შეხვედრა ჭასთან

შეხვედრა ჭასთან

ბიბლია, იოანეს სახარება, თავი 4:4-29

წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: მზით გავარვარებულ გზაზე მგზავრების ჯგუფი მიდის. აი, ისინი მიუახლოვდნენ პატარა ქალაქ სიქარს და ჭასთან გაჩერდნენ, რომელიც მრავალი საუკუნის წინ იაკობმა ამოთხარა. მგზავრებში ჩვენ ვცნობთ იესოს და მის მოწაფეებს. სადილობის დრო ახლოვდებოდა, ამიტომ მოძღვარმა მოწაფეები ქალაქში გაგზავნა საჭმლის საყიდლად, თვითონ კი ჭასთან დარჩა.

შუადღე იდგა. მზე ცის შუაგულში იყო. ასეთ დროს, როგორც წესი, ხალხი არ იყო ხოლმე ჭასთან, მაგრამ აი, ქალაქიდან მომავალი ქალი გამოჩნდა. როდესაც მან თავისი დოქის გავსება დაიწყო, მოულოდნელად იესომ უთხრა მას:

_ დამალევინე წყალი.

ქალს ძალიან გაუკვირდა, რომ მას იუდეველი გამოელაპარაკა, რადგან ისინი სამარიტელებთან არ ურთიერთობდნენ. მაგრამ იესო ხედავდა მის გულს და მოუნდა, დახმარებოდა მას. იგი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე დაელაპარაკა ქალს: რწმენაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა ეცათ თაყვანი ღმერთისთვის სწორად. იესომ თქვა:

_ ღმერთი სულია, ამიტომ მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცე თაყვანი.

უფალს იმის თქმა უნდოდა, რომ თაყვანისცემის ადგილი არც ისე მნიშვნელოვანია. ლოცვა ყველგან არის შესაძლებელი, რადგან ღმერთი ყველგან იმყოფება. ქალი ყურადღებით უსმენდა მას, წმინდა სული კი ეხმარებოდა იესოს სიტყვების სწორად გაგებაში. ის უკვე დიდი ხანი იყო ჭეშმარიტების ძიებაში, ამიტომ უთხრა:

_ ვიცი, რომ მოვა მხსნელი, ანუ ქრისტე. თავისი მოსვლისას ის გაგვიცხადებს ყველაფერს, რაც უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთისთვის სასურველ ადამიანებად ვიქცეთ.

ამაზე იესომ უპასუხა:

_ ეს მე ვარ, ვინც შენ გელაპარაკება!

ახლა ქალმა უკვე იცოდა ჭეშმარიტება. მას მხოლოდ ის უნდა ერწმუნა, რომ მის წინაშე მხსნელი იდგა.

სამარიტელი ქალი ქალაქისკენ გაიქცა, რათა ყველასთვის ეთქვა ამის შესახებ. მან ხომ მხსნელი იხილა, რომელმაც `ცოცხალი წყალი~ მისცა მას.

ქალი სიქარის მოქალაქეებს ეძახდა, რომ ისინიც წასულიყვნენ ჭასთან და ენახათ ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ის არის ქრისტე.

ყველა მოქალაქე აღელდა და გაიქცა ჭისკენ, რადგან უნდოდათ ენახათ მესია.

ბევრმა სამარიტელმა ირწმუნა უფალი იესო ქალის სიტყვებისამებრ, რომელიც ამოწმებდა, რომ ყველაფერი იცოდა მისი ცხოვრების შესახებ.

იესოსთან მისული ხალხი სთხოვდა, რომ დარჩენილიყო მათთან. იესომ ორი დღე გაატარა ქალაქში და ესაუბრებოდა ხალხს. და უფრო მეტმა ადამიანმა ირწმუნა მისი, ქალს კი სიხარულით ეუბნებოდნენ:

_ ახლა უკვე შენი სიტყვების გამო კი არ გვწამს, არამედ იმიტომ, რომ თავად ვნახეთ და ვისმინეთ მისი საუბარი და გვჯერა, რომ ის არის სამყაროს ჭეშმარიტი მხსნელი.

კითხვები განსახილველად

3 კითხვა
  1. ისრაელის რომელ ოლქში იყო ჭა, რომელთანაც იესო შეჩერდა დასასვენებლად?

  2. რაზე ესაუბრებოდა იესო სამარიტელ ქალს?

  3. რატომ გაიქცა გახარებული ქალი ქალაქში? რა უთხრა მან მოქალაქეებს?

61. შეხვედრა ჭასთან00:00 / 04:02