
წარმოუდგენელი ნანადირევი
ბიბლია, ლუკას სახარება, თავი 5:1-11
ერთხელ იესო გენესარეთის ტბასთან ქადაგებდა და მისმა გამოჩენამ ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღება მიიქცია. ხალხმრავლობის გამო მას მოუწია, ნავით ცოტა მოშორებით გასულიყო წყალში და იქიდან გააგრძელა ქადაგება. ასე უფრო ადვილად შეეძლოთ მათ იესოს დანახვა და იმის გაგება, თუ რაზე საუბრობდა მოძღვარი. ქადაგების დასრულების შემდეგ, იესომ მიმართა პეტრეს:
_ შეცურე ტბის შუაგულში, ბადე მოისროლე და ბევრ თევზს დაიჭერ.
_ ახლა? ტბის შუაგულში?
პეტრემ იცოდა, რომ დღისით არავინ თევზაობს. და კიდევ, საქმე ისაა, რომ ტბის შუაგულში არავინ აგდებს ბადეს, რადგან თევზი იშვიათად ეტანება ღრმა წყალს, თანაც აქ ბადე ვერ სწვდება ფსკერს. თევზის დასაჭერად უფრო მოსახერხებელია სანაპიროსთან ახლოს თევზაობა ბრტყელძირიანი ნავით.
_ მოძღვარო, ჩვენ მთელი ღამე ვშრომობდით, მაგრამ ვერაფერი დავიჭირეთ, _ თქვა პეტრემ, _ მით უმეტეს, შუაგულში ხომ ისედაც ვერაფერს დავიჭერთ; მაგრამ თუ შენ გსურს ასე, გავიდეთ და იქ მოვისვრი ბადეს.
ანდრია და პეტრე ჩასხდნენ ნავში და გაცურეს. იოანე და იაკობი მეორე ნავით გაჰყვნენ მას. მათ უნდოდათ ენახათ, რით დამთავრდებოდა ეს უცნაური თევზაობა. ტბის შუაგულამდე მისულმა ანდრიამ და პეტრემ ისროლეს ბადე და მოუთმენლად დაიწყეს წყლის სიღრმის თვალიერება. მოულოდნელად წყალი ლამის ადუღდა თევზის ვერცხლისფერი ქერცლით. მეთევზეებმა მარჯვედ მოჰკიდეს ხელები ბადეს და მოქაჩეს. ჩანდა, რომ ნანადირევი ძალიან დიდი იყო, რადგან ბადე საკმაოდ მძიმე იყო. ორ მამაკაცს ძალიან გაუჭირდა მისი ამოთრევა და დახმარებისთვის იოანეს და იაკობს დაუძახეს.
„მიუგო სიმონმა და უთხრა: ‘მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ; მაგრამ შენი სიტყვით ვისვრი ბადეს.’ ასეც მოიქცნენ. იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ.“
ლუკას სახარება 5:5-6.
ოთხმა კაცმა ძლივს ამოათრია ბადე და უამრავი თევზის გადანაწილება დაიწყო ორ ნავში. ბადეები ამ დროს ისე დაიჭიმა, რომ რამდენიმე კვანძი გაიხა კიდეც.
თითქმის შეუძლებელი იყო ამის დაჯერება! მათ ჯერ არასდროს დაუჭერიათ ამდენი თევზი! შიშმა მოიცვა ყველა მათგანი ასეთი დიდძალი ნანადირევის დანახვისას, სიმონ-პეტრე კი მუხლებზე დაეცა და აკანკალებული ხმით მიმართა იესოს:
_ უფალო, გამშორდი, რადგან ცოდვილი ვარ და არ ვიმსახურებ შენ გვერდით დგომას!
იესომ კი ხელი დაადო მას მხარზე და უთხრა:
_ ნუ გეშინია, პეტრე. ამიერიდან თევზის კი არა, ადამიანების მებადური გახდები!
იესოს მოწაფეებმა ნაპირზე აათრიეს ორივე ნავი და სხვებს სთხოვეს, ეზრუნათ დიდძალ ნანადირევზე, თვითონ კი მოძღვარს გაჰყვნენ.
კითხვები განსახილველად
3 კითხვარა სასწაული მოხდა გენესარეთის ტბაზე?
რატომ სთხოვა პეტრემ იესოს, გაშორებოდა მას?
რას დაჰპირდა იესო პეტრეს?