
გალილეის კანის სასწაული
ბიბლია, იოანეს სახარება, თავი 2:1-11
თავის მოწაფეებთან ერთად გალილეაში იესოს ყოფნის მესამე დღეს, იქვე, ერთ პატარა სოფელ კანაში, იმართებოდა ქორწილი. იქ იყო იესოს დედაც, მარიამი. მხიარული ზეიმი იყო გამართული: სტუმრები ჭამდნენ და სვამდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ, მხიარულ ამბებს ჰყვებოდნენ და იცინოდნენ. მოულოდნელად, შუა მხიარულებისას, შეშფოთებული მარიამი მივიდა იესოსთან და უთხრა:
_ ღვინო დამთავრდა.
ძალიან დასანანია! ხალხი ხელმომჭირნედ მიიჩნევს სიძეს. მარიამს იმედი ჰქონდა, რომ იესო ნახავდა რაიმე გამოსავალს, მაგრამ მან, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა დედის ფიქრები, მაინც იკითხა:
_ რა გინდა ჩემგან, დედაკაცო! ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა.
მარიამი მიხვდა, რაც იგულისხმა იესომ და სწამდა, რომ მას ყველაფრის გაკეთება შეეძლო. ამიტომაც იგი მივიდა მსახურებთან და ჩუმად უთხრა:
_ თუკი ჩემი შვილი რაიმეს დაგავალებთ, ზუსტად აღასრულეთ ყოველივე.
ცოტა ხანში იესო მართლაც მივიდა მსახურებთან. მიმოიხედა წინკარში და ექვსი ქვის ჭურჭელი დაინახა.
_ ჩაასხით ამ ჭურჭლებში წყალი! _ უთხრა მან მსახურებს.
ბევრი იშრომეს მსახურებმა, სანამ ყველა ჭურჭელი არ გაავსეს.
_ ახლა კი ეს სასმელი სუფრის თამადამ გასინჯოს, _ თქვა იესომ.
მსახურები გაოცებით უყურებდნენ მას. რას ამბობს ეს კაცი? სუფრის გამრიგემ მათ მიერ ჭიდან მოტანილი წყალი უნდა გასინჯოს?! ნეტავ ჩვენი დაცინვა ხომ არ უნდა ამ ახალგაზრდა ნაზარეველს? თუმცა უცებ გაახსენდათ მარიამის მიერ ნათქვამი სიტყვა და გადაწყვიტეს, ზუსტად ისე გაეკეთებინათ, როგორც იესომ ბრძანა.
ამოიღო სუფრის თამადამ ჭურჭლიდან სითხე და გასინჯა.
_ უყურე შენ, _ მოწონებით ჩაილაპარაკა მან და სიძესთან მივიდა.
_ შენ მშვენიერი ზეიმი მოაწყვე, მაგრამ ერთი შეცდომა მაინც დაუშვი.
სიძემ იფიქრა, რომ საყვედურს ეტყოდა ღვინის დაკლების გამო და მორიდებით დახარა თვალები, მაგრამ სუფრის თავმა სულ სხვა რამ თქვა:
_ ასეა მიღებული, რომ თავიდან საუკეთესო ღვინო მიაქვთ სუფრაზე. შემდეგ, როცა ხალხი ნაკლებად მომთხოვნი გახდება, უფრო მდარე ღვინო გამოაქვთ ხოლმე. შენ კი ყველაფერი პირიქით გააკეთე. ღვინო, რომელსაც შენი მსახურები ახლა ასხამენ, უმაღლესი ხარისხისაა!
სიძე ვერ ხვდებოდა, რას ნიშნავდა თამადის სიტყვები; მარიამმა კი, იესოს დედამ, ღიმილით გადახედა თავის შვილს. თავის მხრივ, იესოს მოწაფეებმა გაიფიქრეს: `ჭეშმარიტად ღმერთმა მოავლინა იესო ადამიანების დასახმარებლად~.
კითხვები განსახილველად
3 კითხვარომელ სოფელში მივიდა იესო მოწაფეებთან ერთად?
რა ხდებოდა იმ სოფელში? თავისი რომელი ახლობელი ნახა იქ უფალმა?
რა მოხდა ზეიმზე? რა გააკეთა იესომ? როგორ შეხვდნენ ამ ამბავს მისი მოწაფეები?