
ქალის განკურნება
ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 8:42-48
მაშინ, როდესაც იესო ნავით მიადგა კაპერნაუმს, ხალხის დიდი ბრბო დახვდა იქ. ყველა დაიძრა მისკენ ქალაქის ვიწრო ქუჩებით. იესოსთვის ძნელი იყო სიარული, რადგან ბევრ ხალხში უხდებოდა გავლა.
უცებ იესო შეჩერდა, უკან შეტრიალდა და იკითხა:
_ ვინ შემეხო?
მან იგრძნო, რომ მისგან ძალა გავიდა, მოწაფეებმა კი გაკვირვებით თქვეს:
_ მოძღვარო, ხომ ხედავ, რომ ხალხი გარს გეხვევა, შენ კი კითხულობ, თუ ვინ შეგეხო?
იესომ არაფერი უპასუხა მათ, მაგრამ გარშემო მიმოიხედა, რათა მოეძებნა ის, ვინც შეეხო.
შეკრებილ ადამიანებს შორის, რომლებიც უკან მისდევდნენ მას, იყო ერთი ავადმყოფი ქალი. თორმეტი წელი მკურნალობდა იგი სხვადასხვა ექიმთან, გაფლანგა მთელი თავისი ქონება მკურნალობისთვის, მაგრამ არაფერმა უშველა. შემდეგ მან გაიგო იმ სასწაულების შესახებ, რომლებსაც იესო ახდენდა და მივიდა მასთან, რათა განკურნება მიეღო უფლისგან. ქალი უკნიდან ფრთხილად მიუახლოვდა იესოს, რომ უფალს არ დაენახა იგი, რადგან ფიქრობდა: `მისი სამოსის კიდესაც რომ შევეხო, განვიკურნები!~ ეს ქალი დარწმუნებული იყო იესოს კურნების უნარში! შეეხო თუ არა იგი იესოს სამოსის კიდეს, მართლაც მაშინვე განიკურნა.
იესო, რომელმაც იცოდა, ვინ განიკურნა, ელოდა, მივიდოდა თუ არა მასთან ქალი. და ის მივიდა. შიშით აკანკალებული ქალი ფეხებში ჩაუვარდა უფალს და ყველაფერს მოუყვა. ამის პასუხად მან გაიგონა იესოს მიერ სიყვარულით წარმოთქმული სიტყვები:
`ჩემო შვილო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. წადი მშვიდობით!~
კითხვები:
1) რომელ ქალაქში მივიდა უფალი მოწაფეებთან ერთად?
2) რა გააკეთა ქალმა, რომელიც თორმეტი წელი ავადმყოფობდა?
3) რამ განკურნა ქალი?