
ღამეული სტუმარი
ბიბლია, იოანეს სახარება, თავი 3:1-21
ამ დღესასწაულებზე იესომ მრავალი სასწაული მოახდინა და უამრავმა ხალხმა იწამა მისი. ისინი მას მესიად და მხსნელად იღებდნენ, თუმცა მათი უმრავლესობა ღარიბი იყო. სამაგიეროდ, მდიდრების უმეტესობა ეჭვით უყურებდა მას და სკეპტიკურად ეპყრობოდა.
თუმცა იყო იერუსალიმში კაცი, რომელსაც ნამდვილად ესაჭიროებოდა უფალი და მასთან პირისპირ საუბარი სურდა. დღისით ის ვერ ბედავდა ამის გაკეთებას, რადგან წარჩინებული კაცი გახლდათ, ყველას მიერ პატივცემული სინედრიონის (უმაღლესი რელიგიური საბჭო) წევრი; სწავლული, რომელიც ფარისეველთა რელიგიურ პარტიას წარმოადგენდა. მას ნიკოდემოსი ერქვა.
ზედმეტი გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად, ნიკოდემოსი იესოსთან ღამით მივიდა. სახლში შესვლისას მან თქვა:
_ რაბი! ჩვენ ვიცით, რომ შენ ღმერთის მიერ მოვლენილი მოძღვარი ხარ, რადგან ისეთ სასწაულებს, როგორსაც შენ ახდენ, ვერავინ გააკეთებს, თუ მასთან ღმერთი არ არის.
ნიკოდემოსს ეგონა, რომ იესო დიდი მოძღვარი იყო, მან არ იცოდა, რომ იგი ღვთის ძე გახლდათ. მოულოდნელად იესომ უთხრა, რომ ღვთის სასუფეველში შესასვლელად ნებისმიერი ადამიანი ზემოდან უნდა იშვას.
ნიკოდემოსისთვის ეს სრულიად მოულოდნელი იყო. ამიტომ მან ჰკითხა იესოს:
_ როგორ შეუძლია ადამიანს თავიდან შობა? განა მას ძალუძს, დაპატარავდეს და ბავშვად იქცეს?
მაშინ იესომ უპასუხა, რომ ადამიანი უნდა იშვას ზეციდან, სულისაგან იშვას. მაგრამ ნიკოდემოსისთვის ძნელი იყო ამის გაგება. ამიტომ უფალმა განუმარტა თავისი ნათქვამი:
_ ყველა ადამიანი ცოდვილია და თვითონ ვერ შეძლებს – გახდეს მართალი. მაგრამ მას შეუძლია შეიცვალოს და გარდაიქმნას სხვა ადამიანად მხოლოდ სულიწმიდის დახმარებით.
ადამიანისთვის საიდუმლოდ რჩება ის, თუ როგორ ხდება ყოველივე ეს. და თავისი სიტყვების ასახნელად თქვა:
_ ქარი ქრის, სადაც უნდა, შენ გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ის და სად მიდის. ასევეა სულისგან შობილი ადამიანის შემთხვევაშიც.
ნიკოდემოსისთვის ჯერ ისევ გაუგებარი იყო ეს და მან წამოიძახა:
_ ეს როგორ ხდება?
იესომ დაუწყო ახსნა, რომ მხოლოდ ღვთის ძის მიმართ რწმენას შეუძლია, აქციოს ადამიანი მართალ კაცად, და რომ ღმერთმა თავისი ძე მოავლინა, რათა ადამიანების ცოდვებისთვის მოკვდეს იგი:
_ რადგან ღმერთმა იმისთვის კი არ მოავლინა თავისი ძე, რომ მან განსაჯოს კაცობრიობა, არამედ იმისთვის, რომ მისით მოხდეს მსოფლიოს ხსნა.
მალე ნიკოდემოსმა ირწმუნა უფალი და მიიღო ზეციდან შობა სულიწმიდისგან. ამიერიდან მას აღარ ერიდებოდა და აღარ უმალავდა ხალხს, რომ ირწმუნა ძე ღვთისა. როცა მტრები თავს ესხმოდნენ იესოს, ის იცავდა მას.
კითხვები:
1) რატომ უნდოდა ნიკოდემოსს იესოსთან ღამით შეხვედრა?
2) რა უნდა მოხდეს ადამიანის თავს, რომ იგი ღვთის სასუფეველში მოხვდეს?
3) რისთვის მოავლინა ღმერთმა დედამიწაზე თავისი ძე?