
იესოს სიარული წყალზე
ბიბლია, მარკოზის სახარება, თავი 6:45-56
დაღამდა. მოწაფეები ნავით მიცურავდნენ გალილეის ზღვაში. იესო არ იყო მათთან, ის მთაზე ლოცულობდა განმარტოებით. მოწაფეები უკვე საათზე მეტხანს უსვამდნენ ნიჩბებს. ისინი ცდილობდნენ სწრაფად ემოძრავათ, რადგან ამინდი ფუჭდებოდა. ტალღები აქეთ-იქით აქანავებდა ნავს, საფრთხე მატულობდა, მათ კი კაპერნაუმამდე უნდა მიეღწიათ. იქ წასვლა იესომ უბრძანა, თვითონ კი მოგვიანებით აპირებდა მათთან მისვლას.
მოწაფეები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ნაპირს მისდგომოდნენ, მაგრამ ტალღები და ქარი არ აძლევდა მათ ამის საშუალებას. ქარი ძალიან ძლიერად უბერავდა, ისინი კი დაღლილობისგან დასუსტდნენ და ვეღარ ებრძოდნენ მას.
უცებ მოწაფეებმა დაინახეს ნათელი წერტილი. ის წყლის ზედაპირზე ირწეოდა და უახლოვდებოდა მათ. რაც უფრო ახლოს მოდიოდა, მით უფრო ნათლად ჩანდა, რომ ეს ადამიანი იყო. ერთ-ერთმა მოწაფემ შიშისგან დაიყვირა. ადამიანის ფიგურა წყალზე მოძრაობდა! ეს ხომ შეუძლებელია! ალბათ, მოჩვენება ან რაიმე სხვა საშინელება უნდა ყოფილიყო!
მათ უკვე შეეძლოთ იმის მკაფიოდ დანახვა, რომ ადამიანმა ხელები მიიტანა პირთან, რათა უკეთ გაეგოთ მისი ხმა, რადგან ქარი ახშობდა მის სიტყვებს, და მან დაიძახა:
_ ნუ გეშინიათ, ეს მე ვარ!
ეს იესო იყო, მათი მოძღვარი! მათ მაშინვე იცნეს იგი ხმით. გულზე მოეშვათ მოწაფეებს. შვებით ამოისუნთქეს და დაელოდნენ, როდის მიუახლოვდებოდა იგი ნავს. მხოლოდ ერთ მათგანს არ უნდოდა მოცდა. პეტრე მოუთმენელი კაცი გახლდათ. გარდა ამისა, მას ისე უყვარდა იესო, რომ მზად იყო, სიხარულით გაქცეულიყო მისკენ, რომ სხვებზე ადრე შეხვედროდა მას. თუმცა ეს შეუძლებელი გახლდათ. ვის შეეძლო წყალზე ისე გავლა, რომ არ ჩაძირულიყო?
`მაგრამ რატომაც არა? _ გაიფიქრა პეტრემ. _ თუკი იესო დადის წყალზე, ესე იგი, მეც შევძლებ ამას. რა თქმა უნდა, არა თავად, არამედ მისი დახმარებით~.
როგორც კი ამ აზრმა გაუელვა თავში, მაშინვე დაიძახა:
_ უფალო, თუ ეს შენ ხარ, მიბრძანე, რომ შენთან მოვიდე წყალზე სვლით!
იესომ თქვა:
_ მოდი!
პეტრემ გადააბიჯა ნავის კიდეს და ცალი ფეხი შეახო წყლის ზედაპირს. წყალმა დაიკავა იგი, თითქოს მყარი მიწა ყოფილიყო. მან მეორე ფეხიც დადგა წყალზე და სვლა დაიწყო.
იგი წყალზე მიდიოდა! მანძილი მასა და იესოს შორის მცირდებოდა.
უცებ პეტრემ დიდი ტალღა დაინახა, რომელიც მისკენ მიექანებოდა. ის აიწია და აქაფებული დაეცა მის ფეხებთან. პეტრე ვეღარ უყურებდა იესოს _ მისი ყურადღება ტალღისკენ იყო მიმართული. და უცებ იგი შიშმა მოიცვა. შეძლებს კი იგი ტალღებზე გავლას ისევე, როგორც გლუვ ზედაპირზე?! სწორედ ამ დროს დაიწყო მან ჩაძირვა და დაიყვირა:
_ უფალო, მიშველე!
იესო უკვე ახლოს იყო. მან ხელი გაუწოდა და მაგრად ჩასჭიდა წყალში მოფართხალე პეტრეს.
_ მცირედმორწმუნევ! რაღატომ დაეჭვდი? _ იკითხა მან.
პეტრე გადარჩა, მაგრამ არა თავისი რწმენის ძალით, არამედ იესო ქრისტეს, ღვთის ძის, დახმარებით.
ამავე დროს, დანარჩენი მოწაფეები უკვე მიადგნენ მათ ნავით. იესო და პეტრე ნავზე გადავიდნენ. და ჰოი, საოცრებავ, ქარი მაშინვე ჩადგა! ნავი მსუბუქად მიირწეოდა მცირე ტალღებზე.
მომხდარმა ამბებმა ისე განაცვიფრეს მოწაფეები, რომ ისინი მივიდნენ და თაყვანი სცეს იესოს ზუსტად ისე, როგორც მეფეებს სცემენ თაყვანს, და თქვეს:
_ იესო, შენ ჭეშმარიტად ხარ ღვთის ძე!
იმ ღამეს მათ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაიაზრეს, რომ იესოს დახმარების გარეშე ისინი დაიღუპებოდნენ.
კითხვები:
1) სად მიდიოდნენ მოწაფეები იმ ღამეს? რატომ არ იყო მათთან ერთად იესო?
2) რა მოხდა ზღვაზე? რამ შეაშინა მოწაფეები ასე ძალიან ცურვის დროს?
3) როგორ შეეძლო უფალს წყალზე სიარული?
4) რატომ დაიწყო უცებ ჩაძირვა პეტრემ?