსაფრდებოდნენ მძარცველები. მგზავრის დანახვისას ყაჩაღები გამოცვივდნენ კლდის სამალავიდან და თავს დაესხნენ მსხვერპლს. ყაჩაღებმა სცემეს მას, წაართვეს ყველაფერი, რაც ებადა და მიიმალნენ. დაჭრილი მგზავრი კი გზაზევე დატოვეს.

ცოტა ხნის შემდეგ, ამ გზაზე ჩაიარა მღვდელმა. დაჭრილი მგზავრის დანახვისას იგი სასწრაფოდ გატრიალდა და გზა განაგრძო. მღვდელმა არ მოინდომა მისთვის დახმარების გაწევა. მოგვიანებით, გზაზე ჩაიარა ლევიტელმა (ტაძრის მსახურმა). ისიც ისევე მოიქცა, როგორც პირველი გამვლელი, არ გაჩერებულა და სწრაფად აუარა გვერდი დაჭრილს.

ბოლოს ჩაიარა სახედარზე შემომჯდარმა მესამე მგზავრმა. ის არც მღვდელი არ გახლდათ, არც ლევიტელი და ებრაელიც კი არ იყო. ის სამარიტელი, ანუ სამარიის მცხოვრები გახლდათ. ებრაელთა უმრავლესობა ზიზღით ეპყრობა სამარიტელებს, რადგან მიიჩნევენ, რომ ისინი არასწორად სცემენ თაყვანს ღმერთს. სწორედ ამიტომ დაზარალებული სულაც არ ელოდა სამარიტელისგან დახმარებას. თუმცა როდესაც სამარიტელმა შეამჩნია დაჭრილი კაცი, შეეცოდა იგი. მან შეუხვია ჭრილობები, ფრთხილად შესვა თავის სახედარზე და მთელი გზა სათუთად ეხმარებოდა, რომ არ ჩამოვარდნილიყო სახედრიდან. ბოლოს სასტუმროს მიადგნენ. სამარიტელმა ოთახის ქირა გადაუხადა დაზარალებულს და ღამის გასათევად დატოვა იქ.

გათენებისას, დამშვიდობებამდე, მან ფული მისცა სასტუმროს მეპატრონეს და უთხრა: `კარგად მოუარე ავადმყოფს. თუკი ეს ფული არ იქნება საკმარისი, უკანა გზაზე ყველაფერს აგინაზღაურებ~.

_ მაშ, ვინ აღმოჩნდა გაძარცული კაცისთვის მოყვასი? _ იკითხა იესომ, როცა იგავის მოყოლა დაასრულა.

ამ კითხვაზე არ იყო რთული პასუხის გაცემა.

_ რა თქმა უნდა, ის, ვინც დაეხმარა მას, _ თქვა მერჯულემ.

_ სწორია, _ დაეთანხმა იესო, _ შენც ასე მოიქეცი!

კითხვები განსახილველად

3 კითხვა
  1. ვინ დაუსვა კითხვა იესოს? რა ჰკითხა მან?

  2. რა იგავს მოუყვა მას იესო?

  3. ვინ არის ჩვენი მოყვასი?

71. იგავი კეთილ სამარიტელზე00:00 / 04:23