დავრდომილის განკურნება

დავრდომილის განკურნება

ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 5:17-25

_ შენ უკვე გაიგე სიახლე? _ ჰკითხა კაცმა მეგობარს. _ იესოა ჩვენს სოფელში! ადამიანი, რომელიც ავადმყოფებს კურნავს.

_ შენ ჩვენს მეგობარზე ფიქრობდი? მაგრამ მას ხომ არ შეუძლია სიარული? როგორ უნდა მიაღწიოს იესომდე?

_ მოდი, ჩვენ მივიყვანოთ იგი იესოსთან! _ თქვა მამაკაცმა, და მალევე მივიდნენ თავიანთ პარალიზებულ მეგობართან; გზად კიდევ ორ კაცს სთხოვეს დახმარება. ერთად მათ გააკეთეს საკაცის მსგავსი, დააწვინეს მასზე ავადმყოფი მეგობარი და გაემართნენ იმ სახლისკენ, სადაც იესო იყო გაჩერებული. აქ რა ხდება? რამდენი ადამიანია მოსული იესოს მოსასმენად! სახლის კართან უამრავი ხალხი შეკრებილიყო. ხელში აყვანილ დავრდომილ მეგობარს ისინი ვერაფრით ვერ შეიყვანდნენ სახლში. უცებ ერთ-ერთ მეგობარს სახე გაუნათდა.

_ იდეა მაქვს! _ წამოიძახა მან. _ სახურავიდან ჩავუშვათ!

_ სახურავიდან? რას გულისხმობ?

_ ამ სახლის სახურავი ჩვეულებრივი თიხისგან არის გაკეთებული. გავაკეთოთ ხვრელი და ისე ჩავუშვათ თოკებით ეს საკაცე.

თქვეს და გააკეთეს კიდეც. ერთ-ერთი მათგანი გაიქცა თოკებისა და ინსტრუმენტების მოსატანად. დარჩენილებმა მიყუდებული კიბის დახმარებით დავრდომილი ბრტყელ სახურავზე აიყვანეს. სამუშაოს არ დასჭირდა დიდი დრო: სახურავში გააკეთეს იმხელა ხვრელი, რომელიც საკმარისი იქნებოდა თოკებით საკაცის ჩასაშვებად. ხვრელი ზუსტად იმ ადგილის თავზე იყო, სადაც იესო იდგა. ქვევიდან ჩანდა დაძაბული ახალგაზრდების სახეები, რომლებიც ხვრელის გარშემო იდგნენ. იესომ ღიმილით აიხედა მაღლა, შემდეგ შეხედა მის ფეხებთან ჩამოშვებულ დავრდომილს, და სრულიად მოულოდნელი სიტყვები წარმოთქვა:

_ მოგეტევა შენი ცოდვები.

რჯულის მცოდნეები და ფარისევლები, რომლებიც იესოს გვერდით იდგნენ, გაბრაზდნენ. ცოდვების მიტევება ხომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია?! როგორი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე ამ კაცს?! იესომ, რომელმაც იცოდა, რაზე ფიქრობდნენ ისინი იმ წუთში, თქვა:

_ როგორ ფიქრობთ, რისი თქმაა უფრო ადვილი: „მოგეტევა შენი ცოდვები“ თუ „ადექი და იარე“?

რჯულის მცოდნეებმა იცოდნენ, რომ ცოდვების მიტევება მხოლოდ ღმერთს შეუძლია, მაგრამ იესომ, რომელმაც დავრდომილის ცოდვების მიტევებაზე განაცხადა, ყველასთვის გახადა ნათელი, რომ მათ წინაშე არ იყო უბრალოდ ზნეობის მასწავლებელი.

`და მაინც, ვინ შეამოწმებს, მიეტევა თუ არა ავადმყოფს ცოდვები? _ გაიფიქრეს შეკრებილებმა. _ ეს დავრდომილი რომ განგეკურნა, მაშინ მტკიცე საფუძველი გვექნებოდა საიმისოდ, რომ მართლაც არაჩვეულებრივ უნარს ფლობ~.

იესომ იცოდა მათი აზრები, ამიტომ თქვა:

_ როდესაც ცოდვების მიტევების შესახებ ისმენთ, უნდა იცოდეთ, რომ ღმერთმა მომცა ძალაუფლება ცოდვების მისატევებლად.

შემდეგ მიუბრუნდა ავადმყოფს და უთხრა:

_ ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი სახლში!

მამაკაცი მაშინვე ადგა, ავადმყოფობამ დატოვა იგი. შემდეგ აკეცა საკაცე, აახვია თოკები და გასასვლელისკენ გაემართა. გაოცებით უყურებდნენ მას შეკრებილი მეზობლები. მამაკაცი მადლობას უხდიდა იესოს და ადიდებდა ღმერთს. გახარებული მეგობრების სახეები, რომლებიც სახურავში გაკეთებული ხვრელიდან იყურებოდნენ, ნელ-ნელა გაქრნენ.

„‘რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს მიწაზე აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება, – ეუბნება დავრდომილს, – შენ გეუბნები, ადექ, აიღე შენი საწოლი და შინ წადი.’ და მყისვე წამოდგა მათ წინაშე, აიღო, რაზეც იწვა, და წავიდა თავის სახლში და ადიდებდა ღმერთს.“

ლუკას სახარება 5:24-25.

კითხვები:

1. დავრდომილი კაცის მეგობრების რომელი ქმედებები ადასტურებს, რომ მათ სწამდათ იესოსი?

2. ავადმყოფისადმი მიმართულმა რომელმა სიტყვებმა გააოცა იქ შეკრებილნი?

3. გადაუხადა თუ არა განკურნებულმა კაცმა მადლობა იესოს, სანამ სახლში წავიდოდა?

64. დავრდომილის განკურნება00:00 / 04:53