ქარიშხალი ზღვაზე

ქარიშხალი ზღვაზე

ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 8:22-25

ერთ საღამოს, როცა იესომ დაასრულა შეკრებილი ხალხის წინაშე ქადაგება, თავის მოწაფეებს დაავალა – მოემზადებინათ ნავი, რომ გენესარეთის ტბის მეორე ნაპირზე გადასულიყვნენ. მოწაფეებმა მოამზადეს ნავი, ჩასხდნენ შიგ და შეცურეს ტბაში.

დღის განმავლობაში იესო ძალიან დაიღალა, ამიტომ ნავზე რომ ავიდა, წამოწვა მის ქიმზე და დაიძინა. უცებ ამოვარდა ძლიერი ქარი, როგორც ეს ხშირად ხდება გალილეის ზღვაზე. ტალღები ისე ეხეთქებოდა ნავს, რომ შეიძლებოდა ის გადაყირავებულიყო და ჩაძირულიყო. მთელი საფრთხის გააზრებისას შეშინებულმა მოწაფეებმა გააღვიძეს იესო:

_ მოძღვარო, ნუთუ შენთვის სულ ერთია, რომ ვიღუპებით?!

იესო ადგა, გადახედა აბობოქრებულ ტალღებს და უბრძანა სტიქიას:

_ გაჩუმდი! გაჩერდი!

ქარიშხალი მაშინვე ჩადგა. ზღვის ზედაპირი სარკესავით სწორი გახდა.

სასწაული! ჯერ არასდროს ყოფილა, რომ ქარი ასე მოულოდნელად ჩამდგარიყო. ტალღებიც ნელ-ნელა მშვიდდებოდა ხოლმე ყოველთვის. ახლა კი მხოლოდ ერთი წამი და სრული სიჩუმე ჩამოვარდა! ასეთი რამ მოწაფეებს ჯერ არ უნახავთ. უფალმა კი იკითხა:

_ რატომ ხართ ასეთი მშიშარები? სად არის თქვენი რწმენა, მცირედმორწმუნენო?

შეშინებული და გონებაარეული მოწაფეები კი ერთმანეთს ეკითხებოდნენ:

_ ვინ არის ეს, რომელსაც ქარიც და ზღვაც ემორჩილება?

ისინი ვერ იაზრებდნენ იმას, რისიც სწამდათ, კერძოდ კი ის, რომ მათი მოძღვარი ღვთის ძეა!

68. ქარიშხალი ზღვაზე00:00 / 02:55