
იაიროსის ქალიშვილის გაცოცხლება
ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 8:41-42, 49-51
ჯერ არასდროს ურბენია ასე სწრაფად იაიროსს. ის სინაგოგის (ებრაელთა სამლოცველო სახლი) ერთ-ერთი მეთაური გახლდათ, ამ გამორჩეული თანამდებობის მქონე ადამიანებისთვის კი არ იყო მიღებული სირბილი. მაგრამ ახლა მისი ქალიშვილი სიკვდილს ებრძოდა. იგი სულ თორმეტი წლის გახლდათ. ძალიან უყვარდა იაიროსს თავისი ქალიშვილი, ახლა კი იგი იძულებული იყო ეყურებინა, თუ როგორ უარესდებოდა ყოველდღე მისი ჯანმრთელობა. ზუსტად ამ დროს ქალაქში მივიდა იესო თავის მოწაფეებთან ერთად და იაიროსმა გადაწყვიტა _ მისთვის მიემართა დახმარების თხოვნით. იესოსთან მისვლისთანავე იგი მუხლებზე დაეცა და სასოწარკვეთით ემუდარებოდა:
_ მოძღვარო, ჩემი შვილი კვდება. გთხოვ, მიდი და გადაარჩინე იგი! გთხოვ, იჩქარე, თორემ დაგვიანდება!
_ წავიდეთ, _ უპასუხა იესომ. _ შენ წინ იარე, მე კი უკან გამოგყვები.
უამრავ ხალხში გავლა კი არც ისე ადვილი საქმე არ იყო, ამიტომ საკმაოდ ნელა უწევდათ სიარული. უცებ იაიროსმა დაინახა ერთ-ერთი თავისი მსახურთაგანი, რომელიც მისკენ მიიჩქაროდა. მსახურმა თქვა:
_ ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს. შენი ქალიშვილი ახლახან მოკვდა.
იაიროსს ლამის გული გაუჩერდა. ყველაფერი დასრულდა! საყვარელი შვილი მკვდარია! ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. იაიროსი გაშეშდა, მისი სახე კი მიცვალებულივით გაფითრდა.
იესომ გაიგონა მსახურის ნათქვამი. მან მხრებზე მოხვია ხელი იაიროსს და უთხრა:
_ ნუ გეშინია, შენი შვილი გამოჯანმრთელდება.
სინაგოგის მმართველმა არ იცოდა, რისთვის დაეჯერებინა. მწუხარებით გაბრუებული ძლივს წალასლასდა სახლისკენ. იესო უკან მისდევდა მას. სახლთან მიახლოებისას უკვე ისმოდა ხმამაღალი ტირილი და მოთქმა. იესომ თქვა:
_ ნუ ტირით! გოგონა არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს!
ამ სიტყვების გაგონებისას ხალხმა მისი დაცინვა დაიწყო. მათ ზუსტად იცოდნენ, რომ ბავშვი მოკვდა. როგორ შეეძლო მას ასეთი სისულელის თქმა?! იესომ გარეთ გაუშვა ყველა და მხოლოდ მშობლებთან, თავის მოწაფეებთან – პეტრესთან, იოანესთან და იაკობთან – ერთად შევიდა ოთახში, სადაც გოგონა იწვა საწოლზე. უფალმა ხელი მოჰკიდა ხელზე მას და უთხრა:
_ ქალწულო, ადექი!
უცებ გოგონამ ჩაისუნთქა და გაახილა თვალები. მის სახეს წინანდებური ფერი დაუბრუნდა და იგი ადგა.
მშობლები თვალებს არ უჯერებდნენ. მათი შვილი ცოცხალია! რა ბედნიერებაა!
_ მიეცით გოგონას საჭმელი, მას ახლა ძალის აღდგენა ესაჭიროება. _ უთხრა მშობლებს იესომ.
შემდეგ იესო ადგა, გაუღიმა გოგონას დასამშვიდობებლად და კარისკენ გაემართა. გარკვეული დრო გავიდა, სანამ გაოგნებული მოწაფეები გონს მოეგებოდნენ, შემდეგ ისინიც გავიდნენ და დატოვეს ბედნიერებით აღსავსე ოჯახი.
კითხვები განსახილველად
3 კითხვარა ერქვა სინაგოგის ხელმძღვანელს?
რა უბედურება დაატყდა მას თავს?
იესოს რომელი მოწაფეები გახდნენ იაიროსის სახლში მოხდარი სასწაულის მოწმეები?