
ხუთი ათასი კაცის დაპურება
ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 9:10-17
მთელი დღე საუბრობდა იესო ხალხთან. მის მსმენელთა შორის მხოლოდ მამაკაცი იყო ხუთი ათასი და არანაკლებნი იყვნენ ქალებიც. იესო არა მარტო ქადაგებდა, არამედ იმ ავადმყოფებსაც კურნავდა, რომლებიც მასთან მიდიოდნენ. როდესაც დღე მიილია, მოწაფეებმა უთხრეს იესოს:
_ მოძღვარო, ხალხს გამოკვება სჭირდება.
საპასუხოდ იესომ ღიმილით უთხრა:
_ თქვენ აჭამეთ მათ!
_ კი მაგრამ, სად ვიყიდოთ ამდენი ადამიანის სამყოფი საჭმელი? ჩვენ მხოლოდ ხუთი პური და ორი თევზი გვაქვს, _ თქვა ფილიპემ. _ ადგილი აქ საკმაოდ უკაცრიელია, თან ჩვენც არ გვაქვს ამდენი ფული.
იესომ უპასუხა:
_ მომიტანეთ პური და თევზები.
იესომ აიღო პურები და მადლობა გადაუხადა მათთვის ღმერთს. შემდეგ დაამტვრია ისინი და დაიწყო იმ კალათებში ჩალაგება, რომლებიც მოწაფეებს ჰქონდათ გამზადებული. ასევე მოიქცა იგი თევზების შემთხვევაშიც.
მოწაფეებმა თვალები მოიფშვნიტეს. რაღაც ისე არ იყო. პურით და თევზით სავსე ერთი კალათა კიდევ გასაგებია, მაგრამ ყველა კალათა?!
და როდესაც დაიწყეს საჭმლის ჩამორიგება იქვე ჩამომსხდარი ხალხისთვის, პური და თევზი კალათებში თითქმის არ იკლებდა. საკვები ყველას ეყო! ყველა ადამიანი გამოიკვება.
როგორი ადამიანია იესო?! საიდან აქვს მას ასეთი საოცარი საქმეების კეთების ძალა?!
_ მოიარეთ ადამიანების ყველა ჯგუფი და აკრიფეთ ნარჩენები, არაფერი არ უნდა დაიკარგოს. _ უთხრა იესომ მოწაფეებს.
როცა ისინი დაბრუნდნენ, თითოეულ მათგანს ეკავა საკვებით სავსე კალათა. ხალხი დაპურდა, საკვები კი იმაზე მეტი დარჩა, ვიდრე თავიდან იყო! ადამიანებს უკვირდათ მათ თვალწინ მომხდარი სასწაული და ამბობდნენ:
_ ჭეშმარიტად, ის წინასწარმეტყველია ჩვენ წინ, რომელიც სამყაროს უნდა მოვლენოდა.
თუმცა, სამწუხაროდ, ამ ხუთი ათას ადამიანს შორის ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც ვერ გაეგოთ, რის მიღწევას ცდილობდა იესო. ისინი ფიქრობდნენ: `თუკი იესო ასე მარტივად ახერხებს საკვების მოპოვებას, მაშინ ჩვენც არ უნდა დაგვჭირდეს პურისთვის შრომა. ჩვენს მეფედ დავსვათ იგი და მან იზრუნოს ხალხის ყველა საჭიროებაზე~.
იესომ იცოდა ხალხის ამ სურვილის შესახებ, მაგრამ ის ხომ იმისთვის არ მოვიდა, რომ მიწიერ მეფედ გადაქცეულიყო. ამიტომ ის სწრაფად გაეცალა ამ ადგილს, ავიდა ახლომდებარე მთაზე, და ხალხისგან მოშორებით განმარტოებით დაიწყო ლოცვა ღვთის წინაშე.
ხალხი სახლებში წავიდა. ზოგიერთ მათგანს კი იმედი გაუცრუვდა იესოს გამო.
კითხვები:
1) რისთვის მივიდა ხალხი იესოსთან?
2) როგორ დაამტკიცა უფალმა, რომ ის ყოვლისშემძლეა?
3) რა გეგმები ჰქონდა ხალხს იესოსთან დაკავშირებით ამ სასწაულის შემდეგ?