იესოს პირველი მოწაფეები

იესოს პირველი მოწაფეები

ბიბლია, იოანეს სახარება, თავი 1:35-51

ერთხელ, მას შემდეგ, რაც იოანე ნათლისმცემელმა ხალხის წინაშე დაამოწმა უფლის შესახებ, იესო ისევ მივიდა იორდანესთან. იოანე თავის ორ მოწაფეს, ანდრიას და იოანეს, ელაპარაკებოდა. როდესაც გვერდით ჩავლილი იესო დაინახა, იოანე ნათლისმცემელმა მიუთითა მასზე და თქვა:

_ შეხედეთ, აი, ღვთის კრავი.

ამის თქმით მან მიანიშნა ანდრიას და იოანეს, რომ ისინი მასთან კი არ დარჩენილიყვნენ, არამედ იესოს გაჰყოლოდნენ, რომელიც უკეთესი მასწავლებელი იქნებოდა მათთვის. ანდრია და იოანე გაჰყვნენ უფალს. იესომ მოიხედა და ჰკითხა მათ:

_ რა ეძებთ?

მათ კი უპასუხეს:

_ მოძღვარო, სად ცხოვრობ?

იესომ თქვა:

_ გამომყევით და ნახავთ!

ანდრია და იოანე გაჰყვნენ იესოს, შევიდნენ სახლში, სადაც ის ცხოვრობდა და ის საღამო მასთან ერთად გაატარეს. რა სასიამოვნო იყო იესოსთან საუბარი! არავის და არასდროს ულაპარაკია ვინმეს ისე შთამბეჭდავად, მაგრამ ამავე დროს მარტივად და გულწრფელად, როგორც უფალ იესოს.

ანდრიას ჰყავდა ძმა _ სიმონი. თავიანთ მამასთან ერთად ისინი ცხოვრობდნენ პატარა ქალაქ ბეთსაიდაში, გალილეის ზღვის ნაპირას.

„მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი. დაინახა მომავალი იესო და თქვა: ‘აჰა, ღვთის კრავი.’ ორმა მოწაფემ გაიგონა მისი სიტყვა და გაჰყვა იესოს. იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან, და ეუბნება მათ: ‘რას ეძებთ?’ მათ უთხრეს: ‘რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს: მოძღვარო), სად დგახარ?’ ეუბნება მათ: ‘წამოდით და ნახავთ.’ წავიდნენ და ნახეს, სადაც იდგა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა ასე მეათე საათი. ერთი ამ ორთაგან, რომელთაც იოანესგან მოისმინეს და გაჰყვნენ იესოს, იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი. მან პირველად თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა: ‘ჩვენ ვიპოვეთ მესია’ (რაც თარგმანით ნიშნავს ქრისტეს).“

იოანეს სახარება 1:35-41.

ყველა მათგანი მეთევზე იყო. ანდრია თავისი ძმის მოსაძებნად წავიდა, რათა მისთვისაც ეთქვა იესოს შესახებ.

_ ჩვენ ვიპოვეთ მესია, ქრისტე! _ სიხარულით წამოიძახა მან, როცა სიმონი დაინახა.

შემდეგ ანდრიამ შესთავაზა ძმას, წასულიყვნენ იესოს გასაცნობად, რაზეც იგი უსიტყვოდ დასთანხმდა. როდესაც იესომ სიმონი დაინახა, უთხრა:

_ შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე. შენი სახელი იქნება კეფა, რაც ნიშნავს კლდეს (პეტრე).

სიმონს ძალიან გაუკვირდა, რომ სრულიად უცხო ადამიანმა იცოდა მისი სახელი. იესომ, რომელიც სახელს არქმევდა მას, უკვე უწყოდა, რომ ცოტა ხანში ეს უბრალო მეთევზე გახდებოდა სულიერი გიგანტი, მყარი და მტკიცე, როგორც კლდე.

კითხვები:

1) ვინ იყვნენ იესოს პირველი მოწაფეები?

2) ვის დაარქვა იესომ პეტრე და რას ნიშნავს ეს სიტყვა?

57. იესოს პირველი მოწაფეები00:00 / 03:14